#OK! მენეჯერი – ლიკა მენაღარიშვილი

1 day ago 9

წარმოგიდგენთ რუბრიკა OK! მენეჯერის სტუმარს, ტელე-პროდიუსერს და კომუნიკაციების სპეციალისტს ლიკა მენაღარიშვილს. დღევანდელ დღემდე საკმაოდ ვრცელი და საინტერესო გზა გამოიარა, მისი პირველი სამსახური ბეჭდურ მედიას უკავშირდება, თუმცა, მალევე ტელევიზიაში გადაინაცვლა და დღეს ტელეკომპანია „იმედში“ შაბათ-კვირის დილის გადაცემის მთავარი პროდიუსერია. ამასთან ერთად Skillwill-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია და როგორც თავად აღნიშნავს, ეს მისთვის ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიული ეტაპია. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით OK! პირადად ესაუბრა ლიკა მენაღარიშვილს.

გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

მე ვარ ლიკა მენაღარიშვილი —  ტელე-პროდიუსერი და კომუნიკაციების სპეციალისტი. 10 წელზე მეტია, ვმუშაობ მედიაში. პირველი სამსახური ბეჭდურ მედიას და პრიალა ჟურნალს უკავშირდება, თუმცა, მალევე გადავინაცვლე ტელევიზიაში, სწორედ იქ მომცა პირველი შანსი ეკა ხოფერიამ. ამ გადაწყვეტილებამ ჩემი პროფესიული გზა განსაზღვრა და განვითარების შესაძლებლობა მომცა. ამჟამად ვმუშაობ ტელეკომპანია „იმედში“ – ვარ შაბათ-კვირის დილის გადაცემის მთავარი პროდიუსერი.

წლების განმავლობაში მედია იქცა ჩემი პროფესიული სკოლისა და პრაქტიკული გამოცდილების სივრცედ, სადაც ვისწავლე სიზუსტე, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობა.

პარალელურად ვარ Skillwill-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი – ეს ჩემთვის ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიული ეტაპია. Skillwill არის ტექნოლოგიური განათლების პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას და ეხმარება ადამიანებს, დაიწყონ კარიერა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ღირებულებები, რასაც Skillwill აერთინებს – ხარისხიანი ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობა, განვითარებაზე ორიენტირებულობა, მუდმივად ერთი ნაბიჯით წინ ყოფნა. ბედნიერი, რომ ამ ისტორიის ნაწილი მეც ვარ.

Skillwill შესაძლებლობას მაძლევს, რომ ადამიანები დავაინტერესო ტექნოლოგიური ინდუსტრიით. ჩემი მთავარი ამოცანაა, სწორი კომუნიკაციით ავუხსნა საზოგადოებას, რატომ არის ტექნოლოგიური განათლება დღეს ასეთი მნიშვნელობის და როგორ შეუძლია თითოეულს, ასაკის და გამოციდლების მიუხედავად, დაიწყოს კარიერა ამ სფეროში. მინდა, საქართველოში მეტი ტექპროფესიონალი გვყავდეს – ადამიანები, რომლებიც მომავლის უნარებით და შეხვდებიან თანამედროვე დასაქმების ბაზარს.

ტელევიზიაც და ტექნოლოგიური სფეროც მოითხოვს სწრაფ გადაწყვეტილებებს, საქმის ხარისხიან შესრულებას და ადამიანებთან სწორი კომუნიკაციის უნარს – სწორედ ამ ტემპში და ამ მიდგომით ვაგრძელებ დღეს ჩემს პროფესიულ გზას.

გვიამბეთ გზაზე, რომელიც დღევანდელ დღემდე გაიარეთ. როგორია თქვენი პროფესიული გამოცდილება?

ჩემი პროფესიული გზა არც მარტივი იყო და არც წინასწარ დაგეგმილი. თავიდან ვმუშაობდი ჟურნალში, შემდეგ კი გადავინაცვლე ტელევიზიაში. იმ პერიოდში არაფერი ვიცოდი ამ სფეროზე, მაგრამ მინდოდა, მესწავლა და მზად ვიყავი გამოწვევებისთვის.

ტელევიზიაში ნელ-ნელა ავიღე მეტი პასუხისმგებლობა, ვისწავლე გუნდური მუშაობა, კრიტიკულ დროს სწორად მოქმედება და ის თუ, როგორ უნდა შექმნა შინაარსი, რომელსაც აზრი აქვს.

რამდენიმე წლის წინ ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ტექნოლოგიური განათლების სფერო, რომელმაც ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში სიახლეებთან ერთად ახალი მიზნებიც შემოიტანა.  დღეს Skillwill-ში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ჩემი მუშაობა ემსახურება იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდებათ ცვლილება, ახალი დასაწყისი ან პროფესიული ზრდა.

თქვენი აზრით, რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად? და როგორ უნდა ვიპოვოთ საყვარელი საქმე?

წარმატება – ეს არის ყოველდღიური გადაწყვეტილება და ქმედება. წარმატება იწყება იქ, სადაც არ შეგეშინდება რისკის, მზად ხარ შეცდე და ყველაფრის მიუხედავად გააგრძელო წინსვლა.

რაც შეეხება საყვარელ საქმეს, მუდმივი არაფერია, შეიძლება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მიმართულებაში ვიპოვოთ მოტივაცია, დავისახოთ ახალი მიზნები და აღმოვჩინოთ ახალი უნარები.

რა გაძლევთ მოტივაციას?

როდესაც რაღაც კარგად გამომდის, ვგრძნობ, რომ შრომამ შედეგი გამოიღო – მაშინვე ჩნდება ახალი სურვილი, რომ კიდევ უფრო უკეთეს შედეგს მივაღწიო. ეს განცდა ზრდის სტანდარტს და მიბიძგებს, რომ არ გავჩერდე.

თუმცა ყველაზე დიდი მოტივაცია მარცხშია. როცა რამე არ გამომდის ან ვხვდები, რომ შეიძლებოდა უკეთ გამეკეთებინა – სწორედ მაშინ ვგრძნობ შინაგან ძალას, რომ თავიდან ვცადო, გავაანალიზო და ბევრად უკეთესად გავაკეთო. მარცხი ჩემთვის არ არის დასასრული – ის სტარტია, ახალი შესაძლებლობის დასაწყისი. დღეს უკვე ამ სიტყვების მნიშვნელობას სრულად ვაცნობიერებ და ვცდილობ, რომ დაბარკოლებები შესაძლებლობად ვაქციო.

რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იწყებს კარიერას?

ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ არის შენ გვერდით კარიერის დასაწყისში. მენტორი, გარემო და გუნდი ბევრ რამეს გნსაზღვრავს. მე გამიმართლა, რომ თავიდანვე ისეთ გუნდში მოვხვდი, სადაც პროფესიულ განვითარებასთან ერთად მხარდაჭერასაც ვგრძნობდი. დღემდე მადლობელი ვარ ამ წლების და გამოცდილების.

ჩემი გამოცდილებით, მარტივად არაფერი მოდის და პირველივე ცდაზე წარმატების მიღწევა იშვიათად ხდება. სწორედ ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რაც შემიძლია მივცე მათ, ვინც ახლა იწყებს კარიერას, არის – არ დანებდეთ, მაშინაც კი, როცა რაღაც არ გამოგდით.

შეიძლება ერთი, ორი ან სამი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდეს – მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გზა იქ მთავრდება. ყოველთვის არსებობს სხვა გზა. არ უნდა შეგეშინდეთ შეცდომების – მათზე სწავლა ყველაზე დიდი რესურსია.

ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია, იფიქროთ ერთი ნაბიჯით წინ, იმოქმედოთ ფრთხილად და იყოთ მოქნილი – სწორედ ეს თვისებები განაპირობებს წარმატებას ნებისმიერ სფეროში.

და ისევ, ყველაზე მთავარი  – არასდროს შეგეშინდეთ მარცხის.

ჩემი პირადი გამოცდილებაში, ყველაზე წარმატებული ეტაპები ხშირად სწორედ მარცხის შემდეგ დამდგარა. მარცხი მიიღეთ როგორც გამოცდილება და  ახალი ეტაპის დასაწყისი.

ყველაფერი ცადეთ, ნებისმიერი დროს შეიძლება გამოჩნდეს  შანსი, რომლის გამოყენებაც ხშირად ხსნის გზას იქ, სადაც მანამდე შესაძლებლობაც კი არ ჩანდა.

როგორია თქვენი მიზნები და სამომავლო გეგმები?

ტელევიზიამ მასწავლა, როგორ ვუპასუხო ცვლილებებს სისწრაფით და სიზუსტით, ხოლო ტექნოლოგიურმა სფერომ დამანახა, როგორ შეუძლია სწორად გადაცემულ ცოდნას რეალური მნიშვნელობა შეიძინოს ადამიანებისთვის. სწორედ ამ გამოცდილების გაერთიანებით ვცდილობ, დღეს ორივე სფეროში ვიყო შედეგზე ორიენტირებული და საჭირო ადამიანებთან მივიტანო სწორი შინაარსი.

სრულად წაკითხვა