#OK! ნინო მუსერიძის – ბედნიერების ტექნოლოგიები

10 hours ago 4

ნინო მუსერიძე – ემბრიოლოგი, ციტოპათომორფოლოგი, პროფესორი; მისი პროფესიული გზა „ჟორდანიას“ ინსტიტუტში დაიწყო, სადაც საქართველოში ადამიანის რეპროდუქციული ჯანმრთელობის პირველი დეპარტამენტი შეიქმნა. სწორედ იქ, მიკროსკოპთან, ნინო მუსერიძემ იპოვა საკუთარი მოწოდება და ემბრიოლოგია მისი ცხოვრების ცენტრად აქცია.

პროფესიულ გზაზე პირველ გამარჯვებას,  პირველი სიცოცხლის, ზიგოტის შექმნას უკავშირებს – „როცა ჩემი ხელით შექმნილი, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი დავინახე,  ვიტირე“, – ამბობს ნინო და ეს განცდა, სიცოცხლესთან უშუალო შეხება, მისი ცხოვრების დიდ მოტივაციად დარჩა; სირთულეების მიუხედავად, ამ გზას, ოჯახთან და თანაგუნდელებთან ერთად ოპტიმიზმითა და რწმენით გადის, რაც  ძალას აძლევს სასწაულები მოახდინოს.

„…წლების მანძილზე, როგორც ექიმი, ასობით ოჯახს შევხვდი – საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. დავინახე თვალები, რომლებიც იმედით მიყურებდნენ მაშინ, როცა თავადაც არ მქონდა პასუხი, მაგრამ ყოველთვის მქონდა რწმენა…

ხშირად ვუმეორებ ჩემს პაციენტებს –  „თქვენ აუცილებლად გახდებით დედა“. ზოგჯერ ამას პირველივე შეხვედრაზე ვამბობ, ზოგჯერ – მათი სასოწარკვეთილი და იმედგადაწურული თვალები მალაპარაკებს. და ეს არაა მხოლოდ სიტყვები – ეს ჩემი გულწრფელი რწმენაა, რომელიც ჩვენ სასწაულებს გვაკეთებინებს…“

„…ექიმის წინ ადამიანი ზის, თავისი ისტორიით, პრობლემით, თითქოს მსგავსი, მაგრამ ძალიან საკუთარი ისტორიით. მეც ადამიანი ვარ – ექიმი მათ გვერდით, მათთან ერთად მლოცველი, მათთან ერთად აცრემლებული და მეტიც, სწორედ ის გზა გამოვლილი, რომელსაც ახლა ისინი გადიან…“

ეს ნინო მუსერიძის ახალი წიგნის შესავლიდან ამოღებული ციტატებია, წიგნი იმ ადამიანებზე, ექიმებსა და პაციენტებზეა, ვინც ახალი სიცოცხლისთვის დაბადებისთვის იბრძვის, ვინც არ დანებდა, ბოლომდე გაუძლო, ბევრჯერ არ ჰქონდა მკვეთრი კონტური, მაგრამ ორივე მხარე ამ გზას რწმენით გადიოდა. ეს წიგნია – „ხუთი წუთი… ბედნიერების ტექნოლოგია“, სამეცნიერო რომანი, რომლის რეალურ გმირებს შორის ნინო მუსერიძეცაა, ექიმი საკუთარი ისტორიით, როგორ შექმნა საკუთარი თავი, როგორ ქმნიდა ემბრიონს – სიცოცხლის საწყისს და როგორ ეხმარება დღეს სხვებს, შექმნან საკუთარი მომავალი რწმენითა და სიყვარულით.

წიგნზე საუბრით დავიწყეთ…

დღემდე მჯერა, რომ რწმენა, იმედი, ექიმის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია.

მადლობა ჩემს კოლეგებს ერთიანობისთვის  და მადლობა პაციენტებს, ვინც, თავიანთი, ყველაზე ძვირფასი ისტორია გვანდეს. ეს წიგნი – მათი სახელებია, მათი სიჩუმე, მათი ცრემლები, იმედი და ახდენილი, ხანაც აუხდენელი ოცნება…

ეს წიგნი სხვათა მეგზურიც უნდა გახდეს, ვინც ახლა იწყებს გზის ძებნას ახალი სიცოცხლისთვის, მეტიც, ეს წიგნი საკუთარი  და ბევრი პაციენტის გამოცდილებით სწორედ მათთვის დაიწერა…

ეს ჩემი და ჩემი კოლეგების საერთო გზაა, გზა, რომელშიც საქართველო, ყაზახეთი და სხვა ქვეყნები საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანდებიან: გავხადოთ სიცოცხლე შესაძლებელი იქ, სადაც მანამდე ეს შეუძლებლად მიაჩნდათ. ეს გზა ჩვენს პაციენტებთან ერთად განვლილი და გასავლელი გზაა.

ამ წიგნში მოყოლილი თითოეული ამბავი, ექიმისა თუ პაციენტის ისტორია, თითქოს ნაცნობი და ერთნაირია – თითქოს ვკითხულობთ წარსულში გავლილ გზას, რომელსაც სხვა სახელი ჰქვია, მაგრამ იგივე ტკივილი, იგივე სიხარული და იგივე მოლოდინი ახლავს. დიახ, ხშირად გვგონია, რომ ეს ისტორიები ყველა ერთნაირია – მაგრამ საკმარისია მხოლოდ ერთ ადამიანთან გაიარო ეს გზა და მიხვდები, ყოველი მათგანი უნიკალურია, ყოველი მათგანი ახალ გულს ეხება

ნინო, თქვენი პირადი და უნიკალური ისტორიაც ის განვლილი გზაა, რომელსაც დღეს თქვენი პაციენტები გადიან, რამდენად რთული იყო ეს ეტაპი და როგორ შეცვალა მან თქვენი, როგორც ექიმის, ისე ქალის ცხოვრება? ხომ არ არის თქვენი დიდი ემპათია სწორედ ამის გამოძახილი?

ალბათ, ასეცაა, ჩემი პირადი გამოცდილება იყო ყველაზე დიდი გამოცდა და ამავე დროს – ყველაზე დიდი სკოლა. ხუთი წელი ვცდილობდით მე და ჩემი მეუღლე გავმხდარიყავით მშობლები, ეს იყო თითქმის სამი ათეული წლის წინ, როცა „ბედნიერების ტექნოლოგიებს“ ბევრი ექიმი არ ცნობდა. დიდი და რთული გზა იყო, როცა შენ თვითონ გადიხარ იმ გზას, რომელსაც ყოველდღე შენი პაციენტები გადიან, სიტყვა „გესმის“ სულ სხვანაირ მნიშვნელობას იძენს. შემდეგ დაიბადა ჩემი ერთადერთი ანა, უკვე ჩემი კოლეგა და მე აღარ ვარ მხოლოდ ექიმი, რომელიც მედიცინის ცოდნას სთავაზობს პაციენტებს – მე ვარ ქალი, რომელმაც საკუთარ თავზე იცის, რას ნიშნავს მოლოდინი, იმედგაცრუება, ცრემლი და ის სასწაული სიხარული, როცა ყველაფერი ახალი სიცოცხლით სრულდება.

ამ გამოცდილებამ ძალიან შეცვალა ჩემი პროფესიული ხედვა – უფრო ადამიანური გამხადა, უფრო მომთმენი, მეტი თანაგრძნობით ვუსმენ პაციენტს, ისინი არიან წყვილები, რომელთა ტკივილი ოდესღაც მეც გამოვცადე, ამიტომაც, ყოველი მათი სიხარული და წარმატებული შედეგი ჩემთვისაც პირადი სიხარულია.

თქვენ არა მხოლოდ ექიმი ხართ, არამედ კლინიკის დამფუძნებელი და იმ ფონდის ხელმძღვანელიც, რომელიც უშვილო წყვილებს ეხმარება. რა იყო მთავარი მოტივაცია კლინიკის და  ფონდის შექმნისას და რა შედეგს მიაღწიეთ დღემდე?

ფონდი კლინიკაზე ადრე დაიბადა, შექმნის იდეა ძალიან ბუნებრივად მოვიდა. ყოველდღე ხვდები ოჯახებს, რომლებიც მხოლოდ ფინანსური ბარიერის გამო ვერ დგამენ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს… ძალიან რთულია ამას უყურო. მე ხომ ვიცოდი, რომ მედიცინა უკვე მზად იყო მათთვის შედეგის მისაცემად, მაგრამ ისინი ვერ მოდიოდნენ ამ გზაზე მხოლოდ იმიტომ, რომ თანხა არ ჰქონდათ. სწორედ ეს უსამართლობის შეგრძნება გახდა მთავარი მოტივაცია.

დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ფონდის წყალობით ასზე მეტი ოჯახი გახდა მშობელი. ეს შედეგია ყველაზე დიდი სიხარული და ძალა, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. მე ამას ჩემს პროფესიულ საქმიანობაზე მეტსაც ვუწოდებ – ეს არის ჩემი ადამიანური მოვალეობა. როდესაც ხედავ, როგორ ეცვლება ცხოვრება ოჯახებს, როგორ ჩნდება სახლში ბავშვის სიცილი, ხვდები, რომ შენს საქმეს ნამდვილად აქვს აზრი.

ფონდში თანხების მობილიზება სხვადასხვა გზით ვცადეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს საზოგადოების ემპათია ამ სეგმენტის მიმართ დაბალია და არ გამოვიდა; ამის შემდეგ გადაწყდა კლინიკის დაარსება, რომელშიც თავად შევძლებდი ამ ადამიანების დახმარებას, თანაც უკვე მყავდა გუნდი, ვისთან ერთადაც ამისი გაკეთება არ იქნებოდა რთული, ასეც მოხდა. ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, საკუთარი თანადაფინანსების ფონდით და შთამბეჭდავი შედეგით 2000-მდე ახალი სიცოცხლე ქვეყანას სწორედ ფონდის დახმარებით მოევლინა.

თქვენი კლინიკა ინ ვიტრო განაყოფიერების ერთ-ერთი მოწინავე ცენტრია. რა სტანდარტებსა და მიდგომებს ეყრდნობით, რომ პაციენტებს არა მხოლოდ მკურნალობთ, არამედ იმედიც მიეცეთ?

ჩემი მიზანი ყოველთვის ის იყო, რომ კლინიკა მხოლოდ მკურნალობის ადგილი არ ყოფილიყო. ჩვენ აქ ვქმნით გარემოს, სადაც პაციენტი გრძნობს, რომ მარტო არ არის – მის გვერდით დგას გუნდი, მათ შორის ფსიქოლოგი, რომელიც მასთან ერთად გადის ამ გზას.

სტანდარტების მხრივ ვეყრდნობით საერთაშორისო გაიდლაინებსა და უახლეს ტექნოლოგიებს და ვფლობთ დარგის ყველა უმაღლეს აღიარებას, ISO, FDA, ისრაელის ჯანდაცვის აკრედიტაცია და სხვა. მხოლოდ ტექნოლოგიით და აღიარებით სასწაული არ ხდება. მთავარია მიდგომა, პატივისცემა და გულწრფელი ემპათია – ჩვენ ვისმენთ, ვესაუბრებით და ვმონაწილეობთ თითოეული წყვილის ისტორიაში. ვაძლევთ მხარდაჭერას, სითბოსა და ძალას. როცა პაციენტი ხედავს, რომ შენც ბოლომდე გჯერა მისი, მაშინ უფრო ადვილად გადის გზას, რომელიც ხშირად სირთულეებით არის სავსე.

გარდა ამისა, დიდ მნიშვნელობას და დროს ვუთმობთ სამეცნიერო საქმიანობას, ყოველწლიურად ვატარებთ საერთაშორისო კონფერენციას, ვორქშოფებსა და ტრენინგებს. ახლახან,  ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტთან გავაფორმეთ მემორანდუმი, ჩვენ გვექნება საქართველოში ერთადერთი ტრენინგ ცენტრი კლინიკური ემბრიოლოგიის მიმართულებით… ვიზრდებით და ვზრდით ჩვენს მომავალ კოლეგებს.

და ბოლოს, რა არის თქვენი ყველაზე დიდი მიზანი მომავალში, როგორც ექიმის, და როგორც იმ ქალის, ვინც საკუთარი გამოცდილებით სხვებს შთააგონებს?

ყველაზე დიდი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ოჯახს მივცე შანსი მშობელი გახდეს. ეს არის ჩემი პროფესია, ასევე ჩემი ადამიანური მისიაც. მინდა, რომ კლინიკა მუდმივად იზრდებოდეს, ახალი ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო გამოცდილებით. დიდი ხანია გავცდით საქართველოს საზღვრებს, ჩვენთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან პაციენტები; გავხსენით ფილიალი ერევანში, რომელიც დიდი წარმატებით მუშაობს, აუცილებლად გვექნება ჩვენი წარმომადგენლობები სხვა ქვეყნებშიც.

დავაფუძნეთ ონკოფერტილობის ასოციაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ონკო პაციენტთა სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაში და მათ მიერ ახალი სიცოცხლის მოვლინებაში.

როგორც ქალმა, ჩემი პირადი გამოცდილებით მინდა დავანახო სხვებს, რომ შეუძლებელი არაფერია. ტკივილიც, მარცხიც და მოლოდინიც შეიძლება იქცეს ძალად, რომელიც საბოლოოდ ახალ სიცოცხლეს მოიტანს.

მოკლედ რომ ვთქვა, მინდა ვიყო ადამიანების გვერდით, იქ, სადაც იმედი სჭირდებათ. თუ შევძლებ, რომ ერთ ადამიანს მაინც მივცე ძალა არ დანებდეს, მაშინ ჩემი გზა სწორია და ძალისხმევაც გამართლებული.

ფოტო: პირადი არქივი

სრულად წაკითხვა