#OK! ისტორიაში პირველად – ვატიკანში პოპ-კონცერტი გაიმართა

1 day ago 2

12 და 13 სექტემბერს ვატიკანში „ადამიანური ძმობის“ (human fraternity) სამიტი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მოაზროვნეები, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში წმინდა პეტრეს მოედანზე პირველი პოპ-კონცერტი სახელწოდებით Grace for the World ჩატარდა.

კონცერტის ჰედლაინერი ამერიკელი მუსიკოსი ფარელ უილიამსი გახდა, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთ ორგანიზატორად ითვლებოდა. რეპერმა თავისი ცნობილი ჰიტი Happy შეასრულა.

კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა მთელ მსოფლიოში პლატფორმებზე Disney+, Hulu და ABC News Live.

Grace for the World-ის სცენაზე ასევე გამოვიდნენ ჯონ ლეჯენდი, იტალიელი ტენორი ანდრეა ბოჩელი, ტედი სვიმსი, Karol G, Got7, ჯენიფერ ჰადსონი და ჯელი როლი, ასევე ჰიპ-ჰოპ-დუეტი Clipse (No Malice და Pusha T).

როგორც THR აღნიშნავს, ეს კონცერტი ისტორიაში შევა, რადგან ის ვატიკანში მსგავსი მასშტაბის პირველი მუსიკალური ღონისძიებაა.

კონცერტზე შთამბეჭდავი შოუც გაიმართა — ცაში 3500 დრონი აფრინდა, რომელმაც გარდაცვლილი პაპი ფრანცისკეს პორტრეტი, მშვიდობის მტრედი და მიქელანჯელოს „ადამის შექმნის“ ფრაგმენტი გამოსახა.

სამიტზე კაცობრიობის მომავალი განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება კი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე გაამახვილეს.

„ადამიანური ძმობის“ სამიტი ჯერ კიდევ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებამდე მზადდებოდა. ვატიკანი უკვე რამდენიმე წელია ცდილობს ხელოვნური ინტელექტის ეთიკური პრინციპების დანერგვას და ამ მიზნით ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებთან რეგულარულ შეხვედრებს მართავს.

ვატიკანის სამიტზე სიტყვით გამოვიდნენ „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ ჯოფრი ჰინტონი, MIT-ის ფიზიკოსი მაქს ტეგმარკი, ხელოვნური ინტელექტის ეთიკის მკვლევარი ხიმენა სოფია ვივეროს ალვარესი და „Translated“-ის დამფუძნებელი მარკო ტრომბეტი.

იხ. კონცერტი სრულად

სრულად წაკითხვა