#OK! რა არის ბედის მატრიცის არსი და რაში გვეხმარება ის? – ინტერვიუ ნუმეროლოგ თათია გარანიძესთან

1 week ago 10

დღეს ძალიან საინტერესო თემაზე – ბედის მატრიცაზე ვისაუბრებთ. „ბედის მატრიცის“ მიხედვით, ბედი არის ამოცანების ერთობლიობა, რომელიც შეცდომებზე სწავლითა და ვიბრაციების ამაღლებით უნდა ამოვხსნათ. ვიბრაცია იგივე ენერგიაა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში იზიდავს როგორც დადებით, ასევე უარყოფით მოვლენას. ამ თემაზე უფრო ვრცლად წარმატებული ფსიქოლოგი, ნუმეროლოგი და ბედის მატრიცის სპეციალისტი, თათია გარანიძე გვესაუბრა. მან განათლება ბალტიისპირეთში მიიღო და საკმაოდ დიდი დრო დაუთმო გამოცდილების დაგროვებას ამ სფეროში. ის ერთ-ერთი პირველი „ბედის მატრიცის“ სპეციალისტია საქართველოში.

მოგვიყევით თქვენ შესახებ…

ჩემი პროფესიული გზა, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდანვე დაიწყო, სულიერებისკენ მივიწევდი და, რა თქმა უნდა, პირველი იყო რელიგია – მჭიდროდ ვიყავი დაკავშირებული ტაძართან, მონასტერთან. ჩემი საუკეთესო მეგობარი მეუფე დავითის შვილია და ხშირად ვიყავით ერთად. ისე მოხდა, რომ მე-8 კლასიდან მე-10 კლასის ჩათვლით დავდიოდი მხოლოდ კაბებით, წირვებს ვესწრებოდი და მონასტერში წასვლაზე ვფიქრობდი. იქიდან გამომდინარე, რომ ვარ ერთადერთი შვილი, ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მონასტერში არ წავსულიყავი. მე-11 კლასში ოჯახმა ერთად გადავწყვიტეთ, ჩამებარებინა ლატვიაში ევროპული განათლების მისაღებად და ჩავაბარე კულტურის მენეჯმენტზე, რომელიც მოიცავდა ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის შესწავლასაც. ამ ყველაფრის სწავლა კი გახდა საწინდარი იმის, რაც შემდეგ მოხდა. მიწევდა კომუნიკაცია ხელოვანებსა და არტისტებთან, ჩემი ყველა მეგობარი მაშინ, 2011 წელს, შემეცნებით და თვითგანვითარების გზაზე იყო. ვაწყობდით გამოფენებს და „ფეშენვიქებს“, სადაც გავიცანი უძვირფასესი ქალბატონი, ბაი ბა სტურიტე, რომელიც არის ვიდური ასტროლოგი და, შეიძლება ითქვას, ნუმეროლოგიის დამფუძნებელი ლატვიაში. მან და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, ვიქტორია კორნეევამ (ცნობილი ტაროლოგი ლატვიაში) იქონიეს გავლენა ჩემზე. ნუმეროლოგიის შესწავლა ალბათ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან ვიპოვე გასაღები, პირველ რიგში, საკუთარი თავის და დავიწყე ცხოვრების დალაგება და მოწესრიგება.

თუ ჩვენში ჩადებულ კოდებს სწორად წარმართავ, ყველაფერი იდეალურად აეწყობა. 2011-12 წლიდან ეს ყველაფერი საკუთარ თავსა და მეგობრებზე გამოვცადე. როდესაც საქართველოში ჩამოვედი, იმ პერიოდისთვის ქართული საზოგადოება არ იყო მზად ამისთვის, რასაც დღეს ვერ ვიტყოდი. ვმუშაობდი სხვადასხვა ორგანიზაციაში, ტურისტულ კომპანიაში, სოციალურ მედიასააგენტოში და ყველას ვეკითხებოდი დაბადების თარიღს და შემდეგ ვაძლევდი რჩევას, იყო ბულინგიც, თუმცა ის ადამიანები, ვინც ითვალისწინებდა ჩემს რჩევას, შემდეგ მადლობას მიხდიდნენ.

2016 წელს ლატვიაში დავბრუნდი, შემოთავაზება მქონდა სამსახურიდან და „ეფლში“ დავიწყე მუშაობა, შვედურ ბანკში და იქ გავიცანი ბედის მატრიცის დამფუძნებელი, ნატალია ლადინი. რა თქმა უნდა, მანამდეც ვსწავლობდი, ვკითხულობდი, მაგრამ მასთან შეხვედრის მერე უფრო მეტი შევიტყვე და ბევრი რამ უფრო ნათელი გახდა. ადამიანები ჩემთან თავისით მოდიოდნენ და თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რაც ციფრებსა და ნუმეროლოგიას უკავშირდებოდა, ყველაფერი თავისით ეწყობოდა. წლებთან ერთად ეს ყველაფერი უფრო აქტუალური გახდა. 2018 წელს ლატვიაში შევქმენით წრეები, ხალხს ვეხმარებოდით, მერე კი, 2019 წელს, გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება, საკუთარი ბიზნესის გაკეთება. 2020-ში რაჰუს წელი მოდიოდა და ყველა ვამბობდით, რომ რაჰუ გვიმზადებს სიურპრიზებს, რადგან ის ძალიან საინტერესო პერსონაჟია ნუმეროლოგიაში, კარმული კვანძი, რომელიც იძლევა, ასე ვთქვათ, ძალიან გაუთვალისწინებელ გარემოებებს. ამიტომ ვარჩიე საქართველოში დაბრუნება 2019 წელს. ჩავწერე პირველი ვიდეო, რა თქმა უნდა, ვაგრძელებდი ჩემს ბიზნესს, მქონდა ჯერ ჩემი ეტიკეტის ბაღი და შემდეგ სკოლა, შემდეგ ეს ყველაფერი გადავაკეთე სასტუმროდ. ბიზნესის პარალელურად ფართო მასშტაბზე გავბედე გასვლა, შევქმენი სოციალური ქსელები და 2019 წლიდან მაქვს აქტიური კომუნიკაცია უშუალოდ ქართველ აუდიტორიასთან.

ძალიან მიხარია, დღეს მაინც რომ აცნობიერებს ხალხი, რამხელა მნიშვნელობა აქვს დაბადების თარიღს, არჩეულ პროფესიას თუ პარტნიორს. როდესაც ჩემთან კონსულტაციაზე მოდიან და მათ ვეუბნები, ასე იყო წინა ცხოვრებაში და შესაძლებელია განმეორდეს, ისინი მეუბნებიან, რომ უკვე გამეორდა. ამ დროს ვეძებთ გამოსავალს, თუ როგორ შეიძლება ეს დარედაქტირდეს, როგორ უნდა მომართოს ეს სიტუაცია უკეთესობისკენ და ა.შ.

რა არის ნუმეროლოგია და რა გავლენას ახდენს დაბადების რიცხვი ადამიანის ცხოვრებასა და ბედისწერაზე?

ნუმეოროლოგია ეს არის სწავლება რიცხვების შესახებ. უკვე მეცნიერებადაც მოიხსენიებენ, თუმცა ფილოსოფიურ-ეზოტერულ მეცნიერებათა ნაკრებია, რომელიც ადამიანს ეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში. ეს არის ადამიანის ინსტრუქცია, ადამიანის საჭე და ჩვენ შეგვიძლია ამის ცოდნით გავაუმჯობესოთ და სწორად წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება.

როგორც გითხარით, ბავშვობიდან ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სულიერი განვითარება, რომელიც დაიწყო მონასტრიდან და, გარემოებებიდან გამომდინარე, ციფრები თავისით მოვიდა ჩემთან და, პირველ რიგში, საკუთარი თავის გაცნობაში დამეხმარა. საწყისი იყო ის, რომ მინდოდა საკუთარი თავი გამეცნო, რადგან მე სარკისებური მატრიცა მაქვს, მე-16, მე-12, მე-18 ენერგიები. ყველაფერი ისე ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, რომ ბავშვობიდანვე კითხვის ნიშნები მიჩნდებოდა, გავეცი პასუხი ყველაფერს და ახლა ჩემს მოცემულობას მაქსიმალურად ვიყენებ და ხალხსაც ვეხმარები.

რას აჩვენებს ბედის მატრიცა, როგორ გამოვთვალოთ ის?

ბედის მატრიცა ითვლება ჩვენი დაბადების თარიღის დაჯამებით. არის კალკულატორებიც, რომელიც ნატალი ლადინის შექმნილია და დაარსებული, თუმცა ხელით გამოთვლა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, იმიტომ, რომ ზოგი კალკულატორი სხვადასხვა ვარიანტია და შეიძლება ზოგიერთმა სწორად ვერ გამოითვალოს. ამიტომაც ყველა, 32 მთავარი წამყვანი რიცხვი, რომელიც გვაქვს მოცემული მატრიცაში, ითვლება ხელით. მე ჩემს მოსწავლეებს ამას ვასწავლი. პირველი რიცხვი, მაგალითად, 22-ის ჩათვლით იწერება, დანარჩენი ჯამდება 23. მაგალითად, იქნება 5, 24 იქნება 6 და ა.შ. ჩვენი მთავარი ნიჭი არის უშუალოდ თვე. იწერება 12-ის ჩათვლით, მერე კარმული ვალები, ფინანსების ბლოკი არის ჩვენი წელი, დაჯამებული და დაწერილი, შემდეგ ეს სამი რიცხვი უნდა მივუმატოთ და მივიღებთ ჩვენი წინა ცხოვრების კარმული ვალის მთავარ რიცხვს. ოთხივეს რომ დავაჯამებთ, მივიღებთ კომფორტის ზონას შუაში, შემდეგ რომ დავაჯამებთ, დღის რიცხვსა და თვის რიცხვს მივიღებთ, მამის მხრიდან დატოვებულ პირველ ენერგიას, ხოლო წლის და თვის დაჯამებით მივიღებთ დედის მხრიდან დატოვებულ პირველ ენერგიას და ა.შ. ასე თანმიმდევრულად, ნელა-ნელა ითვლება 32 რიცხვი.

ბედის მატრიცაში ჩანს წინა ინკარნაციის მთავარი შეცდომა, ანუ რის გამოსასწორებლად ვართ მოსულები და ეს არის საბაზისო, რაც გვეხმარება ზუსტად, სწორად წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება. აქვე არის ბავშვობის ტრავმები, რომელიც, რა თქმა უნდა, წინა ცხოვრებიდან გამომდინარე მოდის. არის ურთიერთობების არხი, ურთიერთობის ბლოკები, პარტნიორი, საუკეთესო ვინ შეგვეფერება. არის ასევე ფინანსების ბლოკი, ის, თუ რაში უნდა დაიხარჯოს ფინანსები, რომ უფრო მეტი ჰქონდეს ადამიანს, რა არის საუკეთესო საქმიანობის სფერო. შემდეგ არის ტალანტების ზონა, ყველა ადამიანს აქვს რამდენიმე ძირითადი ნიჭი და ესეც არის ასახული, ასევე სავიზიტო ბარათი განსაზღვრავს, თუ როგორ გვხედავენ ჩვენ ადამიანები და ვინ ვართ სამყაროსთვის, საზოგადოებისთვის. ასევე, არის მშობლებთან ურთიერთობის ამბავი, შვილებთან ურთიერთობის ენერგიები, კომფორტის ზონა, საიდან ვიღებთ ყველაზე დიდ სასიცოცხლო წყაროს. ასევე, მშობლების, წინაპრებისგან დატოვებული ნიჭის ზონა, მათი მხრიდან დატოვებული კარმული ვალები, ანუ რა ჰქონდათ განსახორციელებელი და ვერ მოახერხეს. ამ ყველაფრის დანახვა შეგვიძლია ბედის მატრიცის საშუალებით. ის გვეხმარება ვიყოთ დამკვირვებლის როლში, შეგვეძლოს ადეკვატურად შევაფასოთ გვერდიდან ჩვენი ცხოვრება და მერე უკვე, როცა გვეცოდინება, ამ წლის ენერგიებს ეკოლოგიურად სუფთად გამოვიყენებთ და შეგვეძლება ის მივიღოთ, რისთვისაც ვართ მოსულები: სულიერი განვითარება, სიმშვიდე, სიყვარული და ჰარმონია.

რა როლი გაქვთ ამ პროცესში თქვენ? როგორ ეხმარებით ადამიანებს?

რაც შეეხება ჩემს როლს, პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ 2019 წელს, როცა ეს ყველაფერი დავიწყე, ქართველმა საზოგადოებამ არც კი იცოდა, რა იყო მატრიცა, ნუმეროლოგია და ვეცადე ჩემი წვლილი ქართულ აუდიტორიაში შემომეტანა ცოდნის კუთხით, დავაფუძნე და გავაცანი ქართველ ხალხს.

უშუალოდ კონსულტაციებზე ადამიანებს ამ ყველაფრის გაშიფვრით – მათი კარმული ვალების, ფინანსების, ურთიერთობების, ნიჭის, წლების ენერგიების წარმართვაში ვეხმარები, ყველას აქვს შედეგი, ვინც ჩემს რჩევებს ითვალისწინებს. ამის ცოდნა არის როგორც საჭე, თუ იცი მართვა, საჭე როგორ მუშაობს, შენს ხელში იქნება ყველაფერი და იდეალურად წარიმართება შენი ცხოვრება.

იმის გარდა, რომ ვატარებ კონსულტაციებს და ასე ვეხმარები ადამიანებს, კიდევ მაქვს შემსწავლელი კურსები, მე-5 ნაკადი იწყება დეკემბერში და მიხარია, რომ ბევრი ადამიანი დავასაქმე კიდეც, არიან ადამიანები, ვინც ჩემთან მუშაობენ, ჩემი სტუდენტები და არიან ისეთები, ვინც საკუთარი სოციალური ქსელები გააკეთეს და ჰყავთ მომხმარებლები. მიხარია ძალიან, რომ რაც მე მინდოდა 2019 წელს, – ნუმეროლოგია და ბედის მატრიცა ადამიანებს გამოეყენებინათ საკუთარი ცხოვრების დასალაგებლად, – ნელ-ნელა ვახერხებ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

სამომავლო გეგმები

მიხარია, რომ ქართველი ხალხის ცნობიერებაში ხდება განვითარება და დოგმატირებული პრინციპებიდან გამოსვლა. ახლა წიგნი იწერება, სადაც ჩემი ისტორიაც იქნება და მთელი ის ყველაფერი, რაც 11 წლის განმავლობაში გავიარე – ისტორია მონასტრიდან ციფრულ ფსიქოლოგიამდე.

ტექსტი: თათია ხარაიშვილი, სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა