#OK! მაღალი პასუხისმგებლობა და სამართლიანობის გრძნობა

2 months ago 44

ერთი და იმავე პროფესიის ორი თაობის წარმომადგენელი

დღევანდელი ჩემი რესპონდენტები ბებია და შვილიშვილი არიან. საკუთარი საქმის პროფესიონალი, ეკონომისტი, სამართალმცოდნე, მეცნიერებათა დოქტორი, ადვოკატი, ექსპერტი, მარინა კორძაძე მიიჩნევს, რომ სამართალმცოდნეობა დინამიკური სფეროა და მიუხედავად მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებისა, საჭიროა კომპეტენციის მუდმივი განახლება. ის თავის კარიერულ გზასა და შვილიშვილზე, მარიამ უმანკოშვილზე გვიყვება. მარიამი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობაზე სწავლობს. ის ათასწლეულის ფონდის – MILLENNIUM-ის პროექტის გამარჯვებულია. მან და მისმა მეგობრებმა სმარტის ხელთათმანი შექმნეს და როგორც გამარჯვებულებმა, NASA-ში იმოგზაურეს. ორი განსხვავებული თაობის წარმომადგენლისთვის იურისტის პროფესია ნიშნავს სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის აღსრულებას. „პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის გრძნობა ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, რაც ამ პროფესიის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ. ამასთანავე, კლიენტი უნდა გენდოს და აუცილებელია, ის ადვოკატმა არასოდეს მოატყუოს. სწორედ პატიოსნებაზეა დაფუძნებული ნდობა“.

ქალბატონო მარინა, როგორი იყო გზა იურისტობამდე?

იურიდიულ სექტორამდე ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, სხვადასხვა საფეხურზე თითქმის 20 წელი ვიმუშავე. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი იერარქიული თანამდებობა გამოვიცვალე, დაწყებული ცენტრალური აპარატის ეკონომისტის თანამდებობით, დასრულებული საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სამმართველოს უფროსის პოზიციით.

როცა ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსად დამნიშნეს, ჩემს სამმართველოს იურიდიული სამსახურიც ექვემდებარებოდა. მაშინ იურიდიული განათლება ჯერ არ მქონდა მიღებული. გამოვიდა ისე, რომ ცხოვრებამ მიჩვენა ის გზა, რომელიც იურისტობამდე მიმიყვანდა და ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე. სამართალმცოდნეობის შესწავლის პარალელურად, ვმუშაობდი და ეკონომიკის დარგში დისერტაციას ვამზადებდი.

ჩემი სწავლა-განვითარება ამით არ მთავრდება. მაქსიმალისტი ვარ, არასოდეს ვჯერდები მიღწეულს და ყოველთვის ვცდილობ რაღაც ახალი ვისწავლო. 2015 წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტურაში ჩავაბარე და დისერტაციაც დავიცავი. პარალელურად კი ვასწავლი სხვადასხვა უნივერსიტეტში, ვარ მოწვეული პროფესორი.

ასევე, შარშან „ბავშვთა უფლებათა კოდექსიდან“ და „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, სერტიფიცირება გავიარე და ამ მიმართულებით, სერტიფიცირებული ტრენერი ვარ. ჩემმა პროექტმა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. პროექტის მიზანია შესაბამისი უწყებების ტრენინგი – თუ როგორ უნდა მოხდეს „ბავშვთა უფლებების კოდექსის“ და „სოციალური მუშაობის შესახებ კანონის“ იმპლემენტაცია.

წარმოგვიდგინეთ თქვენი საადვოკატო ოფისი…

2002 წლიდან ჩემი მიმართულება იურისპრუდენციაში საგადასახადო სამართალი ხდება. ამავე წელს დავაფუძნე საადვოკატო ბიუროც. კლიენტებს მომსახურებას ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში წარმოებული დავების დროსაც ვუწევ. თანამშრომლობა მიწევს ისეთ სერიოზულ აუდიტორულ კომპანიებთან, როგორიცაა, საკონსულტაციო კომპანია „აი დი ქონსალთინგი“, „ემბე ჯგუფი“. არის შემთხვევები, როცა ჩემ მიერ წამოწყებული საქმეები პრეცედენტულად აღიქმება. კერძო საადვოკატო კარიერის პარალელურად, მენტორ ადვოკატადაც ვსაქმიანობ.

ქალბატონო მარინა, ჩვენთან ერთად იმყოფება თქვენი შვილიშვილიც, გაგვაცანით თქვენი ოჯახი.           

მყავს ორი შვილი, მანონი და ზურაბ უმანკოშვილები. ზურაბი ცხოვრობს და მუშაობს ამერიკაში, მას ორმაგი მოქალაქეობა (საქართველო, აშშ) აქვს. მანონი ჩემს გზას გაჰყვა, მისი იურიდიული საქმიანობა კერძო სკოლებსა და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობას მოიცავს.

ჩემი უფროსი შვილიშვილი, მარიამ უმანკოშვილი, 21 წლის არის და ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობაზე სწავლობს. მარიამის დედას – თინათინ გელაშვილს ნიუ-იორკის უნივერსიტეტი (სტერნის ბიზნესსკოლა) NYU, Stern School of Business სპეციალობა – ბიზნესის ადმინისტრირება (მაგისტრი) და ჰონგ კონგის უნივერსიტეტი Hong Kong University of Science and Technology (HKUST) სპეციალობა – გლობალური ფინანსები (მაგისტრი) აქვს დამთავრებული. მარიამი ათასწლეულის ფონდის – MILLENNIUM-ის პროექტის გამარჯვებულია და როგორც გამარჯვებულებმა, NASA-ში იმოგზაურა.

მეორე შვილიშვილი – ელისაბედ ალანია სწავლობს ა(ა)იპ თბილისის ტაეკვონდოს აკადემიაში, მონაწილეობდა არაერთ ტურნირში, სადაც მაღალი შეფასებები მიიღო. 2023 წელს კი გაიმარჯვა საერთაშორისო ტურნირში, სადაც პირველი ადგილი დაიკავა. ასევე 2023 წლის დეკემბერში მიწვეული იყო საბერძნეთის ოლიმპიური ჩემპიონატების მასტერკლასების შეკრებაზე – 10-დღიან ღონისძიებაზე, რომელიც ჩატარდა საბერძნეთის ქალაქ კოზანში, ტაეკვონდოს საერთაშორისო ზამთრის ბანაკში, სადაც საქართველო ელისაბედის სახით პირველად წარდგა. გარდა სპორტისა, ელისაბედი გატაცებულია მხატვრობით.

მესამე შვილიშვილი კი – ანდრია ალანია, ჯერ 7 წლისაა, უსაზღვროდ უყვარს მათემატიკა და გატაცებულია ფეხბურთით.

მარიამ, გვიამბე შენ შესახებ.

მარიამ უმანკოშვილი: ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟული უნივერსიტეტში სამართალს ვსწავლობ. კითხვა ჩემი ვნებაა და ხშირად საათობით წიგნებში ვარ ჩაფლული, რაც მდიდარი ცოდნისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაში მეხმარება, რაც თავის მხრივ, ჩემი სამართლის სწავლებისთვის მნიშვნელოვანია.

ჩემი აკადემიური საქმიანობის გარდა, ვმუშაობ დარტმუთის თაიერის ინჟინერიის სკოლაში მკვლევრად. აქ ვარ ჩართული მნიშვნელოვან პროექტებში, მათ შორის არის ფედერალური პოლიტიკის ხარისხის უზრუნველყოფის პროექტის გეგმის (UFP-QAPP) შედგენა და პატენტების შემუშავებაში დახმარება.

სოციალური სამართლიანობის საკითხები, განსაკუთრებით კი მიგრაციის პრობლემები, ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩემი პირადი გამოცდილებები და იდენტობა ამ ინტერესს აყალიბებს. ხშირად ვაკვირდები იმ გამოწვევებს, რასაც მიგრანტები აწყდებიან და ვმუშაობ სამართლიანი პოლიტიკისა და მხარდაჭერის სისტემების გასაუმჯობესებლად.

ჩემი ცხოვრება აკადემიური საქმიანობისა და მდიდარი კულტურული გამოცდილებების ნაზავია, რომელიც ჩემი ქართული ფესვებიდან და ამერიკაში გატარებული დროიდან მომდინარეობს.

რა არის თქვენი მიზანი?

ჩემი მიზანია, ჩემი ცოდნა და გამოცდილება ჩემს ქვეყანას მოვახმარო და მის განვითარებაში მივიღო მონაწილეობა. მინდა დავეხმარო ჩემს ხალხს, შევიტანო წვლილი სოციალური სამართლიანობის, განათლებისა და კანონის სფეროებში და დავიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ჩემი ქვეყნის სიყვარული და სურვილი, რომ მისი მომავალი უკეთესი გავხადო, მუდმივად მეხმარება ჩემი მიზნებისკენ სვლაში.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა