#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

14 hours ago 4

ამას წინათ დავფიქრდი – როცა მარკეტერები სეგმენტაციას აკეთებენ, მაქსიმალურ ზღვრად ძირითადად 45-50 წელს ასახელებენ, თუ საქმე სამკურნალო პრეპარატებსა და წნევის აპარატებს არ ეხება.

მე 50 წლის სულ ცოტა ხნის წინ გავხდი და ისევ ახალგაზრდა მგონია თავი. მგონია კი არა, ობიექტურად, ვარ კიდეც. კი, ობიექტურად არსებობს განვითარების ეტაპები, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი მთავრდება და იქვე იწყება ახალი, მეტად საინტერესო და მომხიბლავი ეტაპი. მეტი სიღრმე, სიცხადე, სხვა ღირებულებები, სხვანაირი თავისუფლება.

კი, წონა იგივე არასდროს იქნება, არც სხეულის ფორმები, არც სახის კონტური – მაგრამ ეს ყველაფერი სხვანაირი, არანაკლებ ლამაზი ხდება. 50 წლის ადამიანს არ სცალია უაზრო შფოთვებისთვის.

ეს არის ასაკი, როცა არ გაწუხებს, ვინ რას ფიქრობს შენზე არც მაშინ, როცა ხმამაღლა იცინი, და არც მაშინ, როცა ხმას აღარ იღებ. შენ, უბრალოდ, იცი ვინ ხარ, იცი ყველა შეცდომა, რაც დაუშვი და ყველა სწორი ნაბიჯი, რაც გადადგი.

თავს უფლებას აძლევ იყო ძლიერი, სუსტი, გაბედული, დაბნეული – ყველაფერი ერთად. არავის არაფერს უმტკიცებ. არავის ეჯიბრები – უბრალოდ, სწავლობ, ვითარდები, არ ჩერდები. ეს არის ასაკი, როდესაც დაგროვილი ცოდნა გაძლევს დიდ შესაძლებლობებს, ზევიდან ახალი და მნიშვნელოვანი დააშენო, წინ იარო და განვითარდე ისე, როგორც გინდა და არა ისე, როგორც გკარნახობენ, ან როგორც „საჭიროა“.

ეს ის ასაკია, როცა იმიტომ კი არ ჰპატიობ, რომ „ასეა საჭირო“, არამედ იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტე. მოკლედ, 50 წელი მაგარი ასაკია და ამ ასაკს საკუთარი გამოწვევები აქვს – არ უნდა გაჩერდე, არავითარ შემთხვევაში, აუცილებლად სულ უნდა განვითარდე და მაშინ იწყება ყველაზე საინტერესო – ახალი ცხოვრება. ცხოვრება, რომელიც სიმშვიდითა და სიმყუდროვითაა სავსე.

ხშირად სწორედ ამ ასაკში იწყება ახალი ცხოვრება: მე ვიცნობ ფინანსისტს, ვინც მიატოვა მაღალანაზღაურებადი სამსახური და სპორტულ დარბაზში დაიწყო ტრენერად მუშაობა; ვიცნობ მოდელს, რომელმაც ბარმენობა დაიწყო იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტა.

და იცით, რატომ?

50 წლისას გაქვს უფლება იყო ის, ვინც სულ გინდოდა ყოფილიყავი.

იქნებ ახლა იპოვე ის, რაც 30 წლისას არ გქონდა – სითამამე, რომ ცხოვრება სხვანაირად დაიწყო.

არ იფიქროთ, რომ „გვიანია რაღაც ახლის დაწყება“ – გადაწყვიტეთ და ზუსტად მაგ წამს დაიწყება ის, რასაც თავისუფლება ჰქვია.

სიყვარულით,

მაიკო წერეთელი

ჟურნალ OK!-ს მთავარი რედაქტორი

სრულად წაკითხვა