თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დემაგოგებთან კამათი იმხელა ენერგიას მართმევს, ძალიან ვერიდები. დემაგოგია – ეს ის მწვერვალია, რომლის დაპყრობაც არასდროს მომინდება.
ტალღებად შემოდის მესიჯები, რომლებსაც ადამიანები დაზომბირებული სახეებით იმეორებენ, აქვთ მათთვის მიუღებელ კითხვაზე დაზეპირებული პასუხები, რომელსაც სხვა თემაზე გადაჰყავხარ და ასე უსასრულოდ. სიმართლე ასეთი გამრუდებული იყო სსრკ-შიც.
პროპაგანდა და დეზინფორმაცია სხვადასხვა რამაა, მაგრამ დეზინფორმაციული პროპაგანდა ისაა, რამაც შეიძლება გრძელვადიანი ზიანი მოიტანოს. კომუნიკაციის სპეციალისტებმა, ან იმ ადამიანებმა, ვისაც ოდნავი შეხება მაინც გვქონია კომუნიკაციებთან, ძალიან კარგად ვიცით ყველა ეტაპი, ნაბიჯი, რაც პროცესს მოიცავს.
- განსაზღვრე მიზანი
- შეისწავლე აუდიტორია
- მოიფიქრე მესიჯი
- გაავრცელე და გაიმეორე ბევრჯერ და ბევრგან
- შეაფასე უკუკავშირი და გააგრძელე გამეორება
ჰოდა, ახლა წარმოიდგინეთ, მეფის რუსეთის დროიდან როგორ მიგვიჩინეს ადგილი, დაგვარწმუნეს ჩვენს უსუსურობაში, შეაღწიეს ეკლესიებში და ჩანერგეს შეთქმულების უამრავი თეორია (რა იცი, რისთვის გამოადგებოდათ), დაგვეხმარნენ, „შესაბამის“ ვითომ ძნელად ხელმისაწვდომ ლიტერატურას მივწვდომოდით, შეგვიქმნეს საერთო მტრის ხატება, შეგვისწავლეს კარგად და…
იცვლება მხოლოდ დრო. სიმსივნესავით ფესვგადგმული თეორიები კი ბრუნავენ და ჩვენს გონებას აღარ ახსოვს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ქვეყანა ვართ. გვეზარება იმის გააზრება, რამაც მოგვიყვანა აქამდე, რაც ჩვენი იდენტობაა. ვაჟა, ილია, ბარათაშვილი, გალაკტიონი და უამრავი სხვა მხოლოდ ამოგლეჯილი ციტატებით ვიცით. არ ვიცნობთ საკუთარ რეალურ ისტორიას და თუ ვინმე გაბედავს შეეხოს სტერეოტიპებს, მაშინვე აგუგუნდება დეზინფორმაციული პროპაგანდის გაზეპირებული მესიჯები.
სოციალური მედია და ინტერნეტი კიდევ უფრო აიოლებს საქმეს.
რით უნდა ვებრძოლოთ პროპაგანდას? განათლებით, აზროვნებით და მხილებით. ამაში მედიას უდიდესი როლი აკისრია და დღეს მით უფრო მნიშვნელოვანია მისი დამოუკიდებლობა. აქვე – სარედაქციო პოლიტიკა არ შეიძლება დამოუკიდებლობად შეიფუთოს.
ობიექტურ მედიასივრცეებს გისურვებთ.
გისურვებთ, ვანგასა და ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებების მიღმა გახსოვდეთ – მათი სცენარები მხოლოდ ვარიანტებია, რომლებიც სხვადასხვა ქმედების შემთხვევაში შეიცვლებიან, ამას თავადაც ამბობენ, თუ კარგად მოუსმენთ.
გისურვებთ, ჩიტის მოტანილ ამბებზე მეტად საკუთარ ანალიტიკურ აზროვნებას მოუხმოთ და დაუჯეროთ მას შემდეგ, რაც ფაქტები გეცოდინებათ.
გირჩევთ, ინფორმაციის წყარო ყოველთვის გადაამოწმოთ.
რაც მთავარია – ბედნიერებისთვის მოიცალეთ და გახსოვდეთ, არცერთი თანამდებობა და არანაირი თანხა არ ღირს ვინმეს ან რამის მონობად. პატარა ბედნიერებები მეტს ნიშნავს და მადლიერება – ყოველთვის მეტ ბედნიერებასა და თავისუფლებას მოგიტანთ. ჩვენ, ადამიანებს, ერთი მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი რამე გვაქვს – არჩევანის თავისუფლება. ეს არასდროს დაგავიწყდეთ.
„საქმემან შენმან გამოგაჩინოს“.
სიყვარულით,
მაიკო წერეთელი
ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი