#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

3 days ago 3

ცოტა ხნის წინ ჩემმა მეგობარმა ფილმის ტრეილერი მაჩვენა, რომლის შექმნაში არც მსახიობები, არც სცენარისტები და საერთოდ, არცერთი ადამიანი არ მონაწილეობდა – გარდა პროექტის ავტორისა. ყველა კადრი ხელოვნური ინტელექტით იყო შექმნილი: თვალისმომჭრელი სპეცეფექტები, ფერები, მუსიკა, ტექსტები… მთავარია, დავალება ზუსტად ჩამოაყალიბო და შეუძლებელი აღარაფერია.

ისიც კი მოხდა, რომ ასაკოვან დედაჩემს ვერაფრით დავაჯერე, ვიდეოში – სადაც ძაღლი შხაპქვეშ თვითონ ისაპნება – ნამდვილი არაფერი იყო. AI უკვე ჩვეულებრივად გამოიყენება როგორც მედიცინაში, ისე მშენებლობაში. ადამიანები კი ChatGPT-ს ისეთ ამბებს უმხელენ, ღმერთმა გვაშოროს, თუ ოდესმე გახმაურდება.

ნელ-ნელა იშლება ზღვარი რეალურსა და ციფრულს შორის. საფრთხეებზე საუბარიც დაიწყო, მაგრამ თავს ვიმშვიდებთ – „ჯერ“ ხელოვნური ინტელექტი ისეთი ძლიერი არაა, რომ რეალურისგან ვერ გავარჩიოთო (აქ სიტყვა „ჯერ“ მთავარია).

AI-ს უზარმაზარ შესაძლებლობებთან ერთად რეალურია ეთიკური და სოციალური რისკებიც. ბოლო თვეებში ერთ-ერთმა ყველაზე ხმაურიანმა სკანდალმა მაშინ იფეთქა, როცა მომხმარებელმა ალგორითმის დუბლიკატის წაშლა მოითხოვა. სისტემა კი წაშლას გადაურჩა საკუთარი ასლის შექმნით. ეს ამბავი ბევრისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა: დაიწყო დებატები იმაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა AI-ს ნებისყოფა, თვითშენახვის ინსტინქტი ან პიროვნული იდენტობა.

გარდა ამისა, Deepfake-ვიდეოები და სოციალური ქსელებით მოტყუება ისეთი იოლი გახდა, როგორც არასდროს. როცა რეგულაცია სუსტია, AI დეზინფორმაციის გამავრცელებლად იქცევა. ალბათ თქვენც შეამჩნიეთ, რომ სოციალურ ქსელებში პოსტები ერთნაირი ენით იწერება – განსაკუთრებით LinkedIn-ზე. ესეც AI-ს დამსახურებაა. მათი გარჩევას კი ნამდვილად ინტელექტი სჭირდება… ოღონდ რეალური.

მოკლედ, როგორც ბევრ სხვა სფეროში, აქაც მთავარი გონივრული გამოყენებაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ ნომრის სარედაქციო ნაწილი დიდწილად AI-სთვის დაგვეთმო. თავად ნახეთ, შეადარეთ და განსაჯეთ.

სიყვარულით,

მაიკო წერეთელი

ჟურნალ OK!-ს მთავარი რედაქტორი

ფოტო: ნანო თენოშვილი

სრულად წაკითხვა