#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის

2 weeks ago 33

„რა არის დრო? თუ არავინ მეკითხება – ვიცი; თუ უნდა ავხსნა – აღარ ვიცი“.

ნეტარი ავგუსტინე „აღსარებანი“ (XI წიგნი)

ელვის სისწრაფით იცვლება მოვლენები. ის, რაც გუშინ უმნიშვნელოვანესი იყო, დღეს არც კი გვახსოვს. ციფრულმა სამყარომ თითქოს მეხსიერება დააპატარავა და შეამცირა. დღეში მიღებულ უამრავ ინფორმაციაში ეს ჩემი სვეტიც ხუთ წუთზე მალე ჩაიკარგება სქროლვის მორევში. არადა, უკვე მესამე დღეა ვეწვალები, რომ სიტყვებს თავი მოვუყარო. დროც სხვანაირი გახდა – გაჯეტებთან ერთად ელვის სისწრაფით გარბის, უგაჯეტოდ – საუკუნესავით იწელება წამი.

დრო შეზღუდულია, ჩვენი კი მას უამრავ რამეში ვფლანგავთ, არ ვიჭერთ არც წამს, არც აწმყოთი ვცხოვრობთ. გვავიწყდება, რომ ხანდახან წამი არის ის მომენტი, რომელიც ყველაფერს განსაზღვრავს. აბა, გაიხსენეთ, ბოლოს როდის დაისვენეთ? როდის სუნთქავდით გაცნობიერებულად, როდის უყურებდით მზის ჩასვლას თვალებით და არა ეკრანით?

არის ის, დიდი, რაც დროში არ არსებობს და მუდმივია, ის არ ექვემდებარება იმ საზღვრებს, რასაც ჩვენ „დროს“ ვუწოდებთ. დრო ადამიანისთვის არის მოვლენების თანმიმდევრობა – წარსული, აწმყო და მომავალი. ჩვენ ამ ჩარჩოში ვაზროვნებთ და ვცხოვრობთ, ამიტომ გვგონია, რომ ყველაფერი დროით იზომება. დრო ეკუთვნის ადამიანის აღქმას და ჩვენ ვიფიქრეთ – მოდი, ვნახოთ, რა შეიცვალა ხუთ წელიწადში? მას მერე, რაც დედამიწაზე დროის დინება პანდემიამ თითქოს შეაჩერა, მაგრამ მაშინ სინამდვილეში ჩვენ გავჩერდით.

ჩვენ ვისწავლეთ დისტანცია, მაგრამ დავკარგეთ სიახლოვე. ვისწავლეთ ონლაინ ყოფნა, მაგრამ დავივიწყეთ რეალური ცხოვრება.

ამ ხუთ წელიწადში ტექნოლოგიები კიდევ უფრო დაგვეხმარა „დროის დაზოგვაში“, სამაგიეროდ, ყველაფერი დაჩქარდა: პასუხები, გადაწყვეტილებები, ემოციებიც კი. ბოლოს რაც გვრჩება, ის კი არაა, რამდენი დრო გვქონდა, არამედ როგორ ვიცხოვრეთ ის.

სიყვარულით,

მაიკო წერეთელი

ჟურნალ OK!-ს მთავარი რედაქტორი

სრულად წაკითხვა