საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი მეუღლე, ბრიჯიტი, აშშ-ის სასამართლოს წარუდგენენ სამეცნიერო და ფოტო მტკიცებულებებს პირველი ლედის სქესის დასამტკიცებლად — ამის შესახებ BBC იუწყება.
მაკრონები აღნიშნულ მტკიცებულებებს დაურთავენ სარჩელს, რომელიც ამერიკელი ჟურნალისტის, კენდის ოუენსის ცილისწამების წინააღმდეგ შეიტანეს.
მაკრონების ოჯახის ადვოკატმა, ტომ კლერმა, აღნიშნა, რომ მტკიცებულებები მოიცავს „ექსპერტის ჩვენებას, რომელიც სამეცნიერო ხასიათის იქნება“. საფრანგეთის ლიდერი მზადაა ბრალდებების სიყალბე დაამტკიცოს – აღნიშნა კლერმა და დასძინა, რომ ასევე არსებობს ორსული ბრიჯიტ მაკრონისა და მისი შვილების ფოტოები.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ამერიკელმა ჟურნალისტმა კენდის ოუენსმა გამოაქვეყნა გამოძიება, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ ბრიჯიტ მაკრონი სინამდვილეში მამაკაცია, რომელმაც სხვისი ვინაობა მიითვისა. ჟურნალისტის თქმით, ნამდვილი ბრიჯიტი 1960-იანი წლების დასაწყისში გაუჩინარდა და მისი სახელი ძმამ მიითვისა. ელისეს სასახლემ ეს და სხვა მსგავსი ბრალდებები უარყო და მათ ცილისწამება უწოდა.