#OK! „მინდა შვილებმა სიმართლე იცოდნენ“ – ალა პუგაჩოვას პირველი დიდი ინტერვიუ რუსეთიდან წასვლის შემდეგ

1 day ago 3

რუსული ესტრადის პრიმადონამ, ალა პუგაჩოვამ, რომელმაც სამშობლო 2022 წელს ქმართან და ორ შვილთან ერთად დატოვა,  ჟურნალისტ ეკატერინა გორდეევასთან 3.5 საათიან ინტერვიუში რუსეთიდან წასვლის მიზეზებზე,  თავის მთავარ ღირებულებებზე, შემოქმედებაზე, საყვარელ არტისტებზე და ოჯახზე ისაუბრა.
ჟურნალისტთან შეხვედრა იურმალაში, იმ სახლში შედგა, რომელსაც პუგაჩოვას ოჯახი არდადეგების პერიოდში ქირაობს.
მომღერალმა გაიხსენა როდის და როგორ მიიღო რუსეთიდან წასვლის გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყების მიუხედავად, რუსეთის დატოვებას არ აპირებდა, მაგრამ  სერგეი კირიენკოსთან შეხვედრისა და ინტერნეტში ჭორების გავრცელების შემდეგ, მიხვდა, რომ წასვლა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.

„2022 წლის თებერვალში მაქსიმი (გალკინი) საზღვარგარეთ იყო, მე კი რუსეთში, მაგრამ სამკურნალოდ ისრაელში წასვლა მომიწია. ისრაელში გადამარჩინეს, რადგან იქ იყო ექიმი, რომელიც ძალიან მჭირდებოდა. როგორც კი რუსეთი დავტოვე, ყველაფერი დაიწყო! ის საშინელი მღვდელი, (დეკანოზი ანდრეი ტკაჩოვი) გაჰყვიროდა -„რა ბედნიერებაა! ის წავიდა და ჰაერი გაიწმინდა!“ სინამდვილეში, წასვლას არ ვაპირებდი. შემდეგ, რადგან ომის წინააღმდეგი ვიყავით, ჩვენზე თავდასხმები დაიწყო“ – ამბობს პრიმადონა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო მომღერალს იმ დროს შეხვდა, როდესაც მისმა მეუღლემ, მაქსიმ გალკინმა პირველი ანტისაომარი მიმართვა გამოქვეყნა.

„მეგობრებმა მითხრეს – მათ შენთან საუბარი უნდათ. საუბარი კირიენკოს სურდა. სერიოჟას ვიცნობდი და მასთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა. ვიფიქრე, კარგი, წავალ და ვისაუბრებ, იქნებ რამე შემომთავაზოს. მან მკითხა, რით ვიყავი უკმაყოფილო. ვუთხარი, რომ უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ადამიანები ჩემს ოჯახთან მიმართებაში თავს ყველაფრის უფლებას აძლევდნენ. ეს ძალიან ცუდია, რადგან ისინი ჩვენზე ვარჯიშობენ და შემდეგ თქვენზე გადმოვლენ – ვუთხარი კირიენკოს.

მან მკითხა – „წასვლას აპირებ?“ ვუთხარი, რომ წასვლა არ მსურს  და არ ვიცი სად და რატომ უნდა წავიდე. ამ დროს მას მაგიდაზე უდევს  ყველა ინფორმაცია მაქსის შესახებ. რა თქვა, როგორ  თქვა.. „გასაგებია, ემოციური და ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, ის ხომ მსახიობია? ამიტომ ვერ ვხედავ რაიმე მიზეზს, რომ ინერვიულო“ -მითხრა კირიენკომ. „შეგეძლოთ გაგეფრთხილებინეთ, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება აღარ არსებობს“ – ვუთხარი მე. მან მიპასუხა – ნუ ღელავ, ყველაფერი კარგადაა, იცხოვრეთ მშვიდად, თქვენ ჩვენი ეროვნული სიამაყე ხართ —  იმდენად სასიამოვნო და საეჭვო იყო, რომ ყველაფერი ასე მარტივი აღმოჩნდა. იგორ ნიკოლაევთან სტუმრად კი არ წავედი, გავფრინდი.  იგორ კრუტოიც იქ იყო. ვუთხარი „იგორ, მისმინე, ნორმალური ხალხია! თუნდაც კირიენკო! აღფრთოვანებული ვარ! რა სწორად ესმის ყველაფერი!“ (იცინის). ორი დღის შემდეგ მაქსიმ გალკინს „უცხოეთის აგენტის“ წოდება მინიჭეს.

ამის შემდეგ სკოლაში ბავშვების ბულინგი დაიწყო. მათ ჯაშუშების შვილებს ეძახდნენ, ეუბნებოდნენ, რომ მათი მამა „უცხოეთის აგენტია“. ჩვენ ჩემოდნები ჩავალაგეთ, დავურეკეთ მამას და ვუთხარით, რომ მივდიოდით. ​​თან 30 ათასი დოლარი გვქონდა, რომლის წაღებაც შეგვეძლო და ისრაელში გავემგზავრეთ. გულახდილად გეტყვით, რომ ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. მაშინ დავწერე და მოვითხოვე, რომ მეც „უცხოეთის აგენტად“ გამოვცხადებულიყავი. არ მესმის, რატომ ახშობენ ასე ადამიანების მოსაზრებებს. სახელმწიფოში განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს. სწორ გადაწყვეტილებას როგორ მიიღებ თუ ქვეყანაში მხოლოდ ერთი აზრია?

ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება წავიდეს, თუ მას არაფრის გამო შეურაცხყოფენ და უპატივცემულედ ექცევიან. არ მინდა სიცოცხლე სტალინიზმის პირობებში დავასრულო. მე სტალინიზმის პერიოდში დავიბადე, როცა ირგვლივ მხოლოდ აკრძალვები იყო, მისი სიკვდილის შემდგომაც კი. მაშინ ტელევიზორში აჩვენებდნენ, ხალხი როგორ ტიროდა, სინამდვილეში კი ისეთი ზეიმი იყო“- იხსენებს მომღერალი.

მაქსიმ გალკინთან ქორწინების შესახებ

ეს ნამდვილი ბედნიერებაა. ამაზე საუბარიც კი არ შემიძლია. მას საოცარი ნიჭი აქვს – ვუყვარდე მე, უყვარდეს ოჯახი და იზრუნოს ჩემზე. შემიყვარდა, ეს იყო და ეს. მივხვდი, რომ ეს მჭირდებოდა და მანაც გაიგო. ზოგჯერ ვერც კი ვხვდები, როგორ მოხდა ეს – აბსოლუტური ჰარმონია. ჩვენ თითქმის ერთნაირ ოჯახებში გავიზარდეთ. რა თქმა უნდა, მე ადრე, ის — გვიან, მაგრამ ერთნაირი აღზრდა გვქონდა. საქმე მხოლოდ სექსუალურ კავშირში კი არა, მეგობრობაში, გაგებასა და მხარდაჭერაშია.

– პირადი ცხოვრება 50 წლის შემდეგაც არსებობს?

– არსებობს. სიამოვნების მიღების სხვადასხვა გზაც არსებობს, რომ ასაკმა ხელს არ შეგიშალოს.

სხვა ქორწინებების შესახებ

მე ორი ნამდვილი ქორწინება მქონდა — პირველი მიკოლას ორბაკასთან და ბოლო მაქსთან. სამი ქორწინება კი ამ ორის შუაში უბრალოდ, მეგობრის დახმარებაა.

სტეფანოვიჩს ბინადრობის უფლება სჭირდებოდა და ამისათვის სამი წელი უნდა ეცხოვრა მოსკოვში ან ვინმეზე დაქორწინებულიყო. ევგენი ბოლდინთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ძალიან სიმპათიური მამაკაცი იყო, მაგრამ ერთმანეთს არ შევეფერებოდით.

მესამე კი … მასზე საუბრით უბრალოდ დამღალეს. დედაჩემი ფილიპის ბებიასთან მეგობრობდა და მისი დახმარება მთხოვა.
— ფილიპს უჭირდა?
— ეს ჩემი მოზარდობის ასაკიდან იყო. მე ვიცნობდი  ფილიპის დედას. ბედროსი არ მომწონდა, მაგრამ ვიქტორია, რა თქმა უნდა, შესანიშნავი ქალი იყო. მას ფილიპის მიმართ წარმოუდგენლად ძლიერი, თითქმის გიჟური სიყვარული ჰქონდა. ეს განსაკუთრებული ისტორიაა, რადგან ვიქტორიას კიბო ჰქონდა და როცა კვდებოდა, მითხრა გთხოვ, არ მიატოვო, დაეხმარე, იყავი მასთან, დედასავით იყავი მისთვის. ძნელი გასახსენებელია..

როდესაც ვიქტორია ოპერაციაზე მიჰყავდათ, მახსოვს, როგორ შეხედა ფილიპს უკანასკნელად. მაშინ გადავწყვიტე, რომ დავეხმარებოდი. მეგონა, რომ სამ წელიწადში ფეხზე დავაყენებდი.

— დაქორწინება აუცილებელი იყო?

— სხვაგვარად როგორ? თუ იტყვიან, რომ პუგაჩოვასთან რომანი აქვს, ეს მაშინვე იპყრობს ყურადღებას. რა თქმა უნდა, ეს პრიმიტიული ნაბიჯია, მაგრამ იმ დროს ძალიან კარგად მუშაობდა. მას ჩემზე გაბრაზების მიზეზი არ აქვს, რადგან ყველაფერი მივეცი, რაც შემეძლო.

— მან რა მოგცათ?

— არ ვიცი, ის სატელევიზიო გადაცემებში დამცინის, თუმცა როგორც ვხვდები, ჩემი მადლიერია. ასე არაა?

ელცინისა და გორბაჩოვის შესახებ

მე და იგორ კრუტოი ელცინს გადადგომის შემდეგ ვეწვიეთ და სიმართლე გითხრათ, იმ შეხვედრის შემდეგ ბევრი დავლიეთ. „რა მაგარი ბიჭია!“ თქვა მაშინ კრუტოიმ. მაგარია თუ არა, მას მმართველის როლი ჰქონდა… მმართველებიც უშვებენ შეცდომებს. ზოგს ჰყოფნის გამბედაობა, რომ შეცდომები აღიაროს, ზოგს არა..

გორბაჩოვი იყო ადამიანი, რომელიც შეცდომებს უშვებდა, მაგრამ ამას აღიარებდა. შესაძლოა, მას გენიალურობა აკლდა, მაგრამ  ხალხისთვის კარგი, მშვიდი, ბედნიერი და მხიარული ცხოვრება ნამდვილად სურდა. ზოგი რამ არ გამოვიდა, ზოგი გამოვიდა.

პუტინ

პუტინი სულელი ადამიანი არ არის, მე მას ვიცნობ და ხმა მივეცი. მისით აღფრთოვანებული ვიყავი. საოცრად სწორ რამეებს ამბობდა, უკრაინაზეც კი. ის ხმამაღლა ამბობდა ყველაფერს, რასაც მე ვფიქრობდი. ის ჩემი კერპი იყო.

— როდის მიხვდით, რომ შეცდით?

— მე ძალიან დავძაბე,  როდესაც კურსკი ჩაიძირა. მეგონა, რომ ის სოჭიდან მოირბენდა ყველას დასამშვიდებლად, მაგრამ არ მოვიდა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მწყდება გული, რომ ეს ყველაფერი ხდება. ოდესღაც ყველაფერი დასრულდება, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ადამიანებს ვეღარ დააბრუნებ. ეს უბედურებაა..

რუსებთან დამოკიდებულება

— მე ვთქვი, რომ სამშობლოს მაშინ დავტოვებ, როცა ის  მომატყუებს და მან მომატყუა, მაგრამ არ მომატყუებს მილიონობით თაყვანისმცემელი რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. ყოველთვის ძალიან მიხარია, როცა მწერენ და ვიდეოს მიგზავნიან, — აღიარა მომღერალმა.
ალამ გაიხსენა, რომ საბჭოთა კავშირის დროს საზღვარგარეთიდან უამრავი შეთავაზება მიიღო, მაგრამ ყველაზე უარი თქვა, რადგან რუსეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა.
მომღერალმა გაიხსენა, რომ შვედური ჯგუფი – ABBA მიუზიკლში მონაწილეობას სთავაზობდა. პუგაჩოვას ძალიან სურდა შვედების წინადადება მიეღო, მაგრამ იძულებული იყო უარი ეთქვა, რადგან ეშინოდა, რომ მისი თანხმობა ოჯახს პრობლემებს შეუქმნიდა.

შემოქმედება და სცენა

„მე ინტროვერტი ვარ. სცენა არის ჩემი ხსნა, იმიტომ რომ ხალხი დარბაზში შორსაა. მე მათ ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ და მიყვარდება, ხოლო ცხოვრებაში ზედმეტი ყურადღების ცოტა მრცხვენია. სცენაზე ვთავისუფლდები“ — აღიარა მომღერალმა და აღნიშნა, რომ არასდროს უყვარდა მეტსახელი „პრიმადონა“. „პრიმადონა სიმღერის სახელწოდებაა. მე ვარ ქალი, რომელიც მღერის“.

მომღერალს დიდ პოლიტიკაში წასვლის სურვილი არასოდეს ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ 90-იანებში მის შემოქმედებაში ახალი ეტაპი დაიწყო და შოუბიზნესში უკვე დიდი ავტორიტეტი ჰქონდა.

— ბანდიტური სამყარო პატივს მცემდა. როცა ჟურნალისტი ვლად ლისტევი მოკლეს, ისტერიკა მქონდა. მე ვიცი რატომ მოკლეს. ეს იყო ფინანსური საკითხი, ფულის გაყოფა..
— თქვენ მაშინ თქვით, რომ ყველას კლავენ, ვინც გამოირჩევა, მაგრამ ყველას მოკვლა შეუძლებელია..
— ახლა ვიტირებ.. პრობლემებიც რომ შემქმნოდა, ამ სიტყვებს, მაინც ვიტყოდი.

გორდეევამ მომღერალს შეახსენა, რომ 2012 წელს, ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერთან ინტერვიუში პუგაჩოვამ თქვა – ჩვენ ახლა უფსკრულის პირთან ვდგავართ, მიუხედავად  იმისა, რომ მაშინდელ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ალა პუგაჩოვა აღიარებს, რომ არ ელოდა თუ მედვედევი პუტინის მსგავსად, ძალიან შეიცვლებოდა.

პუგაჩევა იუმორით საუბრობდა თავის ასაკზე. მან აღიარა, რომ ინტერვიუზე შვილების გამო დათანხმდა, რომ მათ „ეპოქის დოკუმენტი“ დაუტოვოს, სადაც დედასა და მამის შესახებ სიმართლე იქნება.
„მე მყავს ადამიანები, ვისთვისაც ვცოცხლობ, მაქვს მიზანი და ბედნიერი ვარ. ვიღაცას ეს არ მოეწონება, მაგრამ საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ“, — თქვა მან.

მომღერალი სიკვდილზე მშვიდად საუბრობს: „არ მინდა უძლური ვიყო და ძლიერი ტკივილები მქონდეს. ვისურვებდი, რომ ღრმა სიბერეში სანთელივით მშვიდად ჩავქრე და დაე, ამ დროს მოცარტის რეკვიემი ან რაღაც მსგავსი ჟღერდეს“..

მიმართვა გულშემატკივრებს

გმადლობთ თქვენთან ურთიერთობის სიხარულისთვის. გმადლობთ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში. გმადლობთ, რომ ახლაც ჩემთან ხართ.

რთულია. მე ისინი მიყვარს.. ვიტანჯები მათთვის, ვნერვიულობ მათზე – როგორ შეუძლიათ ასე ცხოვრება? მათ ეუბნებიან, რომ ეს კარგია  და ამით ამაყობენ. არ იციან ისტორია, მაგრამ ისტორიით ამაყობენ. არ იციან, რა მდგომარეობა გვაქვს მედიცინაში, მაგრამ  ჯანდაცვით ამაყობენ. ეს მოჩვენებითი ცხოვრება სინამდვილეში ტრაგედიაა!

მეგობრებო, ისწავლეთ სიმართლის თქმა. ისწავლეთ სიკეთისკენ და სილამაზისკენ სწრაფვა. კი არ უნდა დაანგრიოთ, უნდა შექმნათ. ჩვენ მშვიდობისთვის უნდა ვილოცოთ და არა ომით დავტკბეთ და ნუ ფიქრობთ ადამიანებზე ცუდს, თუ მათ არ იცნობთ.

საბჭოთა კავშირის დროს იყო ასეთი ანეკდოტი — მთელ ქვეყანაში  გამოაცხადეს, რომ ხვალ დილის ათ საათზე ყველა მოქალაქე წითელ მოედანზე უნდა გამოცხადდეს, რომ ჩამოვახრჩოთ. კითხვები გაქვთ? დიახ –  თოკებს მოგვცემენ თუ ჩვენი მოვიტანოთ? აი, ასეთი მომთმენი ხალხი გვყავს, ყველაფერს პატიობს..

სრულად წაკითხვა