ჰიალურონის (Hyaluronic Acid, HA) შემცველი პროდუქტები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია მთელი მსოფლიოს თავის მოვლის გურუებში და სრულიად დამსახურებულადაც.
მისი უდიდებულესობა ჰიალურონის მჟავა ჩვენი ორგანიზმის, კანისა და შემაერთებელი ქსოვილების ორგანული ნაწილია. საშუალო სტატისტიკური ადამიანის 70 კგ წონის სხეული შეიცავს 15 გრ ჰიალურონის მჟავას. ამ სტატიაში კი მოდი, განვიხილოთ მისი როლი უშუალოდ კანთან მიმართებაში, რადგან ჰიალურონის მჟავა გახლავთ კანის დატენიანების, ელასტიკურობისა და სიმკვრივის გენერატორი.
ისტორია
პირველად ჰიალურონის მჟავა 1934 წელს კარლ მაიერმა და ჯონ პალმერმა აღმოაჩინეს, როგორც თვალის მინისებრი სხეულის ძირითადი კომპონენტი. ამგვარად, მისი პირველი ბიომედიცინური გამოყენება ოფთალმოლოგიას ეკუთვნის, სადაც ჰიალურონის მჟავა სამკურნალო ნივთიერებად გამოიყენებოდა. 1980-იან წლებში დაინერგა მედიცინის სხვა სფეროებშიც, უფრო კი სახსრების მკურნალობის მიმართულებით. 2000-იანი წლებიდან ფართოდ გამოიყენება კანის ზედაპირული და ინტრადერმული (კანქვეშა) დატენიანებისა და გაახალგაზრდავების მიმართულებით.
ჰიალურონი – დატენიანება და anti-age
ჰიალურონის მჟავას ერთ მოლეკულას აქვს უნარი, კანში მიიზიდოს და შეაკავოს 500-დან 1000 მოლეკულამდე წყალი. ამ გზით უზრუნველყოფს ის კანის დატენიანებას და შესაბამისად, მის სიჯანსაღეს, ნაოჭებისადმი მდგრადობას და დეჰიდრატაციისგან (გაუწყლოება, გამოშრობა) დაცვას.
რაც შეეხება ჰიალურონის ანტიასაკობრივ ფუნქციას: კანში, კონკრეტულად დერმაში არსებული დედაუჯრედები, ბიფრობლასტები დაყოფისას გამოყოფენ კოლაგენს და ელასტინს – იმ მთავარ ცილებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის ელასტიკურობასა და სიმტკიცეს. ჰიალურონის მჟავა ასტიმულირებს უჯრედების დაყოფის პროცესს და შესაბამისად, კოლაგენ-ელასტინის წარმოებას კანში. ჰიალურონის მჟავას ეს ფუნქცია განსაკუთრებით აქტიურდება ინტრადერმული (კანქვეშა) ინიექციების, მეზოთერაპიის დროს.
ამგვარად, შეგვიძლია თამამად დავასკვნათ, რომ ჰიალურონის როლი კანის სიჯანსაღეში, ახალგაზრდობასა და სილამაზეში ხაზგასმით დიდია. არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი ერთი ძალიან სასიამოვნო ეფექტი – ჰიალურონის შრატის კანზე წასმის ან კანქვეშა ინიექციების შემდეგ მისი გავლენით კანის გასაოცარი, ჯანსაღი ბზინვა! მართლაც საოცარი ეფექტია.
ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ასაკის მატებასთან ერთად, როცა სხეულში ჰიალურონის ბუნებრივი შემცველობა ნელ-ნელა იკლებს, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მისი დანამატის სახით მიღება, პირველ რიგში, ეპიდერმულად – გარეგანი მოხმარებისთვის და ასევე, კანქვეშა ინიექციების სახით, დერმაში.
OK! რეკომენდაცია:
ჰიალურონის შემცველი პროდუქტები უნივერსალური გადაწყვეტაა კანის სრულყოფილი დატენიანებისთვის. აქვე აღვნიშნავ, რომ კონკრეტულად ჰიალურონის შრატი თანაბრად სასურველი და სასარგებლოა აბსოლუტურად ყველა ტიპის კანისთვის, როგორც მშრალი, ასევე, ცხიმიან-კომბინირებული და მგრძნობიარისთვისაც კი. ის არ იწვევს არც გაცხიმიანებას, არც გაღიზიანებას, საუკეთესოდ მოქმედებს ფორებზე და მის მოხმარებას მეცნიერულად ან კვლევებით დადასტურებული უარყოფითი გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება. აი, ასეთი კეთილშობილი და დიდებული პროდუქტია ჰიალურონი.
ბიუთი რედაქტორისგან