კლინიკა MEDI-ს სტომატოლოგია უკვე წლებია წამყვან პოზიციას ინარჩუნებს რეგიონში, რაც, პირველ რიგში, უახლესი ტექნოლოგიების, მკურნალობის ინოვაციური მიდგომებისა და მაღალკვალიფიციური გუნდის დამსახურებაა. კლინიკა უზრუნველყოფს მომსახურებას, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს სიზუსტეს, ეფექტურობასა და პაციენტის კომფორტს. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ექიმ ნატა ხარატიშვილს ვესაუბრეთ, სტომატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელს, რათა უკეთ გავიგოთ თუ როგორ აისახება კლინიკის ეს მიღწევები პაციენტების კომფორტსა და მკურნალობის შედეგებზე.
როგორც ცნობილია, MEDI-ს სტომატოლოგიური განყოფილება აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და თანამედროვე აპარატურით. რა გავლენას ახდენს ეს მომსახურების ხარისხზე?
პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ კლინიკაში გვაქვს SIRONA-ს ბრენდის კომპიუტერული ტომოგრამა, რომელიც დღეს ყველაზე ძვირადღირებული და ზუსტი დანადგარია. ამ აპარატს შეუძლია სურათის რამდენიმე განსხვავებულ ჭრილში გადაღება, მათ შორის არის ე.წ „ცეფალომეტრია“. სწორედ ცეფალოგრამაში ხდება თავის ქალის საგიტალური ჭრა, რაც ორთოდენტებს ეხმარება მკურნალობის გეგმის ჩამოყალიბებაში.
გარდა ამისა, სტომატოლოგიის განყოფილებაში გვაქვს სამი დენტალური მიკროსკოპი, რომლებიც საშუალებას იძლევიან რომ კბილი დაახლოებით 12-ჯერ გადიდდეს, სპეციალური ქსენონის განათების დახმარებით კი უკვე შესაძლებელი ხდება მისი უწვრილესი სტრუქტურების, მათ შორის ფესვისა და არხების დათვალიერება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით არხების დამუშავება და გაწმენდა მიმდინარეობს არა ბრმად, არამედ ხილულად და, შესაბამისად, საგრძნობლად უმჯობესდება ხარისხიც.
მნიშვნელოვანია, რომ უახლესი აპარატების დახმარებით ჩვენ შეგვიძლია კბილის დაბჟენა „ცხელი მეთოდით“, რომლის დროსაც ხდება მასალის გათხევადება და წნევის დახმარებით არხში შეყვანა. ამ დროს იბჟინება არა მხოლოდ ძირითადი არხი, არამედ მისი თითოეული განშტოება. მოგეხსენებათ, ყველა ეს განშტოება არის ძალიან წვრილი და შეუძლებელია მათში ინსტრუმენტულად შეღწევა, ამ პრობლემას კი ვუმკლავდებით სწორედ „ცხელი მეთოდით“, ვასუფთავებთ არხებს და ვაცემენტებთ, დამატებით კი გამოირიცხება ისეთი გართულებებიც, როგორიცაა მაგალითად კისტა და სხვა ანთებითი პროცესები.
რაც შეეხება ლაბორატორიას, იგი აღჭურვილია SIRONA-ს ციფრული აპარატურით, გვაქვს ციფრული სკანერები, ჩარხები… ეს აპარატურა საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, რასაც სხვა, ანალოგი ბრენდების აპარატურის გამოყენების შემთხვევაში ვერ მივიღებდით. შეიძლება ითქვას, რომ კლინიკაში გვაქვს ტექნოლოგიების სრული ჯაჭვი, ამ უახლეს აპარატურას ვიყენებთ სტომატოლოგიის ყველა განხრაში.
თქვენს კლინიკაში ხელმისაწვდომია CEREC ტექნოლოგია, რომელიც პაციენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ იდეალური ღიმილი. რა უპირატესობები აქვს ამ ინოვაციურ სისტემას და როგორია მისი ძირითადი სარგებელი პაციენტებისთვის?
CEREC ტექნოლოგია გვაძლევს პირშიდა სკანერის გამოყენების საშუალებას, რომელმაც მთლიანად ჩაანაცვლა ანალოგური ანაბეჭდი. როდესაც პაციენტს გასაკეთებელი აქვს გვირგვინები, ვინირები და ნებისმიერი ორთოპედიული კონსტრუქცია, ჩვენ ვამუშავებთ კბილს CEREC-ის პირშიდა სკანერით და აღარ ვიყენებთ ანალოგურ ანაბეჭდს, შედეგად კი კონსტრუქცია გაცილებით ზუსტია და პროცედურა ბევრად უფრო კომფორტული.
ციფრული ტექნოლოგიით კონსტრუქციის დამზადებისას ვიყენებთ ისეთ თანამედროვე მასალებს, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ესთეტიკით, სიმყარითა და გამძლეობით. მნიშვნელოვანია, რომ კონსტრუქციის დამზადება შეგვიძლია კბილის მინიმალური დამუშავებით, ნერვის წინასწარ ამოღების გარეშე, ასეთი კბილის მუშაობის პერიოდი კი გაცილებით უფრო დიდია.
პაციენტისთვის დამატებით კომფორტს ქმნის ისიც, რომ შესაძლებლობა გვაქვს დავამზადოთ პლასტმასის მოკაპები, რომელსაც პაციენტი პირის ღრუში მოირგებს კბილის დამუშავებამდე, რაც შეუქმნის წარმოდგენას მომავალი კონსტრუქციის დიზაინზე.
ძალიან მნიშვნელოვანია კონსტრუქციის დამზადების ვადებიც. კონსტრუქციის გამოჭრა ხდება 12 წუთში, მაშინ როდესაც ანალოგურ რეჟიმში მის დასამზადებლად ტექნიკოსს რამდენიმე დღე სჭირდებოდა. ახლა უკვე შეგვიძლია რამდენიმე გვირგვინი პაციენტს რამდენიმე საათშიც კი დავუმზადოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ადამიანური ფაქტორი.
რა როლს ასრულებს კლინიკის ბაზაზე არსებული ლაბორატორია მკურნალობის სიზუსტესა და ეფექტურობის გაუმჯობესებაში?
ექიმისთვის დიდი ფუფუნებაა როდესაც მას ტექნიკოსი ჰყავს გვერდით, ჩვენ კი შეგვიძლია მას სწრაფად და მაქსიმალური სიზუსტით გავუზიაროთ ინფორმაცია, შემდგომში კი ერთობლივად მივიღოთ სხვადასხვა გადაწყვეტილებები, რაც მნიშვნელოვანია მკურნალობის ეფექტური გეგმის შესადგენად. ამასთან, თუ გვჭირდება მაგალითად კონსტრუქციის ფერის შეცვლა, ეს ხდება წუთიერად და პაციენტს არ უწევს კიდევ ერთხელ მოსვლა, რის ხარჯზეც ხდება დროის დაზოგვა.
ჩვენს ლაბორატორიაში მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც ჩვენთან ერთად შეისწავლეს ეს ციფრული ტექნოლოგიები და, შესაბამისად, გვაქვს ერთიანი ხედვა, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს საბოლოო შედეგისთვის.
რა არის ZOOM 4 გათეთრების მეთოდის მთავარი უპირატესობები და რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეთ პაციენტებს?
ZOOM 4 არის ბოლო თაობის აპარატი, რომელიც სხვა თაობებისგან რადიკალურად განსხვავდება პირველ რიგში თავისი სხივით, რომელიც არის ცივი და არ იწვევს ქსოვილის გაცხელებას. კბილის ქსოვილში არის გარკვეული თხევადი შემავსებელი, რომლის გაშრობის დროსაც ჩნდება ტკივილი, ცივი სხივის გამოყენების შემთხვევაში კი ეს ტკივილი მინიმუმამდეა შემცირებული.
მათეთრებელი გელი სხვა თაობებთან შედარებით ნაკლებ აგრესიულია და აქვს მაღალი ეფექტურობა. კბილებს ვათეთრებთ როგორც კაბინეტში, რა დროსაც სამჯერადად ვადებთ გამათეთრებელ გელს და ვასხივებთ ლამპით, 15 წუთიანი რეჟიმებით, ასევე პაციენტებს ვუმზადებთ სპეციალურ კაპებს, რომელთა გამოყენებას ისინი იწყებენ 2 კვირაში. ეს არის რვა დღიანი ციკლი და საკმაოდ მარტივი ჩასატარებელია სახლის პირობებში. პაციენტი გელს ათავსებს კაპებში და იჩერებს ოთხი საათის განმავლობაში. ეს არის კომბინირებული გათეთრების მეთოდი, რომელიც იძლევა უფრო ხანგრძლივ და მაღალ შედეგს. თუმცა, გასათვალისწინებელია რომ შედეგი დამოკიდებულია პაციენტის ცხოვრების წესზე. მაგალითად, როდესაც ის იღებს პიგმენტურ საკვებს, დამოკიდებულია ყავაზე ან თამბაქოზე, ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ მათ ჩანაცვლებას, რათა კბილის ზედაპირზე არ გაჩნდეს პიგმენტური ლაქები.
MEDI-ს გუნდის პროფესიონალიზმი ცნობილია მაღალი სტანდარტებით. რა კრიტერიუმებს ითვალისწინებთ ექიმების შერჩევისას და როგორ უზრუნველყოფთ მათ მუდმივ პროფესიულ განვითარებას?
MEDI-ს გუნდის პროფესიული განვითარება ხდება უწყვეტ რეჟიმში და არის აუცილებელი, რადგან სტომატოლოგია სწრაფად განვითარებადი დარგია. მე თავად კლინიკა MEDI-ს კედლებში ვისწავლე ციფრული პროტოკოლი, რის გარეშეც დღეს უკვე ვერ წარმომიდგენია თანამედროვე სტომატოლოგია. უამრავი ახალი ტექნოლოგიაა და აუცილებელია მათი მუდმივად შესწავლა. ჩვენი ექიმები წელიწადში რამდენჯერმე იგზავნებიან სხვადასხვა კონფერენციებზე, ასევე კლინიკაშივე გვიტარდება ტრენინგები, გვაქვს ფილიალები სხვადასხვა ქვეყნებში, საიდანაც ჩამოდიან ჩვენი თანამშრომლები, ლექტორები, რომლებიც გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.
ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრები გვაქვს უშუალოდ კლინიკაშიც, სადაც ექიმები ერთმანეთს ვუზიარებთ საკუთარ გამოცდილებას, განვიხილავთ განსაკუთრებულად რთულ შემთხვევებს. რა თქმა უნდა, პაციენტის მკურნალობაც ხდება ერთობლივად, ქირურგების, თერაპევტების, ორთოდონტებისა და პარადონტოლოგების ერთობლივი ცოდნით.
რატომ უნდა აირჩიონ პაციენტებმა MEDI სტომატოლოგიური მომსახურებისთვის? რა არის ის მახასიათებლები რომლებიც თქვენს კლინიკას გამოარჩევს?
კლინიკა გამორჩეულია უახლესი ტექნოლოგიებითა და ძალიან ძლიერი აპარატული ბაზით. ჩვენს კლინიკაში გაერთიანებულია საუკეთესო ხარისხის, მოწინავე ბრენდების მიერ შექმნილი ტექნოლოგიები. ამ კედლებში მუშაობა განსაკუთრებით კომფორტულია და მე, როგორც ექიმი და როგორც პაციენტი, ძალიან უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს. საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან გავრცელებულია სხვადასხვა ინფექციური დაავადებები, როგორიცაა მაგალითად C ჰეპატიტი და ტუბერკულოზი. MEDI-ში ასეთ რამ გამორიცხულია, რადგან უმაღლეს დონეზე ხდება პროტოკოლის დაცვა და სტერილიზაცია, შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით.
ასევე, გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ყოველდღიურ რეჟიმში ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარება და ჯანსაღი კონკურენცია ქმნის სამუშაოდ განსაკუთრებით საინტერესო გარემოს. ჩემ გვერდით არის საუკეთესო ასისტენტებისა და მედდების გუნდი, რომელთა დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგის მისაღებად.
კლინიკა მედის მიზანია, პაციენტებს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურება, დაფუძნებული უახლეს ტექნოლოგიებსა და პროფესიონალიზმზე. მედი-ს გუნდი მუდმივად ისწრაფვის ინოვაციებისკენ, რათა უზრუნველყოს მკურნალობის მაქსიმალური კომფორტი და სიზუსტე. სწორედ ამ მიდგომის წყალობით, მედი აგრძელებს ლიდერობას სტომატოლოგიის სფეროში და ინარჩუნებს პაციენტების ნდობას.