#OK! ჩემი ნაოჭები განვლილი ცხოვრების ნახატებია – ნინო ბურდული

4 hours ago 4

წითელი თმა, ცეცხლი თვალებში და ხმა, რომელიც არასოდეს აგერევა სხვის ხმაში – საოცარი ენერგეტიკა მოდის ნინო ბურდულისგან. ძალიან განიცდის, რომ მის ცხოვრებას კინო აკლია. ადრენალინს პროფესიისგან იღებს, ხატავს წარმოსახვაში და მოსწონს ყველა ნაოჭი, რომელსაც სარკეში საკუთარ სახეზე ხედავს.

ნინო ბურდული: განწყობის სწრაფი მონაცვლეობა პროფესიული ჩვევაა. ცვალებადი ვარ. დეპრესიული ფონი სულ მაქვს, მელანქოლიკი ვარ. ადამიანებთან ურთიერთობის ხალისი სულ მაქვს. ენერგიას მაძლევს ყველაფერი – არ აქვს მნიშვნელობა, განცდა უარყოფითია თუ დადებითი. როლისთვის რა ემოციაც მჭირდება, ის თავისით მოდის, როცა გაანალიზებული მაქვს, რისი თამაში მინდა. თეატრში მიყვარს, რომ იმპროვიზაციის შესაძლებლობაა და ნიუანსები შეიძლება შეცვალო – ეს აცოცხლებს თეატრალურ როლებს. კინო კი ტოვებს ერთ ვერსიას, მაგრამ მაინც კინო მირჩევნია. კინო ძალიან დამაკლდა, დიდი დეფიციტი მაქვს. თუ არჩევანის წინაშე ვიდგები, კინოს ავარჩევ. თუმცა ადრე ვახერხებდი ორივე მომესწრო – კინოც და თეატრიც. ამ ასაკში ფიზიკურად როგორ შევძლებ, არ ვიცი, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, რამდენიმე პროექტში ერთდროულად ვმონაწილებდი. ეს ადრენალინი მსახიობისთვის არის სიცოცხლე. ხალხი ამ ემოციისთვის ხიდებიდან ხტება, მე არ მჭირდება საშიშროება, სავსე ვარ ადრენალინით. მთელი ჩემი თავგადასავალი არის ხელოვნებაში.

ასაკი

ასაკი ხელის შემშლელია რაღაცების კეთებისას. მივიღე მშვიდად, ჯერჯერობით ხელს არაფერში მიშლის. ჩემს თავს სულ ვაძლევდი უფლებას, არჩევანი გამეკეთებინა. მეგონა, ასაკი როლებს შეამცირებდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ვფიქრობდი, ფიზიკურად შემზღუდავდა, მაგრამ სულაც არაა ასე. ჩემი ნაოჭები მიყვარს. ჩემი მიმიკური ნაოჭები განვლილი ცხოვრების ნახატებია.

ახლა სარკიდან მიყურებს ასაკშეცვლილი ნინო. ის სილამაზე, რა თქმა უნდა, აღარ არის, რაც 14 წლის ასაკში, მაგრამ რაღაც სხვა სილამაზე მოვიდა, სხვა ხიბლი აქვს ასაკს. სიბერე არის სევდა, ტრაგიზმი, სიბრძნე, ირონია. ახლა მენტალურად ვარ 30 წლის – გავიარე ეს გზა და მივდივარ უკან ამ ცოდნით. ვიცი, რეალურად რამდენი წლისაც ვარ, მაგრამ შინაგანი სიბერის განცდა არ მაქვს. ეტყობა, იმდენად დამაჯერებელი ვარ ამაში, რომ რეჟისორები ისეთ რაღაცას ითხოვენ ჩემგან, ასაკის შეხსენება მიწევს. ძირითადად, ფიზიკურად რთული როლები მაქვს.

როლები

მე მრავალფეროვნება მიყვარს და არასოდეს მომწონდა ერთი ტიპის როლები. ჯულიეტას თამაში მოვასწარი, მაგრამ ამაზე საინტერესო ჩემს ასაკში შეყვარებული ქალის თამაშია. ყველა როლში ვდებ ყველაფერს და ყოველთვის ვპოულობ რაღაც ჩემსას. ყველაზე საინტერესო კონტრასტული როლის თამაშია – როგორიც თითქოს არ ხარ, მაგრამ იქაც პოულობ რაღაც შენსას. თუ ასე არაა, მაშინ ეს თამაში კი არა, პაროდიაა. „ფედრაში“ ვთამაშობ მღვდელმთავარს – მამაკაცისთვის დაწერილ როლს. ვერ ვიტყვი, რომ კაცს ვთამაშობ – მაგრამ მასკულინური ენერგიაა ამ როლში. ძალაუფლება არ მაინტერესებს, თორემ ადამიანების დაპყრობის ჩემი ხერხები მეც მექნებოდა. რეჟისორი სულ მეკითხება, არ ისტრესები ამ როლითო, პირიქით – ვიცლები დაგროვილი ნეგატივისგან.

მინდოდა კინომსახიობობა. რომ ვიწყებდი, არ მქონდა წარმოდგენილი, როგორი იქნებოდა ეს გზა. თინეიჯერობისას ვამბობდი, მე მსახიობობა მინდა და ოჯახს არასდროს არ შევქმნი-მეთქი. შეიძლება მართალიც ვიყავი, რადგან ბევრი დრო მოვაკელი ჩემს შვილებს. მაგალითად, უფროსი შვილი სააბაზანოს კართან მელოდებოდა, ეგონა, რომ იქიდან სადღაც გავფრინდებოდი. იმ დროს ბევრი გასტროლი მქონდა. თეატრზე არცერთი არ გიჟდება. მიუხედავად ამისა, ჩემი პროფესიის გარეშე მე მე არ ვიქნებოდი. მხოლოდ შვილებისთვის რომ არიან დედები, ესეც არ მგონია სწორი. იდელური ამქვეყნად არაფერია. მთავარია, რომ კომპლექსები არ გამიჩენია შვილებისთვის.

ვერ ვხატავ ბოლო დროს. ჩემს ბინაში არ არის ადგილი იმისთვის, რომ ვხატო. თუმცა ყოფილა, როცა ღამეში რამდენიმე ნახატი დამიხატავს წარმოსახვით. იმდენ რამეს ვაკეთებ წარმოსახვით, რის კეთებასაც ცხოვრებაში ვერ ვახერხებ. წარმოსახვა ჩემთვის რეალობის ტოლფასია.

დეპრესია

მქონია ისეთი დეპრესია, საერთოდ არაფერი რომ არ გინდა. არც ფიქრობ, ცხოვრება დამთავრდა თუ არა. ამ დროს ფსკერზე ვარ თუ მწვერვალზე, ვერ ვგრძნობ. ეს არყოფნის მდგომარეობაა. ახლა უფრო შფოთვითი დეპრესია მაქვს და ბოლო დროს ანტიდეპრესანტებს ვიღებ. როგორც არ უნდა მჯეროდეს, რომ მედიტაცია დამეხმარება, მაინც ვერ შევალ მასში. როგორ წარმოგიდგენიათ, მე რომ მედიტირებული მსახიობი ვიყო, როგორ უნდა ვითამაშო როლი? ემოცია, განცდა, რეაქცია რანაირი უნდა მქონდეს?

ენერგიის წყარო

ენერგიის მიმოცვლა ხდება როლებთან. მე ხომ ჩემსას ვდებ როლში, პერსონაჟიდან ვიღებ იმას, რაც მე არ მაქვს და ჩემთვის ეს არის პერსონაჟთან ურთიერთობის ენერგეტიკა. სხვა ენერგეტიკა მაქვს სახლში, დასვენების დროს და სულ სხვა – როლში ყოფნისას. მიყვარს პერსონაჟთან დამშვიდობება და ახალ პერსონაჟთან შეხვედრა. რაღაც რომ სრულდება, მე ამ სევდით სიამოვნებას ვიღებ. ცხოვრებაში მთავარი სიყვარულია. თუ პირველ ადგილზე სიყვარული არ არის, ესე იგი, არც გიცხოვრია.

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ფოტო: ნანო თენოშვილი
ვიზაჟი: სოფია საენკო
ტექსტი: ქეთი ლომსაძე
ლოკაცია: VangalStudio

სრულად წაკითხვა