ჟურნალი OK! გაგაცნობთ ძალიან ნიჭიერ და შრომისმოყვარე ახალგაზრდა გოგონას, რომელიც ბავშვობიდანვე დაუღალავად ეძებდა ახალ ცოდნასა და გამოცდილებას. გონიერი, აქტიური და ცნობისმოყვარე ბავშვი იქცა მიზანდასახულ სტუდენტად, რომელიც საკუთარ გზას სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების სფეროში აგრძელებს. მის პროფესიულ ინტერესებში განსაკუთრებული ადგილი არასრულწლოვან მსჯავრდებულთა თემატიკას უკავია, სადაც იგი არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას, არამედ რეალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ ხედვასაც ავითარებს. მარიამის მიზანია დაუღალავი შრომითა და მონდომებით ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ, პროფესიონალ და ძლიერ ქალად, რომელიც საკუთარი გამოცდილებითა და ცოდნით ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას.
მარიამ, უპირველეს ყოვლისა, გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენი პროფესიული გზის შესახებ.
მოგესალმებით! მე ვარ მარიამ გაგნიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა სოციალური საკითხები და პოლიტიკა, ბევრს ვკითხულობდი ამ თემატიკის ირგვლივ როგორც ლიტერატურას, ასევე სტატიებსა და სიახლეებს, რამაც საბოლოოდ გამიმძაფრა სურვილი, სიღრმისეულად შემესწავლა ეს პროფესია. ვფიქრობ, ეს არის ზუსტად ის სფერო, რომელიც ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, სრულად და სიღრმისეულად შეისწავლოს სამყაროს მრავალფეროვნება, მიმდინარე პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენები.
ამ ეტაპზე დაინტერესებული ვარ არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საკითხებით, რადგან მოგეხსენებათ, ბავშვთა უფლებათა კონვენცია განსაკუთრებით ხაზს უსვამს მოზარდების უფლებების დაცვასა და რეაბილიტაციის მნიშვნელობას, მაშინ როდესაც საქართველოში არასწრულწლოვან მსჯავრდებულთა პრობლემატიკა ხშირად სწორედ ამ პრინციპის ნაკლებ რეალიზაციას უკავშირდება. ვცდილობ მაქსიმალურად შევისწავლო ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში არსებული პრობლემები. მაქსიმალურად ჩავერთო არსებულ თემატიკასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო აქტივობასა და კვლევაში, რაც, ვფიქრობ, შესაძლებლობას მომცემს, უფრო სრულფასოვანი გავხადო ჩემი ცოდნა, კვლევები, ხოლო ნაშრომები – მეტად სრულყოფილი.
გზა, რომელიც დღემდე გაიარეთ.
გზა, რომელიც დღემდე გავიარე, არც ისეთი დიდი, თუმცა მნიშვნელოვანი და შინაარსობრივია. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე ბაკალავრიატის სტუდენტი ვარ და ჯერ კიდევ ვცდილობ მივაღწიო რაღაც მნიშვნელოვანს და ვფიქრობ, ამ მიზნის მისაღწევად სწორ გზას ვადგავარ. როგორც დასაწყისში ვახსენე, დაინტერებული ვარ საქართველოში არასრულწლოვან მსჯავრდებულთა პრობლემატიკით, მიმაჩნია, რომ ეს თემა საკმაოდ ვრცელია და მოითხოვს დიდ შრომას ინფორმაციული თვალსაზრისით. საკითხს ვუდგები პროფესიონალურად და ვცდილობ თემატიკის ირგვლივ არსებული ყველა საჭირო ინფორმაცია მოვიძიო. ეს დასაწყისია, სამომავლოდ კი ბევრი გეგმა და მიზანი მაქვს დასახული, რომელთა მიღწევას ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცდები.
როგორი ბავშვი იყავით? რა მიზნები და გეგმები გქონდათ?
სიმართლე გითხრათ, საკმაოდ გონიერი ბავშვი ვიყავი. ჩემს ასაკთან შედარებით ყოველთვის ბევრ ინფორმაციას ვფლობდი ნებისმიერი საკითხის ირგვლივ. მუდმივად ახლის ძიების სურვილი მქონდა. ამავდროულად, საკმაოდ ცელქი და ჯიუტიც გახლდით, თუმცა მოგეხსენებათ, ასაკთან ერთად ეს ყველაფერი იცვლება. ჩემმა მშობლებმა სკოლაში 7 წლისა შემიყვანეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ დამოუკიდებლობისთვის უკეთესი ასაკი იყო. სიმართლე გითხრათ, მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან თამაშის ასაკი გავლილი იყო და სრულად კონცენტრირებული ვიყავი სკოლისთვის. სკოლაში შესვლისას უკვე ვიცოდი ანბანი, დათვლა და ცოტაოდენი ანგარიში. თავიდანვე მიმაჩვიეს დამოუკიდებლობას და პირველივე კლასიდან მარტო, ყოველგვარი დახმარების გარეშე ვმეცადინეობდი თითოეულ საგანს. შემდეგ ინტერესი გამიჩნდა მუსიკისა და ცეკვის, რადგან მინდოდა ჩემი საყვარელი საქმიანობა მეპოვა. დაჟინებული თხოვნით შემიყვანეს სუხიშვილების სტუდიაში, სადაც სრული 8 კურსი გავიარე და გავხდი სტუდიის დიპლომის მფლობელი. იყო ძალიან სასიამოვნო და საინტერესო წლები, რადგან გავხდი სუხიშვილების ისტორიაში პირველად დაარსებული ბავშვთა საკონცერტო ჯგუფის წევრი, რომელმაც ასევე, საფესტივალო საკონცერტო მოგზაურობის გამოცდილებაც მომცა. პარარელურად ვსწავლობდი ნიჭიერთა ათწლედში, სპეციალობად კი ვიოლინო ავირჩიე. გარდა სპეციალობისა, სამუსიკო სასწავლებელში გავდიოდი სხვადასხვა თეორიულ-მუსიკალურ საგანს, მათ შორის, სავალდებულო ფორტეპიანოსა და მუსიკის ისტორიას. ასაკის მატებასთან ერთად ჩემი ინტერესები შეიცვალა და საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, ამერჩია ჩემი პროფესია და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ზუსტად იმ სფეროში ვარ, რაც მანიჭებს ბედნიერებას და მაძლევს შესაძლებლობას, ყოველდღიურად მივიღო საინტერესო ინფორმაცია და გავიღრმაო ცოდნა.
რა არის თქვენი მოტივაციის მთავარი წყარო?
მოტივაციის მთავარ წყაროდ შეიძლება მივიჩნიო ის, რომ აუცილებლად მინდა მომავალში მივაღწიო წარმატებას და საბოლოოდ გავხდე კიდევ ერთი დამოუკიდებელი, პროფესიონალი და ძლიერი ქალი. გარდა ამისა, მოტივაციის წყარო არის ჩემი ოჯახი. მინდა, რომ ჩემს განათლებაში მათ მიერ ჩადებული შრომა და ინვესტიცია გავამართლო.
როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი მიზნების და შემდეგ უკვე წარმატების მისაღწევად?
პირველ რიგში, იმისთვის, რომ მიაღწიო წარმატებასა და მიზანს, აუცილებელია იცოდე, რა გსურს ცხოვრებაში. აუცილებელია იპოვო საკუთარი თავი, გათვალო შენი შესაძლებლობების დიაპაზონი და შეეჭიდო ისეთ საქმეს, რომელსაც გაუმკლავდები. ასევე, მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა. ვფიქრობ, ეს ბარიერების გადალახვის საწინდარია. რასაკვირველია, ოჯახისა და საყვარელი ადამიანების თანადგომაც უმნიშვნელოვანესია, თუმცა, უფრო მეტად მიმაჩნია, რომ ყველაფერი უმეტესად ინდივიდზეა დამოკიდებული. შრომა და დისციპლინა, ვფიქრობ, უპირველესია. შრომის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა ელემენტარულ მიზანსაც კი მიაღწიოს. შრომისმოყვარეობა ის კომპონენტია, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს წარმატებას.
რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იწყებს კარიერას?
პირველ რიგში, აუცილებელია გაერკვეთ საკუთარ თავში, სურვილებსა და ინტერესებში, მნიშვნელოვანია გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არანაირ მცდელობას აზრი არ აქვს. გარდა ამისა, იყავით მიზანდასახულები, არ დანებდეთ სიძნელეებს წინააღმდეგობებთან შეჩეხებისას, ეძიეთ გონივრული გამოსავალი და არ დაინანოთ შრომა. გაათენეთ ღამეები წიგნებთან, აუცილებლად დაგიფასდებათ.
როგორია თქვენი მიზნები და სამომავლო გეგმები?
ამ ეტაპზე მსურს წარჩინებით დავასრულო ბაკალავრიატი და ასევე, წარჩინებით ჩავაბარო მაგისტრატურაზე, რომლის საზღვარგარეთ გაგრძელებასაც ვგეგმავ. ვფიქრობ, აუცილებელია თვალსაწიერის გაფართოება და სხვა ქვეყნის გამოცდილების მიღება. გეგმა ბევრია, რომელთა შესახებ წინასწარ საუბარი არარაციონალურად მიმაჩნია. მთავარია მონდომება და მოტივაცია.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი