#OK! კომფორტის ზონა – ინტერვიუ მაია ფანჯიკიძესთან

3 hours ago 4

ქართული OK!-ს სტუმარი არაჩვეულებრივი, ძალიან საინტერესო ქალია – დამსახურებული მასწავლებელი, ყოფილი წარმატებული საჯარო მოხელე, ამჟამად „კავკასიის უნივერსიტეტის“ პროფესორი და ბესტსელერების ქართული თარგმანების ავტორი, მაია ფანჯიკიძე. ჩვენს ელეგანტურ მასპინძელს მცხეთაში, თავის მყუდრო სახლში ვეწვიეთ და სურნელოვან ფინჯან ყავასთან ერთად ვესაუბრეთ ცხოვრებისეულ სიახლეებსა და საინტერესო მომენტებზე.

მაია, როგორ ხართ? როგორ მიდის თქვენი ცხოვრება?

მე თვითონ კარგად ვარ, კმაყოფილი იმით, რაც მაქვს და არ მინდა ამაზე მეტი. მსიამოვნებს, როგორც ვარ. მსიამოვნებს, რომ ვიმუშაო იმაზე, რაც მიყვარს და სხვა საქმიანი ვალდებულებები არ მქონდეს. მაქვს ფუფუნება, სამუშაო დრო ისე გავანაწილო, როგორც მინდა. ეს დიდ ბედნიერებას მანიჭებს. მაგრამ, მეორე მხრივ, გარეთ რომ ვიხედები, ბევრი რამ მაშფოთებს. ის, რასაც ვემსახურებოდი მთელი სიცოცხლე და იყო ჩემი მუშაობის არსი, დღეს ეჭვქვეშ დადგა. დაწყებული იმ დროიდან, როცა გერმანიაში უნივერსიტეტი დავამთავრე, დავბრუნდი საქართველოში და დავიწყე თბილისის მეექვსე სკოლაში გერმანულის სწავლება, მთელი ჩემი ცხოვრება ვმუშაობდი და ვშრომობდი იმისთვის, რომ ევროპული ინტეგრაცია ხელშესახები გამეხადა ყველასთვის, ვისთანაც ურთიერთობა მქონია, – ბავშვებთან – სკოლაში, თანამშრომლებთან – დიპლომატიურ სამსახურში მუშაობისას თუ ახლა, როცა საქართველოში ევროპული ლიტერატურის პოპულარიზაციას ვემსახურები. ყველაფერი, რაც მიკეთებია, ევროპასთან იყო დაკავშირებული. ის, რომ ეს იდეა დღეს თითქოს ეჭვქვეშ დადგა, ძალიან მაშფოთებს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.

ახლა რა პროექტზე მუშაობთ? თქვენს მთარგმნელობით საქმიან ცხოვრებაზე მოგვიყევით.

ახლა დასაბეჭდად მაქვს გამზადებული წიგნი, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტმა“ შემიკვეთა. ამ წიგნმა შარშან ბუკერის პრემია მიიღო და მისი ავტორი ახალია ქართული ლიტერატურული სივრცისთვის, პირველად ითარგმნება მისი რომანი. ეს გახლავთ ჯენი ერპენბეკის „კაიროსი“. კაიროსი ბერძნულ მითოლოგიაში ბედნიერი წამის ღმერთია. ხომ არის ისეთი წამები, რომელიც ცვლის ადამიანის ცხოვრებას, ასეთი წამის ღმერთია კაიროსი. ეს ბედნიერი წამი არის ამ რომანში, როცა 19 წლის გოგო მასზე 34 წლით უფროს კაცს ხვდება და მათ შორის იწყება სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც ბევრად უფრო სერიოზულ თემაში გადაზრდება – გდრ-ის, როგორც სახელმწიფოს, დასასრულში. ნგრევა, რომელიც მოსდევს არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ადამიანების პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას, პოლიტიკური ქარტეხილების ფონზე – ამაზეა ეს რომანი. ალბათ 2-3 კვირაში გამოვა. გარდა ამისა, ველოდები ნინო ხარატიშვილის ახალ რომანს, რომელსაც ახლა წერს და შეპირებულია, რომ წლის ბოლომდე დაამთავრებს. დაასრულებს თუ არა, დავიწყებ მის თარგმნას, რადგან ნინოს რომანებს ძალიან ელოდება ქართველი მკითხველი. ახლა გამოვიდა ნინოს საბავშვო წიგნი ჩემი თარგმანით, რომელიც ასევე ძალიან პოპულარული გახდა და არამარტო ბავშვებში, რადგან ამავე დროს, დიდებისთვის დაწერილი საბავშვო წიგნიცაა და ჰქვია „ლომგულები“.

ნინო ხარატიშვილთან თანამშრომლობაზე მინდა გკითხოთ. მანამდე კი ძალიან საინტერესოა, ზოგადად, როგორია მთარგმნელის შრომის პროცესი? მტანჯველია თუ სიამოვნების მომტანი? ეს ხომ კოლოსალური შრომაა, რადგან მთარგმნელმა, ფაქტობრივად, მკითხველებისთვის ახლიდან უნდა გადაწეროს ნაწარმოები მათ მშობლიურ ენაზე.

არა, მტანჯველი არ არის. თუ მოგწონს წიგნი, ავტორი და, საერთოდ, ეს საქმე თუ გიყვარს, ეს სიამოვნებაა. მთარგმნელის ამგვარ შექებას შეიძლება მოჰკრათ ყური, ასე მგონია, ის ავტორი ქართულად წერდაო. სხვათა შორის, დედაჩემი ამბობდა, რომ მეუბნებიან, ასე მგონია, თომას მანი ქართულად წერდაო, სულაც არ მიმაჩნია დიდ კომპლიმენტადო. როცა უცხო ენიდან თარგმნი წიგნს, მკითხველს ის შეგრძნება კი არ უნდა ჰქონდეს, რომ ავტორი ქართულად წერდა, უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ თვითონ იცის ის ენა, რომელზეც დაწერილია წიგნი. თუ მეტისმეტად გადმოაქართულე უცხოური ნაწერი, ის აღარ იქნება ისეთი შთამბეჭდავი. წიგნმა უნდა შეინარჩუნოს ის კულტურული გარემო, რომელშიც ის დაიწერა. უცხოს თავისუფლად მიღება არის კარგი თარგმანი. როცა ის უცხო ისე თავისუფლად შემოდის შენში, რომ არ აქვს განცდა, რამე ვერ გაიგე ან გეხამუშა.

თუმცა ნინო ხარატიშვილი განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ის ბევრს წერს საქართველოზე, გერმანულენოვანი ავტორია, მაგრამ ქართველი. და მისი წიგნი, უცხო ენაზე დაწერილი, მე ნამდვილ ქართულ წიგნად უნდა ვაქციო, ასე ვუყურებ ნინოს შემოქმედების თარგმნას. ამიტომ, ერთი მხრივ, იოლია, რადგან ეს ქართული სინამდვილეა, ის წლები, რომელზეც წერს, ჩემიც არის, მეც გამივლია. თუ დაიჭერ რიტმს, დაიჭერ ენას, სტილს, მერე თარგმნა ადვილია და მხოლოდ სიამოვნებაა. ამ სტილის დაჭერა პირველ 50-100 გვერდზე ხდება ნინოსთან იმიტომ, რომ მისი წიგნები ძირითადად თითქმის 1000-გვერდიანია.

მუშაობის დროს თუ გაქვთ კომუნიკაცია ავტორებთან, ცხადია, რომლებიც ცოცხლები არიან? თუ დისტანცირებული პროცესია თარგმნა?

ეს არის აბსოლუტურად დისტანცირებული პროცესი, რადგან ვერცერთი ავტორი, რომელსაც მე ვთარგმნი, ჩემს ნაშრომს ვერ წაიკითხავს და ვერ შეაფასებს. ნინო ამ მხრივაც განსაკუთრებულია, რადგან მას შეუძლია წაიკითხოს და შეაფასოს. „უკმარი სინათლის“ თარგმნისას ერთ გვერდზე მქონდა ჩამოწერილი შეკითხვები, რომელიც მასთან დავაზუსტე და მეტი კონსულტაცია არ გვქონია. ამაზე მეტად არც ის ერევა და არც მე მჭირდება მეტად ჩარევა მისგან. სხვათა შორის, ნინო კითხულობს თავის ნათარგმნ წიგნებს ქართულად.

თქვენს ნათარგმნ წიგნებში რომელს გამოარჩევთ? რომელი ნაწარმოები შეიყვარეთ განსაკუთრებულად?

ძალიან მიყვარს „უკმარი სინათლე“. პირველ რიგში იმიტომ, რომ თუკი ადრე ვინმე შემხვდებოდა და დამისვამდა კითხვას: აბა, ახლა სად ხარ, რას საქმიანობ? ახლა ეს კითხვები გაქრა. თუ ვინმემ არ იცოდა, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი, ამ წიგნის წყალობით ყველამ გაიგო. მეორე მიზეზი ისა, რომ თვითონ წიგნი მართლა არაჩვეულებრივია, ნამდვილი ბესტსელერი. ძალიან ჩემი გახდა ეს წიგნი.

დანარჩენი ავტორებიდან, რომელიც მითარგმნია, განსაკუთრებულად მიყვარს ავსტრიელი თომას ბერნჰარდი, რომლის სამი რომანი და ერთი პიესა ვთარგმნე. იგი ცოცხალი აღარ არის. ახლა ვფიქრობ, ვთარგმნო მისი მთავარი ნაწარმოები, რომელიც საკმაოდ სქელტანიანია და დიდი დროც დასჭირდება. ეს არის Opus Magnum, მისი სათაურია Ausloschung, რომელიც, ბოლომდე ვერ გადამიწყვეტია, როგორ ვთარგმნო, „გაქრობა“ ავირჩიე სამუშაო ვერსიად. ხანდახან სათაურის შესატყვისს მაშინ მიაგნებ, როცა მთელი წიგნი ნათარგმნი გაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ თომას ბერნჰარდი ჩემი უსაყვარლესი მწერალია. ამ ავტორზე მუშაობა არის უდიდესი გამოწვევა და ის სამი რომანი, რომელიც უკვე ვთარგმნე, გარკვეულწილად შემზადება იყო იმისთვის, რომ მისი მთავარი რომანი მეთარგმნა. ეს არის წიგნები, რომელსაც ვერ მოჰყვები, რადგან სიუჟეტი, ფაქტობრივად, არ აქვს და ძირითადად ფილოსოფიური განსჯაა პროტაგონისტებს შორის. ასეთი ნაწარმოების თარგმნა ბევრად რთულია. ასეთმა წიგნმა რომ გაგიტაცოს, უზარმაზარი ოსტატობით უნდა იყოს დაწერილი და, შესაბამისად, კარგად ნათარგმნი. ასეთი ავტორია თომას ბერნჰარდი.

მაია, პირად შეკითხვას დაგისვამთ. როგორ გრძნობთ თავს ცხოვრების ამ ეტაპზე? თუკი შევადარებთ ადრეულ, ახალგაზრდობის წლებს და შემდეგ უკვე, მოდი, ასე დავარქვათ, სიბრძნის წლებს, რით არის აწმყო გამორჩეული, რისი გადაფასება ხდება, რა სიამოვნება და გამოწვევები ახლავს მას?

ჩემს ცხოვრებაში ცვლილებები გარკვეულმა გარემოებებმა გამოიწვია და არა ასაკმა. მას მერე, რაც დავტოვე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი, 11 წელი გავიდა და აღარ მიმუშავია სახელმწიფო სამსახურში, ვმუშაობ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში, ანუ წინა ცხოვრებაში დაბრუნებას, ბევრი დადებითი მოჰყვა. იმის გამო, რომ აღარ მაქვს ვალდებულება, სადმე დილის 9 საათზე გამოვცხადდე და დაუსრულებლად ვიმუშაო, მომეცა ფუფუნება, მე თვითონ განვსაზღვრო ჩემი რეჟიმი, ჩემი დღე, ავირჩიო ის, რისი გაკეთება მინდა. ეს არის ძალიან კარგი. მართლა უზარმაზარი შრომაა თარგმნა და, რასაკვირველია, ანაზღაურება არ არის შესაბამისი. ჩემს გამომცემელს ვეუბნები ხოლმე, რასაც მე ერთ წიგნში, ერთი წლის ნამუშევარში ვიღებ, იმას პარლამენტარი ერთ თვეში იღებს-მეთქი. ასეთი დაუფასებელი შრომაა, მაგრამ ამავდროულად, დიდი ფუფუნებაა აკეთო ის, რაც გიყვარს. ეს არის მთავარი – საკუთარი დროის განკარგვის ფუფუნება. შენს თავს აღარ აიძულებ, რომ ვიღაცას რაღაცა უმტკიცო, გაქვს შენი ბიოგრაფია, რაღაც გაგიკეთებია, შეგიძლია უკან მოიხედო და შეაფასო შენი გაკეთებული, რა სარგებელი მოუტანე ქვეყანას. ჩემთვის, ამ კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვანი წლები იყო მინისტრობის პერიოდი, როცა ბევრად მეტის გაკეთება შემეძლო ქვეყნისთვის, ვიდრე სხვა პოზიციაზე მუშაობისას. ჩემთვის ამოსავალი პრინციპი იყო, არ გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც ჩემს ქვეყანას დააზიანებდა და პირიქით, თითოეული ნაბიჯის გადადგმისას იმაზე ვფიქრობდი, რით შემეძლო წინ წამეწია სახელმწიფო. მიმაჩნია, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა იყო ჩემი პროფესიული საქმიანობის კულმინაცია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო ევროპულ გზას გააგრძელებს და მალე გახდება ევროკავშირის წევრი.

მაია, დიდი ხანი არაა, რაც ახალი და ძალიან სასიამოვნო სტატუსი გაქვთ – ბებია გახდით. როგორია ბებიობა?

დიდხანს ველოდი შვილიშვილს და მერე ორი ერთად გაჩნდა. ორივე შვილს 6 თვის ინტერვალით გაუჩნდა შვილები. ეს სულ სხვა რამ ყოფილა და ამით არაფერს განსაკუთრებულად ახალს ვერ ვიტყვი. არ მინახავს ბებია, რომელიც არ გიჟდებოდეს თავის შვილიშვილებზე და არ ეგონოს, რომ მისი შვილიშვილები ყველაზე ლამაზები და ჭკვიანები არიან. არაჩვეულებრივი განცდაა. ერთი შვილიშვილი შორს არის, ბერლინში, მეორე ჩემთან ახლოს, აქ ცხოვრობს და ყოველდღე თუ ვერ ვნახე, ვერ ვძლებ, ისე მენატრება. ახლა ველოდები, მეორე ბერლინიდან ჩამოდის მალე და განუზომელი სიხარულით ვემზადები მის დასახვედრად. წლის და წლინახევრის არიან, ნელ-ნელა იწყებენ ლაპარაკს, შეგნებულად კონტაქტში შემოსვლას… საოცარი რამეა ეს ყველაფერი. ბებიობის უპირატესობა დედობასთან შედარებით ის არის, რომ ბავშვებთან დაკავშირებული შრომის დიდი ნაწილი, ცხადია, მშობლებზეა და ბებიის როლში უფრო მეტად ატან გემოს ბავშვთან ყოფნის სიამოვნებას. რასაკვირველია, ამისთვის ბებიასაც უნდა ეცალოს და აი, კიდევ ეს არის კარგი ჩემს პროფესიასა და მდგომარეობაში, რომ შემიძლია, როგორც მინდა ისე დავგეგმო დრო, მაგალითად, დღეს ვიმუშაო 10 საათი და ხვალ არცერთი, ამას არავინ მიმოწმებს და მიკონტროლებს და შემიძლია მთელი დღე დავუთმო ბავშვებს, რაც მართლა დიდი ფუფუნებაა.

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა