#OK! პაციენტის გამოჯანმრთელება უდიდესი ჯილდო და მოტივაციაა – ნინო ჩოგოვაძე

4 hours ago 4

ამ სტატიის სტუმარი ნამდვილად გამორჩეული ქალია. ვისაც ერთხელ მაინც შეხვედრია, ყველა დამეთანხმება, რომ გასაოცარ ფიზიკურ სილამაზესთან ერთად, მისგან გადამდები სიმშვიდე მოდის. ჩემი პატარა ამბის გაგრძელება სწორედ მის მიერ ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებული ოპერაციაა. მაშ ასე, OK! Doctors-ის ფურცლების საშუალებით უკეთ გაიცანით ონკოგინეკოლოგი ნინო ჩოგოვაძე.

დადგა დღე, როდესაც ჩემი დიაგნოზიდან გამომდინარე, უნდა მეპოვნა ექიმი, ვინც ოპერაციას გამიკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მშვიდად შევხვდი ამ ამბავს, ახლობლების რჩევები ცოტა მაბნევდა. თან ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციაც მაფიქრებდა. თითქოს, ყველაზე გასაგები საზღვარგარეთ წასვლა იქნებოდა, სადაც რეაბილიტაციასაც გამატარებდნენ.

ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობა, ბევრთან მეგობრობაც მაკავშირებს. პირველად, რა თქმა უნდა, „თოდუას კლინიკა“ გამახსენდა და მათ მარკეტინგის ხელმძღვანელს, ნატო დარჩიაშვილს დავურეკე. „ნატო, პატარა ონკოლოგიური პრობლემა მაქვს და მირჩიე, როგორ მოვიქცე“, – წინადადება დასრულებული არ მქონდა, რომ ვიზიტი ჩამენიშნა ნინოსთან. მარტო წავედი და პირველი შეხვედრისთანავე დავთანხმდი. ეს ამბავი, ალბათ, ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილებების სიას თამამად ჩაუდგება სათავეში. მე ის მადლიერი და ბედნიერი პაციენტი ვარ, ვისაც ნინომ საკმაოდ რთული ოპერაცია ჩაუტარა და ვისაც რეაბილიტაციისას თბილისის ცხელი ზაფხულის გარდა არაფერი აწუხებდა. ჰოდა, რადგან ეს პრობლემა, რომელიც მე მქონდა, ძალიან გავრცელებული ყოფილა, სწორედ ამიტომ იწერება ეს სტატია – თქვენთვის, სხვა ქალებისთვის. იმისთვის, რომ არ შეგეშინდეთ. სტატისტიკას ვერ გავექცევით, მეც ამ სტატისტიკის ნაწილი ვარ. მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ – კიბო მხოლოდ დიაგნოზია, განაჩენი კი ჩვენი ქმედებით თავად გამოგვაქვს საკუთარი თავისთვის.
ნინო, რას ეტყვი მას, ვინც ახლა ამ სტატიას კითხულობს?

ყველაზე მნიშვნელოვანი ადრეული დიაგნოსტიკა და სწორად ჩატარებული ოპერაციაა. შენი შემთხვევა რომ ავიღოთ, ძალიან გაგიმართლა იმაში, რომ მოხვდი ადამიანთან, ვინც საწყის სტადიაში აღმოაჩინა სიმსივნე. აღსანიშნავია ისიც, რომ რუტინულად იტარებდი კვლევებს, რამაც გაზარდა იმის შანსი, რომ დასაწყისშივე გეპოვნა პრობლემა. ამ ეტაპზე დაავადების აღმოჩენა კი ჩვენ, ექიმებს, გვიხსნის გზას, ძალიან რთული ოპერაცია ლაპარასკოპიის მეთოდით ჩავატაროთ, რაც შემდგომ რეაბილიტაციას აადვილებს.

ქალისთვის უმნიშვნელოვანესია მოწესრიგებული ძილი. ორგანიზმი ღამის ძილის დროს მნიშვნელოვან ჰორმონებს გამოიმუშავებს. ნერვული სისტემა და ჯანსაღი ცხოვრების წესი – ეს ორი უნივერსალური რამაა, რაც, ზოგადად, განსაზღვრავს ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას. უმნიშვნელოვანესია, გქონდეს საქმე, რომელიც გიყვარს, გახალისებს, გამოძრავებს. ეს შეიძლება იყოს ბაღი, სადაც ფუსფუსებთ. ადამიანი მოძრაობისთვისაა შექმნილი და არა მცონარობისთვის. დამდგარ წყალს ყოველთვის ეკიდება შლამი, მდინარე კი მოჩქეფს. და ბოლოს – პარტნიორთან ჯანსაღი ურთიერთობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ცხოვრების ხარისხს.

ნინო, რომელია ყველაზე გავრცელებული ონკოგინეკოლოგიური დაავადებები საქართველოში?

ქალებში ონკოლოგიური პათოლოგიებიდან, სიხშირის მიხედვით, პირველ ადგილს ძუძუს კიბო იკავებს, ამის შემდეგ მოდის საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად დაახლოებით 270 000 ქალი იღუპება სწორედ ამ დიაგნოზით. ასევე ხშირია საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე, ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შიდა შრის) კიბო, ე.წ. საშვილოსნოს ტანის კიბო და გარეთა სასქესო ორგანოების კიბო (ვულვის კიბო). ანალოგიური სურათია როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.

რა სიმპტომები ახასიათებს ონკოგინეკოლოგიურ დაავადებებს?

ხშირად, დაავადების საწყის ეტაპზე, სიმპტომები მკაფიოდ არაა გამოხატული. ეს არის მთავარი საფრთხე. გადარჩენის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად იცვლება სწორედ დიაგნოზის სტადიის მიხედვით. ამიტომ აუცილებელია რეგულარული შემოწმებები. ქალმა ნებისმიერი დისკომფორტის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს გინეკოლოგს.

არსებობს თუ არა ასაკობრივი რისკ-ფაქტორები?

რა თქმა უნდა. ქალის ორგანიზმი ცხოვრებაში რამდენიმე ეტაპს გადის – პუბერტატიდან მენოპაუზამდე – და თითოეული მათგანი სპეციფიკურ ყურადღებას მოითხოვს.

პირველი ეტაპი არის პუბერტატი, ანუ სქესობრივი მომწიფება. გოგონებში მისი მთავარი ნიშანი მენარქეა (პირველი მენსტრუაცია), რომელიც დაახლოებით 10 წლის ასაკში იწყება. პირველი გინეკოლოგიური გამოკვლევა სასურველია სწორედ მენარქეს შემდეგ, რათა შეფასდეს რეპროდუქციული სისტემის ანატომიურ-ფუნქციური თავისებურებები.

11-12 წლის ასაკში გოგონებისთვის რეკომენდებულია პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ეს ვირუსი სქესობრივი გზით გადადის და საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემად მიიჩნევს.

11-14 წლის ასაკში უკვე შესაძლებელია ულტრაბგერითი კვლევა, ხოლო სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში პაპტესტის ჩატარება აუცილებელია. დღეს ასევე შესაძლებელია HPV-ის გენოტიპირება – კვლევა, რომელიც გვაჩვენებს, მაღალი რისკის რომელი ტიპის ვირუსთან გვაქვს საქმე, და გვეხმარება ინდივიდუალური მონიტორინგის დაგეგმვაში.

რეპროდუქციული ასაკი მოიცავს დაახლოებით 15-49 წელს და ითვლება განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფად. ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რეპროდუქციული ორგანოების კიბოსწინარე მდგომარეობების გამოვლენას. აუცილებელია რეგულარული სკრინინგი – პაპტესტი (საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევა), კოლპოსკოპია (საშვილოსნოს ყელის დათვალიერება მიკროსკოპით) და მცირე მენჯის ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა.

საშვილოსნოს ყელის სკრინინგული გამოკვლევა რეკომენდებულია 21 წლიდან 65 წლამდე, ან სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან 6 თვეში. შემდგომ ინტერვალები განისაზღვრება ექიმის რეკომენდაციით. თუ პაპტესტის პასუხი ნორმაშია, ყოველწლიური გამოკვლევა აუცილებელი არ არის – შეიძლება დაგეგმილი იყოს 2-3 წლიანი ინტერვალებით, ან კომბინირებული HPV-ტესტირებით. კვლევა უნდა ჩატარდეს მიუხედავად ჩივილების არარსებობისა, რადგან სიმპტომები ხშირად მხოლოდ გვიან სტადიებზე ჩნდება.

მენოპაუზის პერიოდში (მენსტრუაციის შეწყვეტის შემდეგ) ქალის ორგანიზმი კვლავ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან იზრდება საკვერცხისა და საშვილოსნოს ტანის კიბოს განვითარების რისკი. ბუნებრივი ჰორმონული ცვლილებები მთელ ორგანიზმზე აისახება: იცვლება გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ფუნქციონირება, კანისა და ძვლების სიმკვრივე, საშოს ლორწოვანი და სხვა.

ამ ასაკში მიზანშეწონილია რეგულარული გამოკვლევები: ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა (დენსიტომეტრია) ოსტეოპოროზის ხარისხის დასადგენად; ლიპიდოგრამა, კოაგულოგრამა, მცირე მენჯის ექოსკოპია, ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა, კალციუმისა და D ვიტამინის დონე, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრა.

რა არის ოქროს წესი, რომელსაც არასდროს არღვევთ?

არასდროს ვექცევი პაციენტს ისე, როგორც არ მინდა მე მომექცნენ. მეც, ჩემი ახლობლებიც თავად ვყოფილვართ პაციენტები. არავინაა დაავადებებისგან დაზღვეული. პაციენტის ყველა პრობლემა უნდა გაითავისო და ზუსტად ისე მიუდგე, როგორც საკუთარს მიუდგებოდი.

ტექსტი: მაიკო წერეთელი
ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა