#OK! ზრუნვა იწყება ბავშვობიდან – „გოგორა“ – ქართული ფოლკლორული ხის სათამაშოები და საბავშვო ავეჯი

3 weeks ago 20

ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ ნინო რაზმაძეს, ეთნომუსიკოლოგს, 4 შვილის დედას და „გოგორას“ დამფუძნებელს. ეს არის ეკომეგობრული კომპანია, რომელიც ქმნის სათამაშოებს ქართულ ეთნოგრაფიულ თემებზე და მონტესორის საბავშვო განმავითარებელ და უსაფრთხო ავეჯს. „გოგორა“ ნინოსთვის თვითგამოხატვის გზა აღმოჩნდა, რომლის საშუალებითაც მხარს უჭერს ბავშვის ჰუმანური აღზრდით დაინტერესებულ თანამედროვე მშობლებს.

უპირველესად გაგვეცანით…

პროფესიით ეთნომუსიკოლოგი ვარ. ჩემი პროფესია ქართული ტრადიციული სიმღერისა და საკრავების კვლევას და შემსრულებლობას უკავშირდება. ვმუშაობ კონსერვატორიაში, ფონდ „ქართულ გალობასა“ და გალობის უნივერსიტეტში. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. გამოცდილება, რაც ამ სფეროში მივიღე, მეხმარება „გოგორაში“ საქმის ხარისხიანად და საფუძვლიანად კეთებაში.

გავიზარდე ძლიერი ქალების გარემოცვაში. დღესაც გვერდით მყავს ორი საოცარი ქალი, ჩემი პროფესორი, რუსუდან წურწუმია – მისგან ვსწავლობ იდეის ერთგულებას, როგორი ენთუზიაზმითა და პროფესიონალიზმით შეიძლება ემსახურო იდეას, და ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი, ნანა გოთუა – ქალბატონი ნანა საოცარი მაგალითია გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ თანამიმდევრულად და გონივრულად შეიძლება აშენო ორგანიზაციული კულტურა, შექმნა უსაზღვრო შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის და იყო სასარგებლო საზოგადოებისთვის.

როგორია „გოგორას“ შექმნის ისტორია?

„გოგორას“ შექმნის ინსპირაცია ლატვიური და ესტონური ტრადიციული რეწვის პრაქტიკა იყო. 2017-18 წლებში ERASMUS+ პროექტის ფარგლებში(ხელმძღვანელი: მარა როზენტალე) ვნახეთ არაჩვეულებრივი მაგალითები, როგორ შეიძლება საკუთარი ტრადიციული ხელოვნება შეიყვარო, შეინახო, გამოიყენო თანამედროვეობაში, შექმნა მიმზიდველი და ხარისხიანი თანამედროვე პროდუქტი და გაუწიო შენს იდენტობას პოპულარიზება მსოფლიოს მასშტაბით. ამ იდეით ანთებულმა დავიწყე ქართულ ეთნოგრაფიულ თემებზე სათამაშოების პროტოტიპების შექმნა აჭარის ჯადოსნურ მთებში, სადაც წლების მანძილზე განხორციელებული სხვადასხვა ფოლკლორული პროექტი და დიდი სიყვარული მაკავშირებდა. ამდენად, „გოგორას“ საფუძვლად უდევს 5-წლიანი ინტენსიური კვლევისა და გამოცდილების დაგროვების პროცესი, გაყიდვები კი 1 წელია დავიწყეთ. ჩემი, როგორც საკმაოდ კრიტიკული მომხმარებლის, გამოცდილება დამეხმარა, ზუსტად მცოდნოდა, რა და როგორ სჭირდებათ თანამედროვე აღმზრდელებს.

2018 წლიდან დღემდე აქსელერაციის პროგრამებით, ტრენინგებით, ლექცია-სემინარებით, საწარმოს მშენებლობისა და ტექნიკური აღჭურვის, პროტოტიპირების პროექტებით ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციასთან: Startup Büro, „ევროკავშირი საქართველოსთვის ENPARD“, CENN, KEDA LEADER, IoD, CSRDG, ÖIR, ქედის მუნიციპალიტეტი, „შემოქმედებითი საქართველო“, „სოციალური საწარმო დადარი“, UNDP, USAID, „სოფლის განვითარების სააგენტო“, „აწარმოე საქართველოში“, SMEDA, STARTA, თბილისის მერიის აქსელერაციის პროგრამა „სპარკი“, „საქართველოს ბანკი“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და სხვ.

ამ ეტაპზე ჩვენთან 16 ადამიანია დასაქმებული, მათი ნახევარი ქალია, მათ შორის, არიან პატარა ბავშვების დედები, რომლებსაც ბავშვების გამო სამსახურების დატოვება მოუხდათ და ახლა ჩვენთან დისტანციურად მუშაობენ.

როგორია „გოგორას“ კონცეფცია?

„გოგორა“ აჭარულად ნიშნავს ბორბალს და მუდმივ მოძრაობასთან ასოცირდება. ჩვენი მომავალი ბრენდის თვითგამორკვევის გზაზე „აზროვნების აკადემია“ და ალექსი ჩიქოვანი დაგვეხმარა, ხოლო ბრენდის პლატფორმა და ვიზუალური იდენტობა „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით მარკეტინგულმა სააგენტომ „ჰანს ენდ გრუბერმა“ შექმნა. ჩვენი ლოგოს სიმბოლო – ჯიხვი ლეგენდარული „ჩუბჩიკას“ ჩანახატიდან გააციფრულა დიზაინერმა არტ-მენმა. ჩვენი თითოეული სიმბოლო ქართული თემებიდან მოდის.

„გოგორას“ საქმიანობის ცენტრში დგას ადამიანი და ბუნება. ღრმად გვწამს, რომ თუ გვსურს ხვალ უკეთესი მსოფლიო გვქონდეს – დღეს მეტად უნდა შევიყვაროთ და ვიზრუნოთ ბავშვებზე, ბავშვებზე ზრუნვას კი მშობლებზე ზრუნვით ვიწყებთ. ამიტომ, ვფიქრობთ, მეტად საპასუხისმგებლო მისია გვაქვს – მხარი დავუჭიროთ ბავშვების ჯანსაღად აღზრდით დაინტერესებულ უფროსებს ბავშვების ჰუმანურ, გონიერ, თავისუფალ ადამიანებად ჩამოყალიბების პროცესში.

ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა, ეს საქმე ვაკეთოთ ეკომეგობრულად. ჩვენი მეორადი ნარჩენები მართვადია, ვიყენებთ ეკომეგობრულ შეფუთვას, აჭარაში ჩვენი საწარმო ენერგოეფექტურია და ვიყენებთ მხოლოდ მწვანე ტექნოლოგიებს. აღსანიშნავია, რომ საწარმო შშმ ადაპტირებულია. ჩვენ ვიზიარებთ თანამედროვე განვითარებული ქვეყნების მიდგომას, რაც გულისხმობს დაინტერესებას არამხოლოდ საბოლოო პროდუქტით, არამედ წარმოების პროცესით. ზოგადად, საბავშვო სათამაშოებისა და ავეჯის ინდუსტრია ერთ-ერთი რთული და კომპლექსურია ეკოლოგიის, სტანდარტებისა და სერტიფიცირების კუთხით.

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

ჩვენ ვქმნით მონტესორის, ვალდორფის, პიკლერის პედაგოგიურ მეთოდებთან შესაბამის საბავშვო განმავითარებელ და უსაფრთხო ავეჯს, მათ შორის, სკამ-მაგიდებს, წიგნისა და სათამაშოების თაროებს, ფიზიკური აქტივობის საცოცებს და საძრომიალოებს. გვაქვს ქართულ ეთნოგრაფიულ თემებზე შექმნილი განმავითარებელი სათამაშოების პროტოტიპები, რომელთა წარმოებას მალე დავიწყებთ. ამ ორ მიმართულებას „უსასრულო თამაშების“ (Open-ended play) პრინციპები აერთიანებთ. ბავშვებს მშობლებთან ერთად ვუქმნით თავისუფალ სივრცეს დამოუკიდებელი განვითარებისთვის, ფიზიკური თუ შემოქმედებითი უნარების დახვეწისთვის, ახალი აღმოჩენებისთვის. ეს არის ჰუმანური აღზრდის პროცესი, რომელიც აუცილებლად გამოიღებს შედეგს მოზრდილ ასაკში.

პარალელურად ვზრუნავთ მშობელთა მენტალურ ჯანმრთელობაზე. პერიოდულად ვატარებთ შეხვედრებს მშობლებისთვის. მაგალითად, ჩვენს ბოლო აქტივობაში ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი ჩაერთო და შეხვედრა დაეთმო სტრესის მართვის ეფექტურ ტექნიკებსა და საკუთარი თავის სიყვარულს. შეხვედრას საბავშვო ბაღმა „ლარდიმ“ უმასპინძლა. პერიოდულად ვატარებთ მეორადი ნარჩენების დამუშავების ვორქშოპებს და ამით პოპულარიზებას ვუწევთ მეორადი ნარჩენების მართვის სიკეთეებს. წიგნებისა და სხვადასხვა ფესტივალზე ვაწყობთ ეკომეგობრულ საბავშვო გასართობ სივრცეებს. გვინდა, რომ ქართულ საჯარო სივრცეებში მეტად პოპულარული გახდეს ბავშვების ინტერესებსა და მათ ჯანსაღ გართობაზე ზრუნვა.

როგორია „გოგორას“ მომხმარებელი?

ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი მომხმარებელი. ორივე მხარეს გვაერთიანებს საერთო ღირებულებები. არასდროს ვყოფთ ჩვენს მომხმარებლებს ფინანსური შემოსავლების მიხედვით. საინტერესოა თითოეულთან ურთიერთობა, არამხოლოდ სკამის ან მაგიდის გაყიდვა, არამედ ის სარგებელი, რაც მათ ჩვენი პროდუქტებით აქვთ. ჩვენი დამოკიდებულება არ არის დღევანდელ შემოსავალზე ორიენტირებული, არამედ ამ ურთიერთობებს პერსპექტივაში ვუყურებთ. შესაბამისი უკუკავშირიც გვაქვს. თითოეული ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილება აბედნიერებს ჩვენს გუნდს და გვაძლევს მუშაობის მოტივაციას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს, რომ არა მათი ნდობა, ჩვენ ვერაფერს შევძლებდით.

სამომავლო გეგმები…

ჩვენი პრიორიტეტებიდან და ხედვიდან გამომდინარე, პროცესები საკმაოდ ნელა და სტაბილურად მიმდინარეობს. უმთავრესი გამოწვევაა, დროულად დავიწყოთ სათამაშოების ინდუსტრიული წარმოება. ჩვენი ყველა პროდუქტი დამზადებულია ექსპორტის მოთხოვნების შესაბამისად, 2024 წელს აუცილებლად გავაქტიურდებით ექსპორტის მიმართულებითაც, ამისთვის სრული მზაობა გვაქვს. დიდი ხანია გვინდა საკუთარი პავლოვნიას ტყის გაშენება, რაც ჩვენი ეკომეგობრული ხედვის ნაწილია. და რაც მთავარია, ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობა, მწვანე ტექნოლოგიები და ეკომეგობრული წარმოება, რომ ვაპირებთ გავწევრდეთ საქართველოს სოციალურ საწარმოთა ალიანსში. გვსურს ჩვენი საქმიანობა სასარგებლო და კმაყოფილების მომგვრელი იყოს ჩვენი გუნდისთვის, მომხმარებლებისა და ქართული საზოგადოებისთვის.

საკონტაქტო ინფო:

www.gogoratoys.com

FB: https://www.facebook.com/gogoratoys

Inst: https://www.instagram.com/gogoratoys/

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა