#OK! კორპორაცია ქართული ღვინო ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

4 days ago 11

ქართული ღვინო რომ უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სასმელი, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია. ეს არის კულტურა, ისტორია და ის იდენტობა, რომელიც ქვეყანას ყველაზე მაღალი სტანდარტით აცნობს მსოფლიოს. სწორედ ამ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის გაგრძელებაა „კორპორაცია ქართული ღვინო“ – კომპანია, რომელმაც მეღვინეობის ცოდნა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომა წარმატების ისტორიად აქცია.

სტაბილურად მაღალი სტანდარტი, პროფესიონალების გუნდი და როგორც თანამედროვე, ასევე ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინის მრავალფეროვანი ასორტიმენტი გახდა ის საფუძველი, რამაც კომპანიას საერთაშორისო აღიარება და მომხმარებლის ნდობა მოუტანა.

დღეს კი „კორპორაცია ქართული ღვინო“ ახალ თავგადასავალს იწყებს ტურიზმის სფეროში, წინანდლის გულში შექმნილი უნიკალური სასტუმრო კომპლექსით. ეს არის სივრცე, სადაც ისტორია თანამედროვე კომფორტს ხვდება და სადაც სტუმარი არა მხოლოდ მომსახურებას, არამედ ემოციასა და გამოცდილებას მიიღებს.

ჩვენს კითხვებს პასუხობს კომპანიის დირექტორი, ნათია გაგნიძე, რომელიც გვიზიარებს ,,კორპორაცია ქართული ღვინის“ შექმნის ისტორიას, მის მიღწევებს და სამომავლო გეგმებს.

როგორია ,,კორპორაცია ქართული ღვინის“ შექმნის ისტორია? რა იყო მიზანი?

ჩვენი მეღვინეობა შეიქმნა 30 წლის წინ ერთი მკაფიო იდეით – ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი კულტურის თანამედროვე სტანდარტებით წარმოჩენა და მსოფლიო ბაზარზე მისი ღირსეულად დამკვიდრება. „კორპორაცია ქართული ღვინო“ ჩვენთვის მხოლოდ ბიზნესი არაა, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის ღვინის საგანძურის წინაშე. ჩვენი მისიაა, გავაუმჯობესოთ ხარისხი, გავზარდოთ ცნობადობა და შევქმნათ პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელი ყოველთვის ენდობა.

როგორია დღევანდელი საწარმოო მოცულობა და რა ტიპის ღვინოს აწარმოებთ?

დღეისათვის ჩვენს საწარმოს 8 000-10 000 ტონა ყურძნის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის, ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით, რომლებიც სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და თანამედროვე მოთხოვნებს. ვაწარმოებთ როგორც ევროპული, ასევე ქართული ტრადიცული ტექნოლოგიით დამზადებულ ღვინოს, ასორტიმენტში ძირითადად კახური ჯიშები ჭარბობს. გვაქვს 150 ტონა მოცულობის ქვევრები, რომელთა უმეტესობა 2 საუკუნეს ითვლის. ვიყენებთ ფრანგულ მუხის კასრებს, რომლებიც შერჩეულ იქნა ორგანოლეპტიკური კვლევების საფუძველზე. დავიწყეთ ჭაჭის და ბრენდის წარმოება, წელს პირველად ჩამოვასხით ცქრიალა ღვინო სავაჭრო ნიშნით „დინო“, რომელმაც სხვადასხვა ბაზარზე უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა. ასევე, მეღვინეობის ტერიტორიაზე განთავსებულია ენოთეკა, სადაც ინახება 30 000-მდე ღვინის საკოლექციო უნიკალური ნიმუში.

რა მთავარი უპირატესობები გააჩნია ,,კორპორაცია ქართულ ღვინოს“ ბაზარზე? რას მიიჩნევთ კორპორაციის მთავარ მიღწევად?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, საწარმო აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის თანამედროვე მანქანა-დანადგარებით, ვაკმაყოფილებთ ყველა სტანდარტს და მოთხოვნას, რაც სფეროს მიმართ არსებობს.

ხარისხის შიდა კონტროლის გარდა წელიწადში რამდენიმეჯერ ხორციელდება საწარმოს საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შემოწმება ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოთხოვნით. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორების უმრავლესობასთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, რაც ბუნებრივია, განპირობებულია ჩვენი პროდუქციის სტაბილურად მაღალი ხარისხით.

ჩვენი კომპანია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ჩვენს დარგში მიიღო ხარისხის ორი სერტიფიკატი ISO 9001:2015 მენეჯმენტის სფეროში და ISO 22000:2018 საკვების პროდუქციის უვნებლობის სფეროში.

რაც შეეხება ჯილდოებს, ყოველთვის ვმონაწილეობთ პრესტიჟულ საერთაშორისო ღვინის კონკურსებსა და გამოფენებში და ჩვენი ღვინოები 300-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

და ჩემი აზრით ყველაზე მთავარი – პროფესიონალების გუნდი, რაც ნამდვილად ჩვენი დიდი უპირატესობა და ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია, ამიტომაც მუდმივად ვზრუნავთ მათ პროფესიულ განვითარებაზე, სისტემატურად ვგზავნით ჩვენს მეღვინე-ტექნოლოგებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

ნათია, როგორც ჩვენთვის ცნობილია, სიახლე გაქვთ, უფრო დაწვრილებით გვითხარით, სასტუმროს შესახებ საიდან მოვიდა იდეა?

ეს არის წინანდლის გულში გაცოცხლებული ისტორია. ყოფილი წინანდლის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, ჩვენი საწარმოს ბაზაზე შექმნილი სასტუმრო კომპლექსი ჩვენი მრავალწლიანი დაგროვილი გამოცდილებებისა და ცოდნის დემონსტრირებაა. გვინდოდა მოგვეძებნა კავშირები შესაბამის ინდუსტრიებში. სწორედ ამიტომ გაჩნდა სასტუმროს იდეა, მასპინძლობით პოზიციონირება ყველაზე ახლოს აღმოჩნდა ჩვენთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით ვფიქრობთ ჩვენი გამოცდილებების გაზიარებას.

რატომ უნდა აირჩიოს სტუმარმა თქვენი სასტუმრო? რა კონცეფციის მატარებელია და რას უნდა ველოდეთ?

დიახ, კონკურენცია ძალიან დიდია განსაკუთრებით კახეთის რეგიონში, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჯანსაღი ამბიცია, ამაყად დავიკავოთ განსაკუთრებული ადგილი ამ ბაზარზე. უკვე გვყავს გუნდი, რომელიც ემზადება სასტუმროს გახსნისთვის.

კონცეპტუალურად მთლიანი მომსახურების სივრცე ისტორიას ჰყვება, თითოეულ დეტალზე ნაფიქრია და შესაბამისობაშია გარემოსთან. სასტუმრო საუკეთესო მოგონებების შესაქმნელად, რესტორანი ქართული კონცეფციით და მუდმივად განახლებადი ავთენტური გემოებით გასტრონომიული თავგადასავლებისთვის, საკონფერენციო სივრცე საქმიანი და საგანმანათლებლო შეხვედრების და ღონისძიებებისთვის, სპა ღვინის თემატიკით, ღია აუზი ტერასით, ალაზნის ველის და კავკასიონის ხედებით, პროფესიონალური სადეგუსტაციო, ენოთეკა, ქვევრების დარბაზი, პადელის კორტები სპორტული აქტივობებისთვის და სხვა ძალიან საინტერესო სივრცეები.

ამას გარდა, ვფიქრობ, განსაკუთრებული მაინც ის ადამიანები იქნებიან, ვინც იქ დახვდება ინდივიდუალური მომსახურებით თითოეულ სტუმარს. ჩვენი მიზანია მოგონებების შექმნა მაღალი დონის მომსახურებით, ასევე, განსხვავებული და საქართველოსთვის შეიძლება უცხო აქტივობებით, რასაც ჯერ არ დავაკონკრეტებ.

ნათია, როგორია თქვენი მენეჯერული სტილი?

ჩემი მენეჯერული სტილი, ვფიქრობ, არის კომბინირებული და მოიცავს, პირველ რიგში, ადამიანებზე ორიენტირებულ მიდგომას და სტრატეგიულ მიმართულებას.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, თანამშრომელი გრძნობდეს საკუთარ მნიშვნელობას და იცოდეს, რომ იყენებს თავის უნიკალურ შესაძლებლობას კომპანიის განვითარებისათვის, რასაც კომპანია თავის მხრივ აუცილებლად სათანადოდ აფასებს.

მაქსიმალურად ვცდილობ თითოეულ თანამშრომელთან უშუალოდ მქონდეს კომუნიკაცია და ჩართული ვიყო ყველა, თუნდაც უმნიშვნელო საკითხის გადაჭრაში. კადრების გადამზადება და მათი პროფესიონალიზის ამაღლება პრიორიტეტია.

რაც შეეხება სტრატეგიულ მიმართულებას, სტუმარმასპინძლობის და ღვინის სექტორი მუდმივად იცვლება – სტუმრების მოლოდინები, ბაზრის ტენდენციები, ტექნოლოგიები. სწორედ ამიტომ გადაწყვეტილებებს გარემოსა და კონკრეტული გამოწვევის მიხედვით ვიღებ: ზოგჯერ სწრაფი და მკაფიო ინსტრუქციებია საჭირო.

კონკურენციის ასეთი მაღალი მაჩვენებლის პირობებში ერთი წუთით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, მუდმივად პულსზე ხელი უნდა გვედოს და მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ, რომ ფეხი ავუწყოთ ცვლილებებს და ბაზრის მოთხოვნებს. სხვა არჩევანი, უბრალოდ, არ გვაქვს.

ზოგადად, ღვინის ინდუსტრია, ისევე როგორც ტურიზმი, მუდმივ განვითარებაშია, აქ არ არსებობს კულმინაცია, რომელსაც მიაღწევ და გაჩერდები. ჩემთვის, როგორც მენეჯერისთვის, სწორედ ესაა მთავარი ხიბლი და გამოწვევა.

სამომავლო გეგმები…

სამომავლო გეგმებში რამდენიმე მიმართულებას გამოვყოფ, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ: ასორტიმენტის გაზრდა – განსაკუთრებული, მცირე ტირაჟის პრემიუმ კოლექციები; ტურისტული მიმართულების განვითარება – სპორტული ღონისძიებების, მუსიკალური და გასტრონომიული საღამოების, მასტერკლასების, ფესტივალების ჩატარება; ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიება და დივერსიფიკაცია – დღეს ჩვენი ღვინო 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მუდმივად გრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით; საგანმანათლებლო-შემეცნებითი – ღვინის აკადემიის შექმნა, სადაც ახალგაზრდებს მეღვინეობის სწავლების თანამედროვე მოდელს შევთავაზებთ.

დაბოლოს, რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არ უნახავთ თქვენი საწარმო ან სასტუმრო?

ვეტყოდი მხოლოდ ერთს – მოდით და თავად გამოცადეთ. ჩვენ გვჯერა, რომ ქართული ღვინო სიტყვებზე მეტს ამბობს. „კორპორაცია ქართული ღვინო“ და „ღვინის სადგური“ არის ადგილი, სადაც სტუმარი ხდება ჩვენი ღირებულებების ნაწილი. ეს არის ისტორია, რომელსაც გიყვებით გემოთი, ხედებითა და გულწრფელი სტუმარმასპინძლობით.

დაბოლოს, ვამაყობ ყველა იმ წარმატებით, რაც კომპანიას აქვს და მინდა ვთქვა, რომ არ არსებობს იმაზე მეტი სიამოვნება/კმაყოფილება, როცა შენი შრომის შედეგი თვალწინ გაქვს და სწორედ ეს მაძლევს მოტივაციას, შევეჭიდო ნებისმიერ გამოწვევას და წარმატებით გავაგრძელო გზა ახალი მიღწევებისკენ. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელიც წარმატების ამ გზაზე ჩემ გვერდით იყო, არის და იქნება.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა