#OK! თავდაუზოგავი შრომით მიღწეული შედეგი

2 weeks ago 6

ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ წარმატებულ, საკუთარი საქმის პროფესიონალს, საქვეყნოდ ცნობილ და პოპულარულ ადვოკატს, პაატა შავაძეს, რომელმაც დღევანდელ დღემდე საკმაოდ ხანგრძლივი, შინაარსიანი და ძალზე საინტერესო პროფესიული გზა განვლო და დღესდღეობით ამაყია თავისი მოგებული საქმეებითა და ქართული იურიდიული მეცნიერებისა და პრაქტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილით. საკმაოდ მცირე ასაკიდან დაიწყო მოღვაწეობა პროფესიაში და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტი იყო, როდესაც საქართველოში პირველი სპეციალიზებული უმაღლესი იურიდიული სასწავლებელი – ბათუმის სამართლის ინსტიტუტი დააარსა და ჯერ კიდევ სტუდენტი, სწავლის პარალელურად ამოდენა უმაღლესი სასწავლებლის პრორექტორი იყო, შემდგომ კი რექტორი. მოგვიანებით, ახალგაზრდა და მონდომებელი კაცის დიდი ძალისხმევით, მოხერხდა და ბათუმის სამართლის ინსტიტუტის ბაზაზე ბათუმის იურიდიული აკადემია შეიქმნა ულტრათანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და ზეკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლებით. შეიძლება ითქვას, რომ დედაუნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესურას სწორედ ამ აკადემიაში მოუწევდათ გული ლექციების წასაკითხად… ბატონმა პაატამ საქართველოში, იმჟამად ყველაზე ახალგაზრდა რექტორმა, შეძლო და იურიდიულ აკადემიაში საფუძველი ჩაუყარა კრიმინალისტიკის სამეცნიერო კვლევით და სასწავლო ცენტრს, რომელიც ზეთანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა და იქ პრაქტიკებს რეგიონის სხვა უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებიც გადიოდნენ. საფუძველი ჩაეყარა პროფესორ თინათინ წერეთლის სახელობის იურიდიულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასაც, სადაც ბინა უამრავმა საინტერესო ლიტერატურამ დაიდო სამართლის დარგში. პაატა შავაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის საკმაოდ პერსპექტიული კანდიდატია. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ჩვენი რესპონდენტის საქმიანობას უფრო უკეთ გაგაცნობთ.

ბატონო პაატა, უპირველესად, გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ. გზა, რომელიც დღევანდელ დღემდე გაიარეთ.

იურისტობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. მოგეხსენებათ, იმისათვის, რომ პროფესიონალი იურისტი გახდე, დიდი შრომაა საჭირო. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა, საკმაოდ ვრცელი, რთული და შრომატევადი, თუმცა ძალიან საინტერესო გზა გავიარე. როცა სკოლა დავამთავრე, ორ ადგილას მოვეწყვე სამუშაოდ – ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში და, ამავდროულად, ბათუმის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც ვმუშაობდი სანიტრად. ღამის სმენებში მიწევდა მუშაობა… შრომა იქ შევიყვარე… შემდგომ უკვე სტუდენტობის წლები, ორი უმაღლესი სასწავლებლის, შემდეგ ასპირანტურის დამთავრებაც… მიუხედავად იმისა, რომ 16 წელი ბათუმის იურიდიული აკადემიის ხელმძღვანელი ვიყავი, დამჭირდა 11 წელი მუხლჩაუხრელი შრომა, რათა ჩამოვყალიბებულიყავი პროფესიონალ ადვოკატად და ავსულიყავი იმ სიმაღლეზე, რაც დღეს უფლის ნებით და ჩემი თავდაუზოგავი შრომით მიჭირავს.

სხვანაირად შეუძლებელია მიაღწიო დასახულ მიზანს. ყოველთვის ვიყავი მიზანსწრაფული და თუ რაიმეს დავისახავდი მიზნად, აუცილებლად ვაღწევდი შედეგსაც. დღესაც ასეთი ვარ… მთავარი ის არის, რომ ძალიან პრინციპული გახლავართ… ჩემი შვილებიც მე დამემგვანენ ამაში…

რაოდენ გასაკვირი და წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, ვიყავი პირველი კურსის სტუდენტი, როცა დავაარსე უმაღლესი იურიდიული სასწავლებელი, რომელიც უმაღლეს დონეზე იყო მოწყობილი. 20 წლისა კი უკვე პრორექტორი გახლდით. ჩემი წილი დიდი ავტორიტეტი გამაჩნდა. სწორედ მაშინ ვეზიარე ქვეყნის იურიდიულ საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტს და სწორედ იმ წლებში დავიწყე ჩემი ძალიან საინტერესო ცხოვრების შექმნა, ცხოვრებისა, რომელიც მთლიანად ჩემს საყვარელ პროფესიას მივუძღვენი. ძალიან ბევრს აკვირვებდა ეს ფაქტი, მაგრამ ეს არის ჩემი ისტორია და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მე ეს შევძელი. რაც შეეხება ამ სასწავლებლის დაარსების იდეას, სრულიად მოულოდნელად, რაღაც სასიამოვნო მელოდიის მოსმენისას გამიჩნდა და ისეთი დონის გამომივიდა საბოლოო ჯამში, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები მოდიოდნენ ლექციების წასაკითხად. აქვე დავაარსე უზარმაზარი კრიმინალისტიკის სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო უმძლავრესი ცენტრიც და ეს უმაღლესი სასწავლებელი, როგორც სპეციალიზებული, იყო იურისტი კადრების ძალიან მძლავრი კერა. არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ყურადღებაც მივიპყარით.

16 წელი იარსება ამ უმაღლესმა სასწავლებელმა და ვფიქრობ, ამ წარმატების ყველაზე დიდი მოტივაცია ის იყო, რომ მთელი არსებით მსურდა ჩემი წვლილი შემეტანა ქართული იურისპრუდენციის განვითარებაში. მინდოდა სულმნათი გივი ინწკირველის რჩევა-დარიგებებით მეღვაწა და არც არაფერი წამიგია, პირიქით… იცით? ძალიან ბევრ სწავლას მოწყურებულ ახალგაზრდას, განსაკუთრებით კი აჭარის მაღალმთიანეთიდან, მივეცი შესაძლებლობა, დაუფლებოდა იურისტის პროფესიას… ეს შევძელი…

23 წლისა უკვე სამეცნიერო ნაშრომებს ვწერდი, მე თვითონ ჯერ კიდევ სტუდენტი, სტუდენტებს ლექციებს ვუკითხავდი იურისპრუდენციაში, 25 წლის კი სამართლის დოქტორი გავხდი, წარმატებით დავიცავი დისერტაცია დედაუნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და დღეს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის სახელმძღვანელოების, დამხმარე სახელმძღვანელოების, მონოგრაფიებისა თუ საჟურნალო სტატიების ავტორი თუ თანაავტორი ვარ. ჩემი, როგორც იურისტის, მეცნიერის მნიშვნელოვანი ღვაწლია ის, რომ მე, 25 წლისამ, სადისერტაციო საბჭოს წინაშე წარვადგინე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ჩემეული ვარიანტი…ზოგიერთებს ეს ჩემგან, როგორც ახალგაზრდა იურისტისაგან, არ მოსდიოდათ თვალში და ოპონენტებიც მრავლად მყავდა, თუმცა ბრწყინვალე დაცვა იყო და ეს არაერთმა ცნობილმა იურისტმა და მეცნიერმა აღნიშნა კიდეც…

ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მშობლების. მამა, ალექსანდრე შავაძე გამოჩენილი ექიმი და საზოგადო მოღვაწე იყო. ის გარდაცვლილია. დედაც ცნობილი პედიატრია. სწორედ მათ ჩამინერგეს ბავშვობიდან შრომისმოყვარეობა და პრინციპულობა, პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება, საქმის სიყვარული… ხოლო პროფესიული მხრიდან – ჩემი მასწავლებლების – გივი ინწკირველისა და ვალერიან ლორიას როლი ჩემს ჩამოყალიბებაში უდიდესია, ფაქტობრივად, მე მათი აღზრდილი ვარ და მათი დიდი წვლილი არის, თუკი დღეს, მე ჩემი სეფე სიტყვა მეთქმის ამ პროფესიაში. მათ ძალიან ბევრი გააკეთეს ჩემი, როგორც იურისტის აღზრდის საქმეში. მე კი ამაყი ვარ იმით, რომ მეც გავხდი მონაწილე და ასევე დიდი წვლილი შევიტანე ახალგაზრდა იურისტების აღზრდა-განვითარებაში, მათ ჩამოყალიბებაში. იურისტთა თაობები აღვზარდე, ჩემი აღზრდილები არიან პროკურორები, გამომძიებლები, მოსამართლეები… ძალიან ამაყი ვარ, რომ ერთი პატარა ეპოქა შევქმენი ქართულ იურისპრუდენციაში და ჩემი წვლილი შევიტანე ამ პროფესიის განვითარებაში.

რამ მოახდინა გავლენა თქვენს პროფესიულ არჩევანზე?

მინდა აღვნიშნო, რომ ოდითგანვე ფინანსურად საკმაოდ ძლიერი ოჯახი იყო ჩემი ოჯახი, ასეა დღესაც, მაგრამ მიუხედავად ამისა, არასოდეს ვყოფილვარ მშობლების ჯიბეზე დამოკიდებული და ჩამოკიდებული, ანუ მარტივად რომ გითხრათ, დედიკო-მამიკოს ბიჭობაზე თავიდანვე უარი ვთქვი. მამა როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა ცხოვრებაში, მაშინ დამეღუპა. დამრჩა დედა, რომელიც ჩემი მფარველი ანგელოზია. მან არასდროს მაგრძნობინა, რა არის უმამობა… ტიტანური შრომით აღგვზრდა ორი შვილი, ორივე იურისტი… სამწუხაროდ ძმაც გამომაკლდა, ვერაგმა სენმა ახალგაზრდა იმსხვერპლა… არასოდეს მივცემდი ჩემს თავს უფლებას, რომ მშობლის ჯიბეს ჩამოვკიდებოდი. ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტმა, სანამ უმაღლეს იურიდიულ სასწავლებელს დავაარსებდი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავხსენი ახალგაზრდული ტურისტული ბიურო, რომელიც სტუდენტი ახალგაზრდობისათვის უამრავ საინტერესო ტურებს აწყობდა… როგორც ამ ბიუროს დირექტორს, ჩემი ხელფასი მქონდა – მაშინ 100 ლარი, რაც საკმაოდ დიდი ფული იყო… არასდროს უქმად არ გამიტარებია ჩემი შეგნებული ცხოვრების არცერთი წელი, სკოლის პერიოდშიც აქტიური ვიყავი, შემდეგ უნივერსიტეტში, ფაკულტეტის კომკავშირის მდივნადაც ამიჩიეს მეორეკურსელი… მიყვარდა შრომა და არ შემეძლო უსაქმოდ ყოფნა… შესაბამისად, ყოველთვის მქონდა ჩემი შრომით მოპოვებული შემოსავალი. ასე ვარ დღესაც… რაც მჭირდება, ყველაფერი მაქვს.

რასაკვირველია, როგორც ექიმების ოჯახში დაბადებულს და გაზრდილს, ძალიან სურდათ ჩემს მშობლებს, მეც მათ გზას გავყოლოდი, მაგრამ ვერ ვიპოვე ჩემი თავი ამ პროფესიაში. მიუხედავად ამისა, გეტყვით, რომ დიდი მსგავსებაა ამ ორ პროფესიას – ექიმობასა და ადვოკატობას შორის. ორივე შემთხვევაში დიდ პასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე და ორივე მათგანის შემთხვევაში ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანისთვის ვიბრძვით, ერთი მხრივ – ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მეორე მხრივ კი ადამიანის თავისუფლება, მისი დარღვეული უფლება და კანონიერი ინტერესი, რაც ხშირად სიცოცხლის ფასიცაა… ამიტომაც, როცა პროცესზე შევდივარ, წარმოვიდგენ, რომ საოპერაციო ბლოკში შევდივარ, იქ მძიმე ავადმყოფი მელოდება მაგიდაზე ჩემი კლიენტის სახით და ჩემს იმედადაა, მე უნდა გადავარჩინო იგი, ოპერაცია წარმატებულად უნდა დავასრულო… აი, ამ შეგონებით მივაღწიე წარმატებების მწვერვალს ჩემს პროფესიაში.

რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად? რა თვისებები უნდა ჰქონდეს იურისტს იმისთვის, რომ საკუთარი საქმის პროფესიონალი გახდეს?

თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი წარმატების ფორმულა. მათ შორის მეც და ვფიქრობ, ჩემ შემთხვევაში ეს წარმატება მოიტანა, პირველ რიგში, პრინციპულობამ, მუხლჩაუხრელმა, სადღეღამისო შრომამ, მაგრამ ამასთან ერთად, უმთავრესია შენი საქმის სიყვარული და დიდი შრომა. ეს არის წარმატების მთავარი ფორმულა. თუ რაიმე საქმეს აკეთებ მხოლოდ იმის გამო, რომ შემოსავალი გქონდეს, ან იმიტომ, რომ ვერსად ვერ იპოვე საკუთარი თავი, ვერ მიაღწევ წარმატებას, უნდა განაგრძო ძიება და შენი თავი იპოვო, არაფერი არ უნდა დაიბრალო… არავის არ უნდა მიჰბაძო… შენი შესაძლებლობა რის საშუალებასაც გაძლევს, ის საქმე უნდა აკეთო… ზერელეობა და უპასუხისმგებლობა, მით უფრო ისეთ პროფესიაში, როგორიც ადვოკატურაა, წარმოუდგენელია, რადგან ბაზარი დიდია და, შესაბამისად, კონკურენციაც ძალიან მაღალია. მნიშვნელოვანია იყო შენი საქმის ერთგული და არ უღალატო შენს პრინციპებს, შენს საყვარელ საქმეს. არაფრის ფასად არ უნდა იყო ორიენტურებული მხოლოდ თანხაზე, ფულის სიყვარული თუ გძლევს და საქმისა არა, ჩათვალე, გარდაუვალი კრახი გაქვს. წარმატებასთან ერთად მოდის შემოსავალიც. შრომა მოგიტანს სახელს, მოგებული საქმეები გაგიმრავლებს საქმესაც, სახელსაც და მოგცემს შემოსავლებსაც…

დღეს მე ძალიან ბედნიერი კაცი ვარ, რადგან ვარ ადვოკატი, ზეფანატიკურად მიყვარს ჩემი პროფესია და მაქვს საკმაოდ წარმატებული შედეგები. უამრავი უდანაშაულო ადამიანი ვაზიარე თავისუფლებას. უნიკალური შედეგები მაქვს.

ადვოკატურა საკმაოდ ფართო სპექტრია. გვიამბეთ თქვენს მიმართულებზე.

საერთო პროფილის ადვოკატი ვარ. ახლა ვარ საქართველოს სისხლის სამართლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორიც. ჩემი საქმიანობა ძირითადად უკავშირდება სისხლის სამართალს. კარგადაც გამომდის ამ მიმართულებით მუშაობა, შესაბამისად, შედეგებიც არ აყოვნებს. არაერთხელ მივიღე გამამართლებელი შედეგები ისეთ საქმეებზე, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, გაუპატიურება, ყაჩაღობა, ქურდობა… ეს შედეგები მოაქვს ისევ და ისევ არჩეული საქმის საკუთარ თავზე მეტად სიყვარულს და დიდ, ტიტანურ, 24/7 -ზე დაუღალავ შრომას. საქართველოს ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი ვარ.

როგორ ახერხებთ პროფესიისა და ოჯახის ერთმანეთთან დაბალანსებას დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე?

ჩემი, პროფესიისადმი ასეთი ფანატიკური სიყვარულიდან გამომდინარე, ყველაზე რთული ჩემს ცხოვრებაში სწორედ ეს საკითხია, ოჯახისა და პროფესიისთვის დროის სწორად გადანაწილება, რასაც სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ… რამდენჯერ ჩემი შვილის ცრემლიანი თვალები გამომყოლია სახლიდან გამოსვლისას… მამა, დღეს არ მოხვალ შინ? – მეკითხება ხოლმე გულმოკლულად… არც კი ვიცი, რა ვუპასუხო… ამის შემდეგ ხშირად ფიქრობ, ადამიანო, რას აკეთებ იმის ფასს, რომ ბავშვი ცრემლიანი თვალებით დატოვე? ხშირად ვადანაშაულებ საკუთარ თავს, თუმცა იქვე შევახსენებ , რომ მე ვარ იურისტი, ჩემს იმედად არის ძალიან ბევრი ადამიანი… ღალატი დაუშვებელია… ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ დავაბალანსო დრო. დღეში მინიმუმ სამი, მაქსიმუმ კი 4-5 პროცესი მაქვს, ხშირად რეგიონებშიც… ოჯახის საქმეებს მეუღლე უძღვება. თავადაც მუშაობს, ისიც იურისტია, იუსტიციის სამინისტროს სისტემაშია და კაპიტანიც გახდა, მაგრამ ოჯახსა და ჩვენს პატარა გოგოზე მას უფრო დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული. რასაკვირველია, ჩემი მხარდაჭერა ყველაფერში აქვს, მაგრამ ის უძღვება ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რაც ოჯახს ეხება და კარგადაც გამოსდის.

ბოლოს სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

ჩემი ოცნებაა, გავხდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. წარდგენილი ვარ და შესაძლოა ამიხდეს კიდეც ეს ოცნება. მოგეხსენებათ, ეს არის ყველაზე მთავარი სასამართლო, დოქტრინარული ინსტანცია, ამიტომ ძალიან მინდა იქაც უძლიერესი ვიყო და იქაც ვთქვა ჩემი დიდი „სიტყვა“… ეს იქნება შემაჯამებელი აკორდი ჩემს პროფესიაში, ამაზე ბევრი იურისტი ოცნებობს… ეს არის ჩემი სულისა და გულის გამოძახილი, რომელიც ჩემს პროფესიაში გარკვეულ შეჯამებას გააკეთებს. და ამით დავასრულებ კიდეც…

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

სრულად წაკითხვა