#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის

2 weeks ago 20

სად გადის ზღვარი მშვიდობასა და მონურ მორჩილებას შორის?

ან უზენაესი კანონისა და ამ კანონების ძალაუფლებრივად მოჭრასა და მორგებას შორის?

ეს კითხვები ბოლო თვეებია არ მასვენებს.

ერთი რამ ცხადია – მიკერძოებული სასამართლო სწორედაც რომ

დიქტატურის მყარი საფუძველია.

სამართლიანი სასამართლო არ არის მხოლოდ ინსტიტუცია – ესაა საზოგადოების სტრუქტურის ქვაკუთხედი.

სამართლიანობა აძლევს ადამიანს განცდას, რომ დაცულია, რომ

მნიშვნელოვანი და სერიოზულად აღქმულია.

კანონი მხოლოდ სიტყვათა ერთობა არაა. ის არ უნდა იყოს მოქნილი

ძალაუფლებისა და გავლენის ინტერესების მიხედვით – არც შესაკერად, არც შესაკვეცად.

რატომ გვჭირდება სასამართლო?

იმისთვის, რომ კონტექსტი სწორად იყოს გაგებული და გადაწყვეტილებები დაეფუძნოს იმ რეპუტაციას, რომელსაც საზოგადოება ენდობა – ისეთ ნდობას, რომელსაც ეჭვი ჩრდილს ვერ მიაყენებს.

True peace is not merely the absence of tension; it is the presence of justice – ნამდვილი მშვიდობა მხოლოდ დაძაბულობის არარსებობა კი არ არის – ის სამართლიანობის არსებობაა, – მარტინ ლუთერ კინგი.

სიმშვიდე უსამართლობის ფონზე მხოლოდ მოჩვენებითია.

მახსოვრობა კი თითქოს დღითიდღე მცირდება – ინფორმაცია ერთმანეთს ფარავს, და წარსული წუთებში იშლება.

მაგრამ რა ვუყოთ ფაქტებს?

ფაქტები, რომლებიც არ იშლებიან. ისინი ინახებიან ფოტოებსა და ტექსტებში, რომლებიც ჩვენც და მომავალ თაობებსაც შეახსენებენ…

თემიდა – ბერძნული მითოლოგიის ღვთაება, სამართლიანობისა და კოსმოსური წესრიგის სიმბოლოა.

მისი ახვეული თვალები (რომაულ ვერსიაში – იუსტიცია) გამოხატავს იმას, რომ სამართალი ვერ უნდა ხედავდეს სქესს, გარეგნობას, სტატუსს ან სიმდიდრეს. ის მიუკერძოებელია.

დღეს, როცა კამათში სიმართლე ხშირად ხმაურში იკარგება, ბრძენი ადამიანები გვირჩევენ – ხანდახან გაჩუმდი და დაელოდეო.

ეს ძალიან ძნელია, მაგრამ…

იმედია, სამართალი იზეიმებს.

სიყვარულით,
მაიკო წერეთელი
ჟურნალ OK!-ს მთავარი რედაქტორი

სრულად წაკითხვა