#OK! მენეჯერი – ზუკა ხავთასია

4 days ago 3

წარმოგიდგენთ რუბრიკა OK! მენეჯერის სტუმარს, ჟურნალი OK!-ის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერს ზუკა ხავთასიას. უკვე 2 წელზე მეტია, რაც GEORGIA TODAY-ს გუნდის წევრია და როგორც თავად აღნიშნავს, ამ დროის განმავლობაში ძალიან დიდი ცოდნა და პრაქტიკა შეიძინა, მათ კი ვინც ახლა იწყებენ კარიერას მუდმივ განვითარებასა მიზნებისკენ სწრაფვას ურჩევს. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც უკეთ გაგაცნობთ OK! მენეჯერის სტუმარს, მის საქმიანობას, მიზნებს და სამომავლო გეგმებს.

გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ. გზა რომელიც დღევანდელ დღემდე გაიარეთ

მოგესალმებით, მე ვარ ზუკა ხავთასია, პროფესიით ფსიქოლოგი, მიუხედავად ძალიან საინტერესო და დღევანდელ დროს განსაკუთრებით საჭირო პროფესიისა სწავლის პარალელურად ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა ჩემთვის უცხო, თუმცა  კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი სფერო, რასაც მარკეტინგი ქვია. დაუჯერებელი იყო, როდესაც აღმოვჩნდი ჰოლდინგში, რომელსაც GEORGIA TODAY-ს ჯგუფი ქვია, კერძოდ ჟურნალი OK!. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩემში ის უნარები დაინახა, რომლის შესახებაც თავადაც არაფერი ვიცოდი, გამოუცდელს მენდნენ, მასწავლეს და უდიდესი პრაქტიკა გამატარეს. 2 წელზე მეტია რაც პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის წევრი ვარ, გუნდის რომელმაც გაუძლო ყველა გამოწვევას  და მიკავია მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიცია.

დამეთანხმებით რომ დღეს ფუფუნებაა აკეთო ის, რაც სიამოვნებას განიჭებს და კიდევ უფრო დასაფასებელია  როცა ადგილი, სადაც მოღვაწეობ კონკრეტული ერთი სფეროთი არ შემოიფარგლება. ამ ორი წლის მანძილზე შასაძლებლობა მქონდა ჩავრთულიყავი ივენთების ორგანიზებაში, ასევე მეთანამშრომლა სხვა კომპანიებთან დამოუკიდებელი პროექტების სახით და რაც ყველაზე მთავარია მომეცა შესაძლებლობა გავმხდარიყავი სხვადასხვა კომპანიებისა თუ კერძო პირებისთვის კონსულტანტი და დამეგეგმა საინტერესო მარკეტინგული აქტივობები.

ახალი გამოწვევაა მშობლიურ OK!-თან ერთად 25 წლიანი ისტორიის მატარებელი და  საქართველოში ყველაზე გავლენიანი ინგლისურენოვანი გამოცემის GEORGIA TODAY-ის გუნდის წევრობა. მჯერა რომ წინ კიდევ უფრო საინტერესო თავგადასავალი მელოდება.

როგორ ფიქრობთ რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად? როგორ ვიპოვოთ საყვარელი საქმე?

ვფიქრობ, არ არსებობს კონკრეტული ფორმულა რისი მეშვეობითაც წარმატების მიღწევა შესაძლებელი იქნება. თუმცა მთავარია გააანალიზო, რომ  რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდე ძალიან ბევრი შრომაა საჭირო და შრომასთან ერთად რწმენა საკუთარ თავში, რომ  ,,ყველაფერი მიღწევადია, რაც კი ჩვენს გონებას შეუძლია წარმოიდგინოს”.

ყოველდღიურად ძალიან ბევრი ტიპის ადამიანთან მიწევს კომუნიკაცია და ალბათ ჩემი პირველადი პროფესიის დახმარებით ადვილად ვგრძნობ იმ ენერგიასა და დამოკიდებულებას, რომელსაც ისინი საქმის მიმართ იჩენენ. ალბათ დამეთანხმებით, რომ ენერგეტიკას უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ყოფაზე და თუკი შენი საქმე გიყვარს დადებითი ენერგიის მატარებელი ხდები და შენდა უნებურად აზიარებ კიდეც მას. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს სიტყვის ძალა.

ჩემი რჩევა იქნება ნუ დავიშურებთ დადებით სიტყვებს ერთმანეთის მიმართ, რადგან შენმა მამოტივირებელმა ერთმა სიტყვამ შესაძლოა დიდი წვლილი შეიტანოს ადამიანის წარმატებაში.

რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იწყებენ კარიერას?

პირველ რიგში ყველას წარმატებებს ვუსურვებ. აუცილებლად ისწალეთ და არ შეწყვიტოთ განვითარება, დაისახეთ მიზნები და ორიენტირდით მის შესრულებაზე, გამოიჩინეთ ინიციატივები და არ მოგერიდოთ საკუთარი აზრის დაფიქსირების, შეეცადეთ ყოველთვის იგრძნოთ საზოგადოების მაჯის ცემა და გქონდეთ მათდამი ემპათია და რაც ყველაზე მთავარია ირწმუნეთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების.

სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ

წინ უამრავი გეგმა და გამოწვევაა, რომელსაც მოუთმენლად ველი. მჯერა, მიუხედავად კიდევ ბევრი სირთულისა, გავუმკლავდები ახალ გამომწვევებს. რაც შეეხება უახლოეს გეგმას მსურს აკადემიური განხრით გავაგრძელო განვითარება.

სრულად წაკითხვა