#OK! მენეჯერი – მარიამ ლაბუჩიძე

1 month ago 31

რუბრიკა OK! მენეჯერი გაგაცნობთ სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის უფროსს მარიამ ლაბუჩიძეს. უკვე 10 წელია განათლების სექტორშია და დღევანდელი გადმოსახედიდან მიაჩნია, რომ მარტივი ნამდვილად არ იყო და ბევრი შრომა დასჭირდა აქამდე მოსასვლელად. რა გზა გაიარა და როგორია მისი სამომავლო გეგმები თავად გვიამბობს.

მარიამ, გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ. გზა რომელიც დღევანდელ დღემდე გაიარეთ.

საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები მაქვს დამთავრებული. 10 წელია უმაღლესი განათლების სფეროში კომუნიკაციების მიმართულებით ვმუშაობ.  ამჟამად საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას ვიკავებ. გარდა ამისა, 8 წელია ლექციებს ვკითხულობ კომუნიკაციებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. ასევე, ვარ PR-კონსულტანტი.

კარიერის დასაწყისში ნამდვილად არ მიფიქრია, რომ  განათლების სექტორში ამდენი წელი ვიმუშავებდი, თუმცა იმდენად მრავალფეროვანი, საინტერესო და გამოწვევებით სავსეა,  ვფიქრობ სწორ ადგილას ვარ. ამ 10 წელს თუ შევაფასებ, ვიტყვი რომ მარტივი ნამდვილად არ იყო და ბევრი შრომა დამჭირდა. სტუდენტობის პერიოდში ვცდილობდი ლექციების პარალელურად დამატებით პროექტებში მიმეღო მონაწილეობა, ზაფხულში კი როდესაც ვისვენებდით ყოველთვის სტაჟირებას გავდიოდი ჩემი პროფესიის მიმართულებით. ამ ყველაფერმა დიდი გამოცდილება და ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი შემძინა. დღეს ვარ იმ სფეროში, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელიც მუდმივად განვითარების შესაძლებლობას მაძლევს.

როგორ ფიქრობთ რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად? როგორ ვიპოვოთ საყვარელი საქმე?

წარმატების მისაღწევად რა სფეროშიც არ უნდა იყო ძალიან, ძალიან ბევრი შრომაა საჭირო. მთავარია გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ და ეს ყველაფერი მოსაბეზრებელი, რომ არ გახდეს უნდა ეცადო განავითარო, სიახლეები დანერგო და ამით უსაზღვრო სიამოვნება მიიღო. ცვლილებების და სიახლეების არ უნდა გვეშინოდეს.

ყოველდღიური კომუნიკაცია მიწევს სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან, ყოველთვის ვეუბნები მათ,  როდესაც თავიანთ სამომავლო  საქმიანობაზე ფიქრობენ, აუცილებლად დაუკვირდნენ საკუთარ თავს და პასუხი გასცენ მთავარ შეკითხვას – რა სურთ რომ აკეთონ. ვურჩევ, სწორად შეაფასონ საკუთარი უნარები, შესაძლებლობები და ბევრი იკითხონ სხვადასხვა პროფესიის შესახებ. მიუხედავად ამისა თუ აღმოაჩენენ, რომ არასწორი პროფესია აირჩიეს ან ბოლომდე კომფორტულად არ გრძნობენ თავს ნუ შეეშინდებათ,  რაიმე ახალი სცადონ.

რა გაძლევთ მოტივაციას?

მოტივაციას მაძლევს ყველა წარმატებული ადამიანი თავის სფეროში, წარმატება პირობითია და ყველას სხვადასხვანაირად გვესმის. ჩემთვის წარმატებული ადამიანი არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს, არასოდეს ჩერდება, ამით უდიდეს სიამოვნებას იღებს და რაც მთავარია საზოგადოებისთვისაც სარგებელი მოაქვს. აი ასეთი ადამიანები შთამაგონებენ და მოტივაციას მაძლევენ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის უდიდესი მოტივატორი ჩემი ოჯახია.

როგორია თქვენი მიზნები და სამომავლო გეგმები?

ვგეგმავ ისეთი პროექტების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გააჩენს ახალგაზრდებისთვის რეგიონებში. ასევე, ვაპირებ ახალი პროფესიის შესწავლას, თუმცა ჯერ ძიების პროცესში ვარ.

სრულად წაკითხვა