თანამედროვე გინეკოლოგია აღარ შემოიფარგლება მხოლოდ დაავადებების მკურნალობით – ის, პროფილაქტიკას, ადრეულ დიაგნოსტიკასა და ქალების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასაც მოიცავს. OK! Doctors შეგახვედრებთ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმს – ქეთი მანჯგალაძეს, რომელიც საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული დაავადებებისა და ამ პრობლემების დროულად გადაჭრის გზებზე გვესაუბრება.
გაზაფხულზე უცნობი ნომრიდან ზარმა შემატყობინა, რომ გეგმიური ჩეკაპის ჩატარების დრო იყო. ჩავეწერე დილის საათებში, მივედი ეროვნულ სკრინინგ ცენტრში. ერთი კვირის მერე იგივე ცენტრიდან დამირეკეს, დამატებითი კვლევა გჭირდებათო, ეს ადრეც მომხდარა და ამიტომ არ შემშინებია. მაგრამ უამრავი საქმის გამო დანიშნულ ვიზიტზე ვერ მივედი. იგივე ნომერი ჯიუტად მირეკავდა და მეც „დავნებდი“.
კაბინეტს ნაცნობი სახელი – ქეთი მანჯგალაძე ეწერა. „უი, ნეტა ეს ის ქეთია?“ გამკრა გულში, ნაცნობზე, რომელიც დიდი ხანი არ მენახა. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ „ის ქეთი“ უდიდეს დადებით როლს ითამაშებდა ჩემს განკურნებაში. ტრადიციული მოკითხვისა და გასინჯვის შემდეგ ქეთიმ დამატებითი კვლევები დამინიშნა და მითხრა „ჩვენ ასი წელი ვიცოცხლებთ, კარგია, რომ მოხვედი“. მან უკვე იცოდა ჩემი დიაგნოზი, მაგრამ დასადასტურებლად ანალიზები ამიღო. მაშინ არაფერი უთქვამს, მაგრამ სიტყვა „ბიოფსია“ ზარივით გაისმა, რაღაცნაირად მეც მივხვდი, მაგრამ მეც არაფერი მითქვამს.
ყოველდღიურ გადარბენებში თითქოს გადამავიწყდა კიდეც ეს ამბავი, ქეთისთან დანიშნულ ვიზიტზე ვერ მივედი, რაღაცნაირად დროში ვწელავდი დიაგნოზის გაგებას, მერე თავს შემოვუძახე და მივედი. საქმე მოსალოცად მქონდა – ჩემი ახლადჩასახული ონკოლოგიური პრობლემა დროულად ვიპოვეთ. ახლაც მეფიქრება იმაზე, სხვასთან რომ მოვხვედრილიყავი, ნაკლებად გამოცდილთან, ან უბრალოდ, ქეთი ჩემი ნაცნობი არ ყოფილიყო და ეფიქრა – თავს დავანებებ რადგან არ მოდისო… ხომ იცით, რამდენი ვარიანტი ტრიალებს ამ დროს ტვინში. ფაქტი ერთია – ქეთი მანჯგალაძემ დაავადების დიაგნოსტიკა ისეთ ეტაპზე შეძლო, რომ ყველა ექიმი, ვისთანაც შემდეგ შეხება მქონდა, მილოცავდა. ასეთი სასწაული ექიმია ჩემი გადამრჩენელი – ქეთი მანჯგალაძე.
ძირითადად, რა სახის პრობლემებით მოგმართავენ პაციენტები?
ჩემი პაციენტები ძირითადად კიბოსწინარე და არაკიბოსწინარე პათოლოგიების სკრინინგის მიზნით მომმართავენ. საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის ტარდება შემდეგი მარტივი და არაინვაზიური გამოკველევები: პაპ-ტესტი, Hr-HPV დნმ-ტესტი (მაღალი რისკის პაპილომავირუსის ტიპირება), საშოს და ვულვის კოლპოსკოპიური დათვალიერება, აგრეთვე, საჭიროებისამებრ, დამიზნებითი ბიოფსია საეჭვო უბნიდან შესაბამისი მორფოლოგიური კვლევით, ენმეტრიუმის გამოსაკვლევად ასევე ვატარებ საოფისე ჰისტერესკოპიას საშვილოსნოს ღრუს დიაგნოსტირების მიზნით, რომელიც არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას და სულ რამდენიმე წუთი გრძელდება, რადგანაც ცნობილია, რომ პაპილომა ვირუსის ზოგიერთი შტამი იწვევს არა მარტო მრავალშრიანი ეპითელის, არამედ ჯირკვლოვანი ეპითელიუმის დისპლაზიას და შემდგომ ადენოკარცინომას, რომლის დროსაც ხშირად პაპტესტი ნორმაა. ვატარებ კიბოსწინარე დაზიანების მკურნალობას, დისპლაზიების, რომელიც ძალიან მარტივად ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით ან, საჭიროებისამებრ, ზოგადი ანესთეზიითაც, თუმცა მყავს სხვა ბევრი პაციენტი სხვადასხვა პრობლემით: სასქესო ორგანოების სხვა პათოლოგიებით, მენსტრუალური ციკლის დარღვევებით, პრემენოპაუზა, მენოპაუზა, მათ შორის − ორსულთა პატრონაჟიც.
დღევანდელ საქართველოში, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენი პროფესიისთვის?
ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სკრინინგ ცენტრი 2008 წლიდან ფუნქციონირებს, საშვილოსნოს ყელის კიბო – რომელიც დღესაც, ძუძუს კიბოს შემდეგ, ქალთა რეპროდუქციული ორგანოების ავთვისებიან დაავადებებს შორის მეორე ადგილზეა – საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს, ეს განპირობებულია 4. იმით, რომ ჩვენთან სკრინინგი ოპორტუნისტული მოდელია, რაც ნიშნავს, რომ ქალების მომართვიანობა ნებაყოფლობითია და დაბალია, შეადგენს პოპულაციის 25%-ს. საქართველოში კვლავ არსებობს ისეთი დაავადება, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია. ძალიან მინდა, მეტი ქალი გადავარჩინო, მეტი ინფორმაცია მივაწოდო თქვენი ჟურნალის საშუალებით ქალებს, რომლებიც ცნობილნი არიან თავგანწირული მზრუნველობით ოჯახზე. მინდა ვურჩიო, რომ არ გადადონ შიშის ან დროის უქონლობის გამო და წელიწადში ერთხელ ჩაიტარონ კვლევები, რომლისთვისაც მხოლოდ 30 წუთია საკმარისი, რათა თავიდან აიცილონ ისეთი ვერაგი დაავადება, როგორიცაა საშვილოსნოს ყელის კიბო. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნე ვირუსების ერაა. მეცნიერულად უკვე დადასტურებულია, რომ რამდენიმე ორგანოს კიბოს გამომწვევიც ვირუსია. ვირუსის დამარცხება მხოლოდ იმუნიტეტით არის შესაძლებელი, კარგი იმუნიტეტი კი სწორი კვების და რეჟიმის საწინდარია. მინდა ვუსურვო ყველას ჯანმრთელობა, მეტი მოთმინება და სიფხიზლე.
რატომ არის პრევენცია და სკრინინგი ასეთი მნიშვნელოვანი?
ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, სადაც ქალთა სრული პოპულაცია ჩართულია სკრინინგულ გამოკვლევებში – როგორიცაა Hr-HPV დნმ ტესტი (მაღალი რისკი ადამიანის პაპილომა ვირუსის ტესტირება), პაპტესტი და კოლპოსკოპია – საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები და სიკვდილიანობა მინიმუმამდეა დაყვანილი. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ქართველმა ქალებმაც იგივე შესაძლებლობა გამოიყენონ. საქართველოში ყველა ქალს შეუძლია ეს გამოკვლევები უფასოდ ჩაიტაროს ეროვნულ სკრინინგ-ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, ასევე მაღალ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ტესტებით, სადაც მუშაობს მაღალკვალიფიციური ექიმთა გუნდი.
ეროვნულ სკრინინგ ცეტრში ბევრი სიახლეებია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის არის, რომ 2024 წლის მაისიდან უკვე დავიწყეთ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი არა პაპტესტით, 6. არამედ უფრო ძვირადღირებული, მაღალტექნოლოგიზე დაფუძნებული და მაღალი მგრძნობელობით გამორჩეული ადამიანის პაპილომა ვირუსის დნმ ტესტირებით (HR-HPV ტესტი Roches Cobas Hpv Test) რაც საშუალებას გვაძლევს ჯანმრთელი პოპულაციიდან გამოვარჩიოთ მხოლოდ რისკის მყოფი ქალები, რომლებიც ინფიცირებულები არიან მაღალი რისკის პაპილომა ვირუსით, მათ კი შემდეგ იგივე მასალაზე უტარდებათ სითხეზე დაფუძნებული პაპტესტი, რომელიც ჩვეულებრივ მინაზე დატანებულ პაპტესტზე შედარებით მაღალი სპეციფიკურობით და მგრძნობელობით გამოირჩევა, კოლპოსკოპია კეთდება, საჭიროებისამებრ, დამიზნებითი ბიოფსიით. მაღალი რისკის პაპილომა ვირუსი კი, თავის მხრივ, წარმოადგენს სქესობრივად გადამდებ ინფექციას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო ისე, რომ ქალს არანაირი სიმპტომი არ გააჩნდეს, ასევე შეუძლია გამოიწვიოს საშოს, ვულვის, და არა მარტო სასქესო ორგანოების, ასევე პირის ღრუს, ხორხის, ურეთრის და სწორი ნაწლავის (ორივე სქესში), მამაკაცში კი ასოს თავის კიბო. საბედნიეროდ, ვირუსი ყოველთვის არ იწვევს კიბოს, ქალიც და მამაკაციც შეიძლება იყვნენ ამ ვირუსის მატარებელნი და გამოიმუშაონ იმუნიტეტი, ამიტომაცაა საჭირო იმუნიტეტის ამაღლება, რომელიც მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესით ყალიბდება და რაც მთავარია ვაქცინაციით.
რას ეტყოდით ქალებს, რომლებსაც სკრინინგის ჩატარება აშინებთ?
მინდა მივმართო ყველა ქალს – ეს გამოკვლევები აბსოლუტურად უმტკივნეულო, მარტივი და სწრაფია. ასევე ხელმისაწვდომია კიბოსწინარე დაავადების მკურნალობაც, რომელიც ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში ძალიან ეფექტურია, ამავდროულად მარტივი და აბსოლუტურად უმტკივნეულო, რამდენიმე წუთიანი ამბულატორიული პროცედურაა.
სამომავლო პროგნოზი კი ასეთია, თუ ქალების 90 პროცენტი იქნება გამოკვლეული და ამავდროულად ნამკურნალები, ასევე 80% ვაქცინირებული, 30 წლის შემდეგ მკვეთრად შემცირდება პაპილომა ვირუსით გამოწვეული სიმსივნეების სტატისტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველწლიურად 360 000 ადამიანი კვდება და ეს ციფრი სტატისტიკოსების პროგნოზით გაორმაგდება, ასე რომ ყველა ქალს მოვუწოდებ სრულიად უფასოდ ჩაიტაროს მარტივი და არაინვაზიური ტესტები, რადგანაც ამ ვირუსს ახასიათებს წინამორბედი დაზიანებები, რომელიც მარტივ და დაბალფასიან მკურნალობას ექვემდებარება და მკურნალობის შემდეგ ვირუსი ელიმინირდება ანუ უსაფრთხო ხდება, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციაა.
რა რეკომენდაცია აქვთ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ კვლევების ჩატარების შესახებ?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, HR-HPV ტესტი მხოლოდ 30 წლიდან ტარდება, ხოლო პაპტესტი 25 წლიდან, თუმცა სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან დაახლოებით ექვს თვეში პაპტესტი და კოლპოსკოპიური კვლევა უნდა ჩაიტაროს ყველა ქალმა, იმ შემთხევევაშიც კი თუ მაღალი რისკის პაპილომა ვირუსი უარყოფითია, უფრო მეტი თავდაცვისთვის საჭიროა მაინც პაპტესტი და კოლპოსკოპიის ჩატარება, რადგანაც ამ ტესტსაც შესაძლებელია ჰქონდეს ცდომილება 8-10% პროცენტამდე და იყოს ცრუ-უარყოფითი და ასევე არის სხვა მაღალი რისკის ტიპებიც, რომელთაც ჯერ ტესტი არ მოიცავს.
რა იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და რატომ არის დროული გამოვლენა ასეთი მნიშვნელოვანი?
ეს კიბო უნიკალურია იმით, რომ ვიცით მისი გამომწვევი მიზეზი – მაღალი რისკის პაპილომა ვირუსი (HPV) წარმოადგენს ერთადერთ გამომწვევს. სამწუხაროდ, ამ დაავადების ჩივილები უმეტესად გვიან სტადიებზე ვლინდება, როცა მკურნალობა ან ოპერაცია უკვე დაგვიანებულია. ამიტომ აუცილებელია HPV-ით გამოწვეული დაზიანების დროული გამოვლენა, რადგან მკურნალობა საწყის ეტაპზე ეფექტურია და სწორედ ეს წარმოადგენს პრევენციის მთავარ გზას.
არსებობს თუ არა დამატებითი დაცვის მეთოდები?
პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ვაქცინაცია და ასევე დროული მკურნალობა. ვაქცინაციის ჩატარება სასურველია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, ეს ნაბიჯი ქალს მომავალში მნიშვნელოვნად იცავს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისგან.
დაავადების პრევენციისთვის არსებული ვაქცინაციის ასაკი გაზრდილია 2019 წლიდან და მოიცავს 9 წლიდან 45-მდე ასაკის მდედრობით სქესს და 9-25 წლის ჩათვლით მამრობითი სქესისთვის. ეს ყველაფერი სახელმწიფო პროგრამით უფასოდ ტარდება, ყველაზე საუკეთესო ვაქცინით (Gardasil-9), რომელიც მოიცავს 7 მაღალი რისკის ტიპს და ასევე 6 და 11 ტიპსაც, რომელიც ანოგენიტალურ მეჭეჭების გამომწვევია. მასში შემავალი შტამების მიმართ ვაქცინას 100 პროცენტიანი ეფექტურობა აქვს, ვაქცინის ჩატარება შეუძლიათ სქესობრივად აქტიურ ქალებსაც, ვაქცინაციის წინ საჭირო გამოკვლევებისა და ექიმის რეკომენდაციით, ასევე უკვე არსებული დაზიანებების მოცილების შემდეგაც. ასე რომ ვაქცინაციის გამოყენების საზღვრები გაზრდილია, ჩატარებულმა მრავლობითმა კვლევებმა (რაც 20 წლის მანძილზე გრძელდებოდა) მოგვცა მისი უსაფრთხოების და მაღალი ეფექტურობის გარანტია. ექიმები, რომლებიც ვაქცინაციაზე ნეგატიურად საუბრობენ და არ მოუწოდებენ პაცინტებს აცრისკენ, არიან პაპილომა ვირუსით გამოწვეული სიმსივნეების განვითარების წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის მტრები. ასევე დავამატებ, რომ ვაქცინირებული ქალების სკრინინგი მაინც აუცილებელია, რადგანაც შესაძლებელია სხვა მაღალი რისკის შტამებით დაინფიცირდნენ, თუმცა ასევე ცნობილია, რომ სხვა შტამებისგანაც ვაქცინას ჯვარედინა ეფექტი აქვს.
თქვენი აზრით, როგორ შეიძლება გაიზარდოს ქალების ინფორმირებულობა პრევენციისა და სკრინინგის შესახებ?
ინფორმაციის მიწოდება ყველანაირი ფორმით მნიშვნელოვანია – სოციალური ქსელებით, მედიის საშუალებით, სკოლებსა და უნივერსიტეტებში შეხვედრებით. რაც უფრო ხშირად გავიმეორებთ, რომ სკრინინგი უფასოა, უმტკივნეულოა და გადამწყვეტია სიცოცხლის გადარჩენისთვის, მით მეტი ქალი ისარგებლებს ამ სერვისით. სწორედ ამიტომ ვცდილობ, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, მუდმივად ვესაუბროთ ქალებს პრევენციის მნიშვნელობაზე. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ სანდოა, სამწუხაროა, რომ ამაზე ლაპარაკი მიწევს, მაგრამ ხშირად ხდება კოლეგებისგან სკრინინგ პროგრამების უნდობლობის აგიტაცია, არადა, პირიქით, ზუსტად მათ უნდა წაახალისონ პაციენტები, რომ დროულად ჩაიტარონ რუტინული სკრინინგი.
რას ეტყოდით ქართველ ქალებს, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუდგამთ ეს ნაბიჯი?
მოვუწოდებ ყველა ქალს, არ გადადოს გამოკვლევები. დღესვე აიღეთ ტელეფონი, დაჯავშნეთ ვიზიტი და გადადგით ეს მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენი ჯანმრთელობის დასაცავად. რაც უფრო ადრე აღმოაჩენთ პრობლემას, მით უფრო მარტივი და ეფექტურია მისი მკურნალობა. პრევენცია სიცოცხლეს ინარჩუნებს. ეს მარტო საკუთარ თავზე ზრუნვა არაა, ეს თქვენს ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვაცაა.
ქეთი, როგორ გადაწყვიტეთ ექიმობა?
ექიმობა ბავშვობიდან მქონდა გადაწყვეტილი, რადგან ეს პროფესია ჩემი ოჯახის კულტი იყო. უსაყვარლესი ბებია მყავდა მეან-გინეკოლოგი, ციალა ცოტაძე, რომელმაც გამზარდა და რომელსაც ძალიან ვგავარ როგორც ხასიათით, ასევე გარეგნობით.
თავიდან მეანობა მსურდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ჩემთვის ცოტა რთული პროფესიაა, პირველ რიგში, ჯანმრთელობისთვის სახიფათო, თანაც ოჯახთან შეუთავსებელი და ამბულატორიაში გადავინაცვლე. არ ვნანობ, პირიქით, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ჩემთვის ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე მოტივაციაა, რომ უფრო მეტად პროფესიონალი გავხდე ჩემს საქმიანობაში, სულ ვვითარდები, არ ვაძლევ ჩემს თავს მოდუნების საშუალებას. ბოლოს როდის წავიკითხე ჩემთვის სასურველი მხატვრული ლიტერატურა არ მახსოვს, სულ სამედიცინო განათლებაში ვარ ჩაფლული, თითქმის 2-3 კონგრესს ვესწრები წელიწადში, ყოველთვიურად ვებინარებს, რომელსაც ატარებს ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაცია და იქ განვიხილავთ რთულ შემთხვევებს. ჩემი სადოქტორო თემაც კი საშვილოსნოს ყელის პათოლოგიას მივუძღვენი. ასევე, ჩემს კოლეგებთან ერთად, თითქმის ყოველთვიურად, ექიმებისთვის ვატარებ აკრედიტებულ ტრენინგებს.
როგორ ფიქრობთ, რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს ექიმს წარმატების მისაღწევად?
ექიმი უპირველესად უნდა იყოს ადამიანი, კეთილი, კაცთმოყვარე, უნდა ჰქონდეს კარგი ინტუიცია, რომელიც დაეხმარება, კარგ გამოცდილებასთან ერთად, სწორი დიაგნოზის დასმაში. ექიმს უნდა ჰქონდეს პაციენტების მიმართ სიყვარული და ემპათიის უნარი, უნდა იყოს ინოვატორი და ფსიქოლოგიც, ასევე უნდა შეძლოს დაბნეული და შეშინებული პაციენტის დამშვიდება და უსაფუძვლო შიშის გაქარწყლება. აუცილებლად მარტივ და გასაგებ ენაზე უნდა აუხსნას პაციენტს მისი დაავადების და მკურნალობის პროცესის შესახებ. ჩემი აზრით, ამ უნარჩვევებით აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. ექიმი, რომელიც მუდამ ვითარდება პროფესიონალად ყალიბდება.
ვმოქმედებ ლოზუნგით – არ ავნო, არ უმკურნალო თუ არ არის საჭირო და თუ საჭიროა, გააკეთე ზედმიწევნით და სწორად – ეს არის ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტის ჩარლზ რედმანის სიტყვები, რომელიც დამამახსოვრდა. რადგან, სამწუხაროდ, უამრავი არასაჭირო ოპერაციული ჩარევები ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, ხშირად იყენებენ პაციენტის შიშს და დაბნეულობას, სარგებლობენ ამით, განსაკუთრებით, რაც HPV ტესტირებაზე გადავედით, ძალიან მიჭირს პაციენტებთან ურთიერთობა, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ინფორმაციის სიმწირისგან, ყველა უაღრესად შეშინებული მოდის და ასევე ჰგონიათ, რომ თუ ეს ვირუსი დაუდასტურდათ, განაჩენი კიბოა, არადა ეს ასე არ არის, სტატისტიკურად მაღალი რისკით ინფიცირებულებიდან 90 პროცენტს დისპლაზიები არ უვითარდებათ და შესაბამისად, არც კიბო. მხოლოდ 10 პროცენტში და ისიც დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში აბსოლუტურად პრევენცირებადია და საჭიროებს მხოლოდ საშვილოსნოს ყელზე დისპლაზიების ამოკვეთას და არა საშვილოსნოს ამოკვეთას.
თქვენს ახალ ჟურნალს მინდა ვუსურვო წარმატებები, ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ, აუცილებელია მოსახლეობას სწორი და დროული ინფორმაცია მივაწოდოთ, რადგან ინტერნეტში არსებული ბევრი გაუფილტრავი, არასწორი ინფორმაციის მსხვერპლი არ გახდნენ, რომელიც იწვევს გაურკვევლობას და უსაფუძვლო შიშს.
ტექსტი: მაიკო წერეთელი
ფოტო: ალექსეი სეროვი