#OK! “ლეგენდის დაბადება” – ლედი გაგას ურთულესი გზა წარმატებამდე და “მუსიკალური საიმპერატორო ფაზა”

4 weeks ago 24

1986 წლის 28 მარტს იღბლიან მსოფლიოს მოევლინა ქალი, რომელმაც თავისი ექსცენტრული სტილით მოდის ლანდშაფტი შეცვალა, უკომპრომისო არტისტულობით კი პოპკულტურა და ხელოვნება გააერთიანა. რთულია მხოლოდ რამდენიმე გვერდი მიუძღვნა ადამიანს, რომელმაც გასული ათწლეული მთლიანად შეცვალა, ვარსკვლავი, რომელმაც მუსიკის, მოდის და ხელოვნების კომბინაცია შემოგვთავაზა. ლედი გაგას ეკლექტიკური იმიჯიდან შესაძლოა არ გახსოვდეთ სამოსის ლოგო, თუმცა, მისი სილუეტი არასდროს დაგავიწყდებათ, რადგან გაგასთვის დიზაინერები ქმნიდნენ სამოსს, ის კი მოდას შემდეგ თავად ქმნიდა.

განსხვავებული კონცეფცია, ორიგინალური ვიზუალიზაცია, ამაღელვებელი სიუჟეტი, პროფესიონალურად წარმოებული სიმღერები, შესანიშნავი ქორეოგრაფია, პარიკები და კოსტიუმები, საზრიანი ტექსტები… ამ ყველაფერს მიღმა იდგა მომღერალი, წარმატების მძლავრი სურვილით განმსჭვალული არტისტი, სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტა, რომელიც ნიუ-იორკის კლუბური გოგონადან მალე საზოგადოების კულტად იქცა. იმისათვის, რომ მიხვდეთ გაგამ პოპკულტურაზე როგორი ზეგავლენა მოახდინა, აუცილებლად უნდა გაიხსენოთ მოსაწყენი ტენდენციებით სავსე 2008 წელი, რომელიც გაგამ უნიკალურად აქცია. მის სიმღერებს არ ჰქონდა მხოლოდ ბრწყინვალე ჟღერადობა, მათ ჰქონდათ ნარატივი, რამაც პოპის, მოდისა და ხელოვნების გავლით თანამედროვე კულტურა გადაკვეთა.

გაგამ შეინარჩუნა ავთენტურობა და საკუთარი თავი ხატად აქცია, როდესაც The Fame Monster-ით პოპკულტურის ხატების პანთეონში შეაბიჯა. ათწლეულზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მომღერალმა Bad Romance გამოუშვა. ეს არის მანტრა, რომელიც პერმანენტულად მეორდება ნებისმიერი ადამიანის გონებაში, ეს არის სიმღერა, რომელიც “აშენებულია” ავისმომასწავებელ დეფორმირებულ მელოდიაზე, პანტომიმურ მელოდრამასა და გერმანულ ტექნომუსიკაზე.

Bad Romance-ის ინდუსტრიული და გოთური ჟღერადობით გაგამ პარანოიის და მელანქოლიის “დემონი” გამოუშვა, ეს არის უდიდესი კრეატიული კოლაბორაცია, სადაც გაგას შემოქმედებითმა პარტნიორმა ალექსანდრ მაკქუინმა მუსიკასა და მოდას შორის ურთიერთობა მთლიანად გარდაქმნა, ეს არის სიმღერა რომლის დებიუტი პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Alexander McQueen-ის Plato’s Atlantis-ის შოუზე, 2009 წლის ოქტომბერში შედგა. კლიპის უშიშარმა თხრობამ ხაზი უნიკალური არტისტიზმის მნიშვნელობას გაუსვა, რითიც მუსიკალური ინდუსტრია გამოაცოცხლა და მას გარისკვისკენ უბიძგა. მარტივად რომ ვთქვათ Bad Romance-მა და The Fame Monster-მა ინდუსტრია შეარხია. ამ უკანასკნელმა ინსპირაცია საშინელებათა ტროპებიდან მიიღო, რომელზეც მისი სადებიუტო ალბომი (The Fame) იყო კონცენტრირებული.

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ გაგა სიტყვებს მარცვლოვან ელემენტებად ყოფს, როდესაც ის p-p-p-oker face-ს ირგებს, უბრალოდ j-j-j-ust having a dance-ს ცეკვავს ან თავიდან papa-paparazzi-ის იშორებს. ეს მისი სიმღერების ეგრეთ წოდებული Key Element-ია. ალბათ თქვენთვისაც არსებობენ არტისტები, რომლებსაც აქვთ ჯადოსნური უშუალობა, დააგროვონ თქვენს გარშემო მოულოდნელი მღელვარება, სიმღერის გაჟღერებისას კი რამდენიმე წამიც კი სრულიად საკმარისია და უკვე ცნობილია თუ ვინაა ეს პიროვნება. ლედი გაგას Bad Romance სწორედ ასეთი მელოდიაა.

პოპ-ვარსკვლავის მკვეთრი, აშკარა აღფრთოვანება შემოქმედებით და ესთეტიკურ კომპრომისზე ყოველთვის უარს ამბობდა. მსოფლიოს არასდროს არ დაავიწყდება Paparazzi-ის პერფორმანსი, 2009 წლის VMA-ის დაჯილდოებიდან, როდესაც შესანიშნავი ვიზუალიზაციის და ქორეოგრაფიის საშუალებით სულ რაღაც 4 წუთში გაგამ მანიაკალური განსაზღვრებით დიდების ფატალისტური ზეიმი დადგა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეახსენო საზოგადოებას პოპკულტურის კონცეფცია.

თუ ოდესმე დაგჭირდებათ ვინმეს განუმარტოთ ტერმინი “საიმპერატორო ფაზა”, ახსნაში დროს ნუ დაკარგავთ, უბრალოდ მოასმენინეთ მათ The Fame Monster…

2013 წლის ზაფხულში ლედი გაგამ ამბიციურ ალბომში მუსიკის, ხელოვნების და ტექნოლოგიის კომბინაცია შემოგვთავაზა. კრიტიკოსების უმეტესობა ახალ ამბებს ამაღელვებელი ენთუზიაზმით შეხვდა. როდესაც მომღერალმა პროექტის სახელი Artpop გამოაცხადა, პოპ კულტურამ საკუთარი ინტერესი თანამედროვე ხელოვნებისადმი გადაიტანა. ეს იყო 15 სიმღერით და 3 მუსიკალური რგოლით შემდგარი ალბომი.

როდესაც ასეთ ექსტრემალურ ერაში Artpop-ს ვუსმენ, ვრწმუნდები, რომ გაგამ ჩანაწერის წარმატება, როგორც ხელოვნების ან პოპის ნაწილად ან კომბინირებულად არ განიზრახა. ის ყოველთვის შუამავალ სივრცეში ამჯობინებდა ყოფნას. სწორედ ასე გადაკვეთა გაგამ პოპი, მოდა და კულტურა.

Applause-ის მუსიკალური ვიდეო სწორედ ხელოვნების და პოპის ინტერაქციაა. კლიპი ორიგინალური კოსტიუმებით ინგბარ ბერგმანის The Seventh Seal-ის და სანდრო ბოტიჩელის “ვენერას დაბადების” ასოციაციას იწვევს. ვიდეოკლიპის ცნობილი ფერადი მაკიაჟი ექსპრომტად შეიქმნა, როდესაც ოპერაციის გამო რეაბილიტაციაში მყოფი გაგა გადაღებების დროს ფანების მონატრების გამო ზედმეტად ემოციური გახდა და მაკიაჟი “დაიშალა”.

გაგამ საკუთარი ბრჭყვიალა და გლამურული ესთეტიკის განვითარება ჯერ კიდევ დებიუტამდე დაიწყო. მან 2007 წელს Lollapalooza-ში გამართული პერფორმანსის დროს სახლში დამზადებული დისკო-სარკის ბიუსჰალტერი მოირგო. იმიჯი, რომელიც მომღერალმა 2008 წელს Just Dance-ის მუსიკალურ ვიდეოში David Bowie-ის ინსპირაციით შექმნილ lightning-bolt მაკიაჟით გაამრავალფეროვნა. მან საკუთარ სტილს ექსპერიმენტალურად ავანგარდული დეტალები შემატა. გაგას Patricia Morales-ის დიზაინით შექმნილი Hello Kitty-ის ბაფთა იმდენად მოეწონა, რომ ვიდეო კლიპის შემდეგ ის მომღერლმა საკუთარ ხელწერად აქცია.

მას შემდეგ, რაც გაგამ მსოფლიოს თავისი Poker Face აჩვენა, წლების განმავლობაში იმ ადამიანების რიცხვში შედიოდა, რომლის მუსიკას ხშირად მისი ეპატაჟური კაბები ჩრდილავდა. გაგას გარდერობმა პოპკულტურის ლანდშაფტი შეცვალა. მან მაღალი მოდა მეინსტრიმულ ცნობიერებამდე მიიყვანა. გაგა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც Mugler-ის არქივებიდან ლეგენდარული სამოსი მუსიკალურ ვიდეოში გააცოცხლა. Telephone ეს იყო ორი უმთავრესი ძალაუფლების, ორი მოთამაშის სრულყოფილი ამალგამაცია, გაერთიანება.

სტილი ხომ ადამიანის მაგივრად მეტყველებს… როგორც კრისტიან ლუბუტენი ამბობდა, ფეხსაცმელები სხეულის ენის და დამოკიდებულობის ტრანსფორმაციას განაპირობებს. ისინი ხომ არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც გვამაღლებენ. როდესაც გაგას ეპატაჟურ ჩაცმულობებზე ვსაუბრობთ არ უნდა დაგვავიწყდეს მისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, მათგან კი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მაკქუინის ეგრეთ წოდებული “არმადილო ფლატფორმები”.

2010 წელს “გაბრაზებულ მსოფლიოში” MTV VMA-ის დაჯილდოებაზე “ხორცის კაბით” შემოსილი ლედი გაგა ჩნდება. მას შემდეგ, რაც წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავმა ალექსანდრ მაკქუინის კაბა მოირგო, მოგვიანებით Video of the year-ის ჯილდოს მისაღებად ხალხის წინაშე ხორცის კაბით წარსდგა. ფრანკ ფერნანდეზის დიზაინით შექმნილი სამოსი გაგას მოდისადმი არსებულ უშიშარ გრძნობაზე მეტყველებდა, თუ როგორ გამოიყენა მომღერალმა ეს ყველაფერი საკუთარი პოლიტიკური რწმენის მხარდასაჭერად. (როგორ უკრძალავდა Don’t ask, don’t tell პოლიტიკა LGBT სამხედრო საზოგადოებას სექსუალური იდენტობის გამოვლინებას).

ლედი გაგა ჯერ კიდევ მაშინ იცავდა LGBTQ საზოგადოების ინტერესებს, სანამ ეს ყველაფერი “ტრენდული” გახდებოდა. რაც არ უნდა არტისტულ და გამბედავ ადამიანზე ვსაუბრობდეთ, 2011 წელს ისეთი სიმღერის გამოშვება, როგორიც Born This Way-ია ძალიან სარისკო იყო. გაგა იყო პოპვარსკვლავი, რომელიც მზად იყო მოწოდების სიმაღლეზე “დაეყარა ძალაუფლება” უმცირესობების მხარდასაჭერად. გაგამ ვიდეო-კლიპის საშუალებით თანასწორობის გზავნილი მთელს მსოფლიოში გაავრცელა.

Born This Way / Alejandro

იყო ლედი გაგას გულშემატკივარი, ნიშნავს იყო დიდი ოჯახის წევრი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, თუ რატომ წარმოადგენენ “პატარა მონსტრები” ერთ-ერთ ყველაზე გულწრფელ გულშემატკივართა ბაზას. მისი კულტურული ძალის ნაწილი გამომდინარეობს სწორედ მისი თანდაყოლილი უნარიდან, აიძულოს ადამიანები, რომლებსაც არასდროს შეხვედრია გახდნენ მისი მეგობრები. გაგა თაყვანისმცემლებს პირადად უკავშირდებოდა, შეტყობინებებს უგზავნიდა და ხშირად ეკონომიკურადაც უზრუნველყოფდა მათ. “დედა მონსტრი” – სახელს, რომელიც გაგამ საკუთარ თავს მიანიჭა, განმარტება აღარ სჭირდება… ამით უბრალოდ ყველაფერი ნათქვამია.

და ბოლოს… ათწეულზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც დედა მონსტრმა მუსიკალური სამყარო შეცვალა, თუმცა Even after a decade, I still think that Lady Gaga is from the future, დეკადის გასვლის შემდეგაც კი ვფიქრობ, რომ ლედი გაგა მომავლიდანაა…

Lady Gaga Is the Face of Valentino Beauty's Voce Viva Perfume

ლედი გაგა Venice Film Festival-ზე
სამოსი: ვალენტინო

სრულად წაკითხვა