OK! მონტიჩელო – მულტიფუნქციური სივრცე დაუვიწყარი ღონისძიებების დასაგეგმად

2 weeks ago 11

ჟურნალი OK! გამორჩეული სივრცის, კომპლექს „მონტიჩელოს“ შესახებ გიამბობთ, რომელიც თბილისში, ქალაქის ცენტრიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს და თითოეულ სტუმარს განსაკუთრებული და დაუვიწყარი დროის გატარებას ჰპირდება. აქ თქვენ დაგხვდებათ ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდი გარემო, რომელიც საოცარ ხედებთან ერთად, უამრავ აქტივობას გთავაზობთ, რის შესახებაც „მონტიჩელოს“ გენერალური მენეჯერი, მაკუნა გოგაშვილი უფრო ვრცლად გვიამბობს.

უპირველესად, გაგვაცანით Monticello. რამდენი ხანია, რაც გაიხსნა და საიდან გაჩნდა იდეა?

„მონტიჩელო“ დიდი შრომის და ძალისხმევის შედეგია, რომელშიც ჩვენი დიდი ოჯახის ყველა წევრი მონაწილეობდა და დიდი სიყვარულით ვაშენებდით. 13 წლის წინ ოჯახის საკუთრებაში არსებულ მიწაზე დავიწყეთ ჩვენთვის, ოჯახისთვის ხეხილის ბაღის გაშენება, ვინაიდან გვყავდა მცირეწლოვანი შვილები, გვსურდა მათთვის კომფორტული და ჯანსაღი გარემოს შექმნა. ამავდროულად, სურვილი გვქონდა, რომ ბავშვებს კონტაქტი ჰქონოდათ ბუნებასთან და რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინათ ჯანსაღ, სუფთა გარემოში. შესაბამისად, ხეხილთან ერთად დავიწყეთ სხვადასხვა შინაური ფრინველისა და ცხოველის, ასევე, დეკორატიული ფრინველების მოშენება.

ამ ყოველივეს წლები დასჭირდა, ხეხილის ბაღის ზრდის შედეგად საჭირო გახდა მოსავლის დაბინავება, რაც თავის მხრივ სხვადასხვა ტიპის განვითარებას მოითხოვდა. ყოველივემ კი საკმაოდ დიდი მასშტაბი მიიღო და მხოლოდ ჩვენს შესაძლებლობებს გასცდა, მოსული სტუმრები კი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და ორი წლის წინ, ბევრი ფიქრის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს სილამაზე უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაგვეზიარებინა.

რატომ „მონტიჩელო“?

სახელს რაც შეეხება, ბევრი ვიფიქრეთ. იყო სხვადასხვა ვარიანტი, მაგრამ „მონტიჩელო“ ალბათ ყველაზე მეტად უხდებოდა ამ გარემოს (ჩვენი ოჯახის ქართულ-ამერიკული ცხოვრების გამო), მონტიჩელო „პატარა მთა“ (იტალიურად). ასე ეწოდება ამერიკაში თომას ჯეფერსონის სახლ-მუზეუმს, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში. მონტიჩელო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის.

სად მდებარეობს „მონტიჩელო“?

„მონტიჩელო“ მდებარეობს თბილისში, მახათას მთაზე, ქალაქის ცენტრიდან 10 წუთის სავალზე, არის ადვილად მისადგომი ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან და, ამავდროულად, იძლევა შესაძლებლობას, იყოთ ქალაქის ხმაურისაგან თავისუფალ, სუფთა, მშვიდ გარემოში.

რატომ უნდა ვესტუმროთ „მონტიჩელოს“?

პირველ რიგში, განსაკუთრებულად ლამაზი გარემოს გამო. ყოველთვის გეუფლება განცდა, რომ თბილისიდან შორს ხარ, რაც დამატებითი კომფორტია ქალაქის დამღლელი ქაოსის შემდეგ. ეს არის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო, ქართული ტრადიციული სივრცეებით. აქვეა საოცარი ხედები, უნიკალური ქრისტიანული ძეგლები, ტაძრები.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენმა სტუმარმა თავი იგრძნოს განსაკუთრებულად კომფორტულად. ჩვენ ქართული სტუმარმასპინძლობის საუკეთესოდ წარმოჩენა შეგვიძლია.

რა ტიპის სივრცეებს აერთიანებს?

„მონტიჩელო“ გაშენებულია ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, აერთიანებს სხვადასხვა ტიპის მოსასვენებელ ადგილებს, ხეხილის ბაღს, აუზს, ვენახს მარნით, ქართული ტიპის მოსასვენებელ ღია სივრცეებს, ასევე, დახურულ კომფორტულ ევროპულ სივრცეს, კონტაქტურ ზოოპარკს ბავშვებისთვის, ტბას თევზაობისთვის და ასე შემდეგ.

„მონტიჩელო“ არის კომპლექსი, რომელიც გამიზნულია დასასვენებლად და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ამიტომ აქ ნახავთ კომფორტულ სივრცეებს, თავისი ჰამაკებითა და საქანელებით, რაც ბავშვებისთვისაც იდეალურია გასართობად. აღსანიშნავია, რომ აქვეა ფრინველების ზოოპარკი, სადაც თქვენ დაგხვდებათ ფარშევანგები, კაკბები, მწყერები, ბატები, იხვები, ხოხბები, თუთიყუშები, კურდღლები, ციცრები…

რამდენი ადამიანის მასპინძლობა შეუძლია სივრცეს?

ღია სივრცე სხვადასხვა გემოვნების საკმაოდ ბევრ ადამიანს უმასპინძლებს – 500/800. ხოლო დახურული – 150/200. აქ თქვენ დაგხვდებათ ღია მარანი, სადაც განლაგებულია თონე, ბუხარი, საწნახელი, ქვევრები, მინის იატაკი ქართული არქიტექტურის ნიმუშებით. აქვეა ბარი და გასართობი სივრცე, ქართული და ევროპული სივრცეები, აუზი, შადრევანი და მინი-ჩანჩქერი.

რა ტიპის ღონისძიებებს მასპინძლობს „მონტიჩელო“?

უპირველესად, სივრცე იდეალურია დასასვენებლად და განსატვირთად მთელი დღის განმავლობაში, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, „მონტიჩელო“ თავის სტუმრებს ანებივრებს მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი. აქ თქვენ შეგიძლიათ დაკავდეთ თევზაობით, ჩაერთოთ რთველში, არყის გამოხდაში, სპორტულ აქტივობებში, კულინარიულ მასტერკლასებში, ასევე, სეზონის მიხედვით მოკრიფოთ ხილი და ამოავლოთ ჩურჩხელა. ერთი წინადადებით რომ ვთქვათ, „მონტიჩელო“ იდეალურია როგორც მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად, ასევე ოჯახთან ერთად განსატვირთად და კორპორაციული ღონისძიებების დასაგეგმად. ამასთანავე, „მონტიჩელო“ იდეალური არჩევანია სხვადასხვა ტიპის ივენთების დასაგეგმად და თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად, მათ შორის ქორწილების, თიმ ბილდინგების, ტრენინგებისა და კონფერენციებისთვის.

სამომავლო გეგმები…

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენი სივრცე ყველა სეზონზე მზადაა გაუმასპინძლდეს სტუმრებს და სეზონის შესაბამისი აქტივობები შესთავაზოს. ამასთან ერთად, პერიოდულად აუცილებლად გავანებივრებთ ჩვენს სტუმრებს სხვადასხვა სიახლით.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

სრულად წაკითხვა