მიზანდასახულობა, განვითარებაზე ორიენტირებული ხედვა და ადამიანების მხარდაჭერის სურვილი – ეს არის თვისებები, რომლებმაც წარმატების გზა გაუხსნა ადამიანს, რომელსაც დღეს უკვე 13-წლიანი გამოცდილება აქვს მარკეტინგსა და PR-ში. სწორედ ამ გამოცდილების და თავდადების შედეგად ჩამოყალიბდა პროფესიონალი, რომელიც საკუთარ ცოდნას არამხოლოდ ბიზნესის განვითარებაში, არამედ ადამიანების კარიერულ წინსვლაშიც აქცევს ღირებულ ინსტრუმენტად. OK! მენეჯერი გაგაცნობთ ნათია ორველაშვილს, რომელიც უფრო ვრცლად გვიამბობს მისი გამოცდილებისა კარიერული გზის შესახებ.
უპირველესად გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.
გამარჯობა, მე ვარ ნათია ორველაშვილი – PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტი 13-წლიანი გამოცდილებით. კარიერა დავიწყე გაყიდვების სფეროში, სადაც მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია და სტრატეგიული მიდგომა წარმატების მისაღწევად.
წლების განმავლობაში პროფესიულმა განვითარებამ მაპოვნინა ჩემი თავი მარკეტინგში, სადაც შემიძლია შევქმნა რეალური ღირებულება კომპანიებისთვის, სადაც ჩემი ცოდნით მიღწეულ შედეგებს არაერთი ადამიანი ნახავს.
უკვე ბოლო 5 წელია ვხელმძღვანელობ მარკეტინგის დეპარტამენტს და ვმართავ საკუთარ გუნდს. ერთობლივი ძალისხმევით ვქმნით ინოვაციურ კამპანიებს, რომლებიც ბრენდებს რეალურ წარმატებასა და ზრდას მოუტანს.
ბოლო წლებში დავამატე ტრენინგების მიმართულებაც, რადგან მჯერავს, რომ ცოდნის გაზიარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა პროფესიული გარემოს განვითარებისთვის. ვმუშაობ პროექტებზე, რომლებიც ადამიანებს კარიერულ განვითარებაში, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და რეალიზებაში ეხმარება.
გზა, რომელიც დღევანდელ დღემდე გაიარეთ.
ჩემი პროფესიული გზა მარტივი არ იყო. ეს გზა გაყიდვების სფეროში დაიწყო, სადაც ვისწავლე მომხმარებლის ქცევის სიღრმისეული გაგება და წარმატების ფორმულა, რომელიც სწორ კომუნიკაციასა და ურთიერთობის მართვაზეა დაფუძნებული. სწორედ ამ ეტაპზე მივხვდი, რომ მარკეტინგი იყო სფერო, სადაც შემეძლო სტრატეგიული ხედვისა და კრეატიული იდეების სრული რეალიზება.
შემდეგ გადავედი მარკეტინგში და წლების განმავლობაში ვიმუშავე სხვადასხვა კომპანიაში, სადაც შევქმენი მრავალფეროვანი მარკეტინგული კამპანიები, ვმართე PR და ბრენდინგის პროცესები და განვახორციელე პროექტები, რომლებმაც მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა.
ამ პერიოდში მივიღე საერთაშორისო დონის სერტიფიცირება, როგორც გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალისტმა, მოვიპოვე ევროკავშირის გრანტი, რამაც საშუალება მომცა ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობების .
ჩემს საქმიანობაში მთავარი უპირატესობაა უნარი, წინასწარ ვგრძნო კონტენტის ეფექტს და უნარი,რომ სწორად შევაფასო მომხმარებლის რეაქცია. ეს მეხმარება ბრენდებისთვის მაქსიმალური შედეგის მიღწევაში.
დღეს ვხელმძღვანელობ მარკეტინგის დეპარტამენტს, ვმართავ საკუთარ გუნდს და ვმუშაობ როგორც საკუთარი პროექტების განვითარებაზე, ასევე ვეხმარები ბიზნესებს სწორ პოზიციონირებაში და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც უზრუნველყოფს მათ ზრდასა და წარმატებას.
რა გაძლევთ მოტივაციას?
მოტივაციას მაძლევს ორი რამ: განვითარების სურვილი და შედეგი. როდესაც ვხედავ, რომ სწორად დაგეგმილი სტრატეგია ზრდის გაყიდვებს ან ადამიანებს ეხმარება უკეთესი კარიერული არჩევანის გაკეთებაში, ეს ჩემთვის უდიდესი სტიმულია.
როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი მიზნების და შემდეგ უკვე წარმატების მისაღწევად?
ყველაზე მნიშვნელოვანი არის სტრატეგია და მტკიცე ნაბიჯები. წარმატება სწრაფად არ მოდის, მაგრამ როდესაც ზუსტად იცი სად მიდიხარ, მზად ხარ გამოწვევებისთვის და მუდმივად ისწავლი, შედეგი აუცილებლად დადგება.
რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იწყებენ კარიერას?
არ შეუშინდეთ შეცდომებს და ნუ ელოდებით იდეალურ მომენტს დასაწყებად. ისწავლეთ პრაქტიკიდან და იმუშაოთ საკუთარ უნარებზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია და აქტიური ჩართულობა და თანამედროვე ცხოვრებაზე “ფეხის აყოლა” – ეს კარიერის აშენების ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის.
როგორია თქვენი მიზნები და სამომავლო გეგმები?
ჩემი მთავარი მიზანია, მრავალწლიანი გამოცდილება და ცოდნა უფრო მეტ ადამიანთან გავაზიარო და ბიზნესებს რეალური ზრდის შესაძლებლობა მივცე.ასევე დავეხმარო იმ ხალხს ვინ ახლა 0-დან იწყებს , რადგან კარიერის დაწყების პირველ ეტაპზე ასეთი ხალხი ვინ განვითარებისკენ გვიბიძგებს მთელი ცხოვრების მანძილზე გვამახსოვრდება…
სწორედ ამ მიზნით დავაფუძნე ახალი კომპანია Service Creator — მარკეტინგული საკონსულტაციო – ბიზნესის განვითარების სერვისებისა და ტრენინგების სააგენტო.
Service Creator-ის მიზანია გახდეს პლატფორმა, რომელიც კომპანიებს სრულფასოვან მხარდაჭერას შესთავაზებს — სტრატეგიული მარკეტინგიდან ბიზნესის განვითარებამდე. პარალელურად, პროფესიონალებსა და დამწყებებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ პრაქტიკულ ტრენინგებს, რომლებიც ეფუძნება რეალურ გამოცდილებას და გაზომვად შედეგებს.
ჩემი ხედვაა, რომ საქართველოში მარკეტინგისა და ბიზნეს განვითარების სფეროში ხარისხიანი, შედეგზე ორიენტირებული სერვისები დაინერგოს. სწორედ ამ მიზნის გარშემო ვაპირებ შევქმნა ძლიერი და ინოვაციური სისტემა.