საშემოდგომოდ კანის ეპიდერმული და ინტრადერმული ანუ ინიექციების საშუალებით, ასევე, აპარატურული მოვლა გამორჩეულად დიდ როლს იძენს. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ სანდო კლინიკა, მაღალპროფესიონალი სპეციალისტი და, რასაკვირველია, ყოველმხრივ სანდო და მაღალხარისხიანი პროდუქტები.
წარმოგიდგენთ ბევრი თქვენგანისთვის კარგად ნაცნობი კლინიკის „ქალი და ჯანმრთელობა“ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ინიექციური კოსმეტოლოგიის სპეციალისტს, ნანა კვიციანს MD PHD, ასისტენტ პროფესორს, ქირურგს, ექიმ-კოსმეტოლოგს, ტრენერს, საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაცია GAIA-ს წევრს, საქართველოს კანის მოვლის ექსპერტთა ასოციაცია GSCEA-ს წევრსა და ექსპერტს, რომელიც ქმნის და აღადგენს პაციენტების ესთეტიკურ და ახალგაზრდულ პორტრეტებს და პაციენტებისგან ნდობის უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. სწორედ ამ ნიშნებით შევარჩიე ნანა ჩვენი რუბრიკის სტუმრად და დავუსვი კანის სიღრმისეული მოვლის შესახებ კითხვები, რომელზე პასუხიც, დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს აინტერესებს.
ნანა, რამდენად მნიშვნელოვანია საშემოდგომო მოვლა კანისთვის და რა თავისებურებებს მოიცავს ის?
შემოდგომა სილამაზის სეზონია. ეს ორგანიზმისთვის და, შესაბამისად, კანისთვისაც ზაფხულის სითბოდან ზამთრის სიცივისკენ გარდამავალი ეტაპია. ამ სეზონზე ხდება ჭარბი მზის სხივების შემდგომ კანის აღდგენა და გვიან შემოდგომაზე ადაპტაცია სიცივესთან. შემოდგომით კანის მდგომარეობა იცვლება და გადადის ახალ ეტაპზე. არასტაბილური ამინდის გამო, პირველ რიგში, ზიანდება ეპიდერმული ბარიერის მთლიანობა. შეიძლება გამოვლინდეს კანის პიგმენტაცია, კაპილარების გამოხატვა, სიმშრალე, ან პირიქით – ცხიმიანობა, გამონაყარი, სიფერმკრთალე. მიზეზი კი ტენიანობისა და ტემპერატურის ცვლილებებშია.
აქედან გამომდინარე, შემოდგომაზე კანის მოვლა ითვალისწინებს ინდივიდუალურ და განსაკუთრებულ მიდგომებს.
რა კაბინეტურ პროცედურებს მოიცავს კანის საშემოდგომო მოვლა?
საშემოდგომო პროცედურები კოსმეტოლოგის კაბინეტში მოიცავს:
სახის წმენდას, დატენიანებას, კვებას, მზის სხვებისგან დაზიანებული და გაუწყლოებული კანის აღდგენას.
საწყის ეტაპზე მკურნალობას ვიწყებთ კანის განახლების პროცედურებით:
პირველ რიგში, სახის წმენდით, რაც აბსოლუტურად ყველა ტიპის კანს სჭირდება საშემოდგომოდ, ხოლო ეს წმენდა ღრმა იქნება თუ ულტრაბგერითი, ამას თავად პროფესიონალი გადაწყვეტს. მნიშვნელოვანია კანის გაჯერება დამატენიანებელი და მკვებავი ნიღბებით, შრატებით, რომელიც მიზნად ისახავს გარქოვანებული უჯრედების მოშორებას, პიგმენტაციის გამოსწორებას, კანის ტონის გაუმჯობესებას და ზედაპირულ დატენიანებას.
დიდი მნიშნელობა აქვს ქიმიურ და ულტრაბგერით პილინგებს. პილინგები ხელს უწყობს კანის განახლებას, ეპიდერმისის გაწმენდას, მისი ტონის და ტექსტურის გათანაბრებას, შეამცირებს პიგმენტაციას და ლაქების გამოხატვას კანზე. ახალი თაობის მულტიმჟავური პილინგები გაახალგაზრდავებასა და დატენიანებას ერთად გვთავაზობენ.
მოდი, უფრო დეტალურად ვისაუბროთ კანის სიღრმისეულ დატენიანებაზე, რაშიც თანამედროვე კოსმეტოლოგია აქტიურად იყენებს ინიექციურ მეთოდებს.
კანის საფუძვლიანი მოვლის ერთ-ერთი მთავარი ეტაპია კანის ინიექციური დატენიანება.
ეს არის კანის საბაზისო და სიღრმისეული მოვლის პროცედურა, რადგან დღესდღეობით ინიექციური პრეპარატები გაცილებით მეტს გვთავაზობენ, ვიდრე მარტო დატენიანებაა.
მე გამოვყოფ კანის ღრმა დატენიანების, განახლების, აღდგენისა და გაახალგაზრდავების რამდენიმე პროცედურას.
თუ შეიძლება უფრო დაწვრილებით გვესაუბროთ თითოეულ მიმართულებაზე და აუხსნათ ჩვენს მკითხველს, რომელი პროცედურა რა მიზნობრიობითაა წარმოდგენილი.
დიდი სიამოვნებით, დავიწყოთ რედერმალიზაციით.
რედერმალიზაცია ნიშნავს „დერმის აღდგენას“, ანუ კანის აღდგენას. ეს არის ინიექციური პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს სახისა და სხეულის კანის აღდგენას და გაახალგაზრდავებას. რედერმალიზაცია გულისხმობს ჰიალურონისა და ქარვის მჟავას შეყვანას დერმაში. ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, ზრდის მის სიმკვრივეს და ელასტიკურობას, ასწორებს ნაოჭებს. ქარვის მჟავა კი აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, ააქტიურებს უჯრედულ მეტაბოლიზმს და აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება. ბიორევიტალიზაციისგან განსხვავებით, რედერმალიზაცია გავლენას ახდენს კანზე უფრო ღრმად და სრულყოფილად. ჰიალურონის მჟავასა და ქარვის მჟავას კომბინაცია უზრუნველყოფს უფრო გამოხატულ და ხანგრძლივ ეფექტს.
მეორე ძალიან სასარგებლო პროცედურა არის დღესდღეობით ძალიან პოპულარული, ახალი სიტყვა ინიექციურ კოსმეტოლოგიაში – თერაპია ეგზოსომებით.
ეს არის ინოვაციური „ენერგეტიკული კოქტეილი“ სპეციალურად კანის უჯრედოვანი აღდგენისთვის. ეგზოსომების უნიკალური ფორმულა „აღვიძებს“ დაღლილ უჯრედებს და აძლევს მათ მძლავრ ბიძგს განახლებისთვის. ეგზოსომები მდიდარია ციტოკინებით. ციტოკინები არის მცირე ცილის მოლეკულები, რომლებიც მოქმედებენ როგორც „მესინჯერები“ ორგანიზმში, გადასცემენ შეტყობინებებს უჯრედებს შორის, განსაკუთრებით იმუნურ სისტემაში. ისინი არეგულირებენ უჯრედების ზრდას, აქტივობას და სიცოცხლისუნარიანობას, ასევე კოორდინაციას უწევენ ანთებით რეაქციებს, ასტიმულირებენ კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, ამცირებენ ანთებას და აუმჯობესებენ კანის საერთო ტექსტურას.
აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ბუსტერით ბიომოდულაციაზე 7 წერტილში. ბიომოდულაცია – ინოვაციური საშუალებაა, რომელიც ახდენს ქსოვილების რეგენერაციას, სტიმულაციას, კანის გაახალგაზრდავებას. პროცედურა აჩქარებს კანის განახლებას, ღრმად ატენიანებს და ელასტიკურს ხდის მას. ბიომოდულაციის კურსის შედეგად კანი ხდება უფრო მტკიცე, გლუვი და ბუნებრივად ბზინვარე.
კლასიკური ბიორევიტალიზაცია ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა. ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ეს არის ჰიალურონის მჟავას ინიექციები, რომელიც ღრმად ატენიანებს კანს, ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, რითაც აუმჯობესებს მის ტონუსს და ელასტიკურობას. სახელიდან გამომდინარე („ბიო“– ბუნებრივი, „რე“ – დაბრუნება, „ვიტა“ – სიცოცხლე), პროცედურა შექმნილია კანის სიცოცხლისუნარიანობის დასაბრუნებლად.
დაბოლოს, ვახსენოთ მეზოთერაპია შედარებით ახალგაზრდა კანისთვის –
ვიტამინების, მინერალების, ამინომჟავებისა და ჰიალურონის მჟავას კოქტეილის შეყვანა კანის დერმის ზედაპირულ ფენებში. მეზოთერაპიის შედეგებია სახის ფერის გაუმჯობესება და სრულყოფა, ზედაპირული ნაოჭების გასწორება, თვალის ქვეშ მუქი წრეებისა და შეშუპების გაუმჯობესება, პიგმენტური ლაქებისა და სისხლძარღვთა ქსელის გაქრობა. მეზოთერაპიის შედეგად კანი ხდება დატენიანებული, ელასტიკური და ჯანსაღი.
კიდევ რა დამატებითი რჩევები გექნებათ ჩვენი მკითხველისთვის, რომლებიც ზრუნავენ კანის და სხეულის სილამაზესა და სიჯანსაღეზე?
შეიტანეთ თქვენს რაციონში ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა სეზონური ხილი და ბოსტნეული, უცხიმო ხორცი, ფრინველი და თევზი. ბიოდანამატები და ვიტამინების კომპლექსი. ასევე, ინტრავენური სილამაზის წვეთები. ასეთი კომპლექსური მიდგომა ახალი სიტყვაა კოსმეტოლოგიაში და ეწოდება ბიოჰაკინგი – კანის სიჯანსაღეზე შინაგანი საშუალებებით ზრუნვა, რაც არა მხოლოდ კომპლექსურად აღმოფხვრის კანის პრობლემებს, არამედ ებრძვის გამომწვევ მიზეზებსაც, აახალგაზრდავებს დნმ-ს და ახანგრძლივებს ორგანიზმისა და კანის სიცოცხლისუნარიანობას.
აქვე ჩამოვთვლი კიდევ რამდენიმე პროცედურას, რომლებიც უკეთ დაგეხმარებიან კანის მოვლასა და სილამაზის უზრუნველყოფაში:
RF ლიფტინგი გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კვებას და კანის ლიმფურ დრენაჟს.
ფოტოგაახალგაზრდავება ხელს შეუწყობს ასაკობრივი ლაქების, სისხლძარღვთა ქსელის მოცილებას და კანის ტექსტურის გაუმჯობესებას.
პლაზმური თერაპია ასტიმულირებს რეგენერაციისა და გაახალგაზრდავების პროცესებს, რაც კანს უფრო ელასტიკურს და ახალგაზრდას გახდის.
ლაზერული გაახალგაზრდავება და ერბიუმის ზედაპირული აღდგენა (ლაზერული ზედაპირული აღდგენა) შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაოჭების, ნაწიბურების და დაბერების სხვა ნიშნების გამოსასწორებლად.
ტრედლიფტინგი და ოზონოთერაპია ასევე შეიძლება რეკომენდებული იყოს ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების ეფექტურად გამოსასწორებლად.
თქვენი საყვარელი პროცედურა რომელია?
ბოტულინოთერაპია Full Face – სრული სახის ტექნიკით მიყვარს მუშაობა ყველა სეზონზე. ვმუშაობ საავტორო ტექნიკით, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო ასაკსაწინააღმდეგო ეფექტს, აქრობს ნაოჭებს, აუმჯობესებს სახის კონტურებსა და ოვალს. პროცედურის სისტემატურად ჩატარება უნარჩუნებს კანს ახალგაზრდობას.
რომელ პრეპარატებს გამოყოფდით?
მიყვარს Hyalual კომპანიის პრეპერატები Xela Rederm, ბიოკოქტეილი Fillmed NCTF 135 HA, NEOUFOUND EXO-ს ეგზოსომები, Yaqoot ბიომოდულატორი ბუსტერი და Allergan Botox ბოტულინოტერაპია.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ალექსეი სეროვი