გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის შემდეგ, სადაც მეფე ჩარლზ III-თან დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა შედგა, პრინცი ჰარი უკრაინის მთავრობის მიწვევით უკრაინაში ჩავიდა. ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, მან აღნიშნა, რომ სურს უკრაინელ სამხედროებს დაეხმაროს, რომლებიც რუსეთთან ომში დაიჭრნენ.
ცნობილია, რომ სასექსის ჰერცოგმა, რომელმაც ბრიტანულ არმიაში 10 წლის განმავლობაში იმსახურა, დაშავებული სამხედროებისთვის დახმარების გაწევა საკუთარ მოწოდებად აქცია.
პრინცი ჰარი უკრაინაში ფონდ Invictus Games Foundation-ის გუნდთან ერთად ჩავიდა, რომელთანაც სამხედროების რეაბილიტაციისა და დახმარების მიმართულებით ახალი ინიციატივების განხილვას აპირებს.
უკრაინის დედაქალაქისკენ მატარებლით მგზავრობის დროს, სასექსის ჰერცოგმა გამოცემა The Guardian-თან თავისი ვიზიტის მიზნებზე ისაუბრა.
„ჩვენ ვერ შევაჩერებთ ომს, მაგრამ შეგვიძლია აღდგენის პროცესის დასახმარებლად ყველაფერი გავაკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ამ ომში ჩათრეულების ადამიანურ ჭრილში წარმოჩენა. არ უნდა დაგვავიწყდეს რისი გადატანა უწევთ ამ ადამიანებს. იმედი მაქვს, ჩემი მოგზაურობა ადამიანებს ამის გაცნობიერებაში დაეხმარება“ – აღნიშნა პრინცმა.
ჰარიმ გაიხსენა, რომ კიევში ჩასვლის იდეა მას ნიუ-იორკში, ლვოვის ტრავმატოლოგიური ცენტრ Superhumans-ის დამფუძნებელთან, ოლგა რუდნევასთან შეხვედრის შემდეგ გაუჩნდა.
„ოლგას ნიუ-იორკში შემთხვევით შევხვდი. ეს იყო სრულიად შემთხვევითი შეხვედრა. მე მას ვკითხე, როგორ შემეძლო დახმარება და მიპასუხა: „ყველაზე დიდი დახმარება კიევში ჩასვლა იქნება“. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება ცოლთან და ბრიტანეთის მთავრობასთან შევათანხმე, ოფიციალური მოწვევაც მოვიდა“ – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ პრინცმა ჰარიმ Superhumans-ის ცენტრს 2025 წლის აპრილში ესტუმრა. ეს უკრაინაში მისი პირველი ვიზიტი იყო, რომლის დროსაც დააანონსა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა და ამჯერად ლვოვის შემდეგ უკრაინის დედაქალაქიც მოინახულა.
გუშინწინ ჰარი ლონდონში იმყოფებოდა, სადაც თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ მამას, მეფე ჩარლზს, კლარენს-ჰაუსში პირველად შეხვდა.