მოგესალმებით, ძვირფასო მკითხველებო, პრანჭიებო, სარკის წინ ტრიალის მოყვარულებო, საკუთარ ჯანმრთელობაზე, სხეულზე, კანზე მზრუნველო კარგო ადამიანებო!
შუაგულ შემოდგომაში შევაბიჯეთ. Voila.
კანის წმენდისა და ქიმიური პილინგების სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მას მოჰყვება დატენიანების საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც კიდევ დიდხანს იქნება აქტიური. სიცივის მატებასთან ერთად, კანი მეტად დეჰიდრატირდება, შრება, უფრო და უფრო აქტუალური ხდება მისი სიღრმისეული დატენიანება, გამოკვება და საჭირო ნუტრიენტებით მომარაგება. თუმცა ეს პრობლემა ნაკლებად გვიდგას ცხიმიანი, კომბინირებული და აკნესკენ მიდრეკილი კანის მქონე ადამიანებს, რადგან ჩვენი მთავარი საზრუნავი არა დატენიანება, არამედ სიღრმისეული წმენდა, სებუმის (ცხიმის გამოყოფის) რეგულაცია და დაბალანსებული დატენიანებაა, ისე, რომ არც ძალიან მსუყე ჰიდრატაცია მივაწოდოთ კანს და არც სულ დაუტენიანებლად დავტოვოთ. ასე რომ, სანამ მშრალი კანის მქონე ადამიანები ჰიალურონსა და მკვებავ ბალმებს იზელენ კანზე, ჩვენ – კომბინირებული, ცხიმიანი კანის ხალხი კვლავ AHA და BHA მჟავების იმედზე ვართ.
მე აუცილებლად დავუთმობ რუბრიკებს შემდეგ ნომრებში სახის კანის თითოეული ტიპის რუტინის განხილვას და შემოგთავაზებთ ინფორმაციას, როგორ მოვუაროთ ამა თუ იმ ტიპის კანს სრულყოფილად.
მანამდე კი, მოდი, ამ ნომერში ვისაუბროთ თანამედროვე სილამაზის ინდისტრიის, კანის სრულყოფილი მოვლის ერთ-ერთ მთავარ ANTI AGE კომპონენტზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანისთვის ნაცნობი და ალბათ საყვარელიც კია – ეს გახლავთ კანის ახალგაზრდობის ელექსირი – რეტინოლი.
რა არის რეტინოლი, კანისთვის რა სარგებლიანობა ახასიათებს ამ მეტ-ნაკლებად აგრესიულ, მაგრამ ძალიან სასარგებლო ინგრედიენტს, როგორ მოვიხმაროთ, რომელ ტექსტურას მივანიჭოთ უპირატესობა და რა გავითვალისწინოთ რეტინოლის ხმარების დროს – ამ ყველაფერზე წაიკითხავთ ჩემს საინფორმაციო სტატიაში, რუბრიკაში #იცოდით?
აქვე ჩვენი პარტნიორი სააფთიაქო ქსელი PSP რეტინოლის საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს შემოგთავაზებთ, საიდანაც ვფიქრობ, არ გაგიჭირდებათ თქვენი კანისთვის საუკეთესო ვერსიის შერჩევა.
ოქტომბრის ბიუთიში ტრადიციულად იპოვით საშემოდგომო ტრენდულ სურნელებს, მაკიაჟის პროდუქტებს და სხვა სასარგებლო ინფორმაციას სხეულის, თმისა და კანის მოვლის შესახებ.
თაკო გვაზავა, ჟურნალი OK!-ს ბიუთი რედაქტორი