ბიუთი რედაქტორისგან: ახალი წელი გვიახლოვდება და ალბათ, ბევრს გაინტერესებთ, მაკიაჟის რა ტენდენციები დარჩება მოდაში და რომელი ახალი შტრიხები დამკვიდრდება 2026 წელს. ვიზაჟისტსა და ინფლუენსერს, თინა შალიკაშვილს ვთხოვე, ქართული OK!-ს მკითხველებისთვის გაეზიარებინა მისი აზრით ყველაზე აქტუალური მოსაზრებები 2026 წლის მაკიაჟის შესახებ და ისიც გაემხილა, თავად როგორ მაკიაჟს ანიჭებს უპირატესობას.
- 2026 წელი, ისევე როგორც წინა წლები, ჰეილი ბიბერის გავლენის ქვეშ რჩება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მინიმალისტური მაკიაჟი და მოვლილი კანი ისევ არ კარგავს აქტუალურობას. თუმცა 2025 წელს ბევრმა ბლოგერმა აიტაცა დაპუდრული უპეების ტექნიკა და შესაბამისად, ტრენდადაც იქცა, ზუსტად ამასთან გამომშვიდობება მოგვიწევს 2026 წელს. მეც ვემხრობი ამ ტენდენციის გაქრობას, რადგან ხშირად ვიღებთ არაჯანსაღ იერს და უფრო მეტად იკვეთება ნაოჭები.
- 2026 წელს ტრენდული იქნება დრეიპინგი (გადაზედმეტებული რუჯი სახეზე) სტაფილოსფერი CORAL რუჯით. გვიბრუნდება Spider Lashes, ანუ ბევრი ტუში, დამძიმებული წამწამები. აქტუალური იქნება ჭორფლები, ბევრი ხალი. ბევრგან იყიდება სპეციალური მარკერები მათ დასახატად და სხვათა შორის, მაკიაჟი ასე უფრო ბუნებრივად გამოიყურება.
- მე თავად მსუბუქი მაკიაჟი მიყვარს, მაგრამ ვთვლი, რომ მაკიაჟის მოხდენა ინდივიდუალური გემოვნების საკითხია. ის ჩვენი აქსესუარივითაა, რომელიც მეტ თავდაჯერებას გვანიჭებს. ამიტომ თავად უნდა დავუსვათ თავს შეკითხვა, როგორი მაკიაჟია ჩვენთვის კომფორტული? რადგან ინსტაგრამზე საკმაოდ აქტიური ვარ, მიწევს ხშირად მოვირგო სხვადასხვა სახის მაკიაჟი და შევიცვალო განწყობა. მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი მაკიაჟი უფრო კომფორტულია ჩემთვის, მძიმე და ეფექტურიც მომწონს.
- კარგი მაკიაჟი სახის მომზადებით იწყება. როგორც კარგ ნახატს ვერ დახატავთ დაჭმუჭნილ ფურცელზე, ისევეა მაკიაჟიც მოუმზადებელ კანზე. კანი კარგად უნდა იყოს მოვლილი და მომზადებული. მოვლის რუტინის რიგითობა და პროდუქტები ასე გამოიყურება:წმენდა, ტონერი, შრატი, დამატენიანებელი კრემი, მზისგან დამცავი, პრაიმერი.ეს არის იმ პროდუქტების ერთობლიობა, რაც ბოლოს კარგ შედეგს გვაძლევს და ქმნის ბარიერს კანსა და მაკიაჟის პროდუქტებს შორის. ამ რუტინის შესრულების შემდეგ უბრალო CC კრემიც კი არაჩვეულებრივად ერწყმის კანს.
- კარგ მაკიაჟს რამდენიმე ეტაპი და ერთი ოქროს წესი აქვს: არ წაისვათ სველი პროდუქტები პუდრით გამომშრალ კანზე. მაკიაჟის მდგრადობა განპირობებულია იმით, რომ ეტაპებს შორის კანი მუშავდება დასაფიქსირებელი სპრეით, ან, უბრალოდ, იმ პუდრით, რომელიც იჭერს კრემოვან პროდუქტებს.
- ახალი წელი გვიახლოვდება და მოდი, საახალწლო რჩევასაც გაგიზიარებთ. გირჩევთ, ახალი წლის ღამეს წითელი ტუჩსაცხი წაისვათ, თვალებზე კი – მბზინავი ჩრდილები. ეს კომბინაცია, რომელიც არასდროს ძველდება, მომენტალურად მოგანიჭებთ საზეიმო განწყობას.
- დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ ვიზაჟისტი ვარ, მინდა ყველას ვუთხრა, რომ მაკიაჟი არ არის განკუთვნილი რაიმეს შესანიღბად ან შესაცვლელად. ყველა მშვენიერები ვართ, ისეთები, როგორიც ვართ. გამოიყენეთ მაკიაჟი აქსესუარად და, უბრალოდ, საკუთარ თავთან დროის საუკეთესოდ გატარების საშუალებად. სიყვარულით, თინა.

16 hours ago
7








English (US) ·
Georgian (GE) ·