16 გრემის მფლობელი ინგლისელი მომღერალი ადელი, სავარაუდოდ, 2026 წლის სუპერ ბოულის შესვენების შოუზე იმღერებს, რადგან ვრცელდება ინფორმაცია ამ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
Page Six-ის ინფორმაციით, მომღერლის გულშემატკივრები ადელის ნახვას მომავალი წლის თებერვალში, სანტა კლარაში შეძლებენ.
The Sun წერს, რომ 2016 წელს მომღერალმა სუპერ ბოულის ორგანიზატორების მომგებიან შეთავაზებაზე უარი თქვა.
„მე სუპერბოულზე არ გამოვდივარ. სინამდვილეში, ეს შოუ მუსიკას არ ეხება და არც მე ვცეკვავ. მათ ძალიან თავაზიანად მიმიწვიეს, მაგრამ უარი ვთქვი“ – აღიარა მომღერალმა.
და ახლა, ათი წლის შემდეგ, საუბრობენ, რომ ადელი სუპერ ბოულზე გამოსვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ჯერჯერობით, არაოფიციალურად.
მომღერალი ადრე სუპერ ბოულს თავის სპორტულ აგენტთან და საქმროსთან, რიჩ პოლთან ერთად დაესწრო.
შარშან მომღერლმა აღიარა, რომ ამ თამაშზე ფეხბურთის გამო არ მისულა:
„შარშან ცხადია, ფეხბურთის საყურებლად არ წავსულვარ. რიანას სანახავად წავედი.“
მომავალ წელს პოტენციურ შემსრულებლებს შორის ადელის გარდა, არიან ტეილორ სვიფტი, მაილი საირუსი, ჯასტინ ბიბერი და როკ ჯგუფები Metallica და Green Day.
ცნობისთვის, სუპერ ბოული პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატია, რომელიც არა მარტო სპორტული, არამედ კულტურული მოვლენაცაა. სუპერ ბოულის მიმართ მაყურებლის ინტერესის გაზრდის მიზნით, 1993 წელს მაიკლ ჯექსონმა შესვენების ჩვეულებრივი შოუ საზეიმო, აუცილებლად სანახავ სუპერშოუდად აქცია.
დღესდღეობით სუპერ-ბოულის შესვენების შოუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა პოპულარულ კულტურაში. ამ შოუზე სხვადასხვა დროს გამოსულან: მაიკლ ჯექსონი, დაიანა როსი, მადონა, ბრუნო მარსი, ბიონსე, The Rolling Stones, ბრიუს სპრინგსტინი, ემინემი, Dr. Dre, Snoop Dogg,U2 და სხვა.