#OK! რას ეკითხებიან ქალები და მამაკაცები ChatGPT-ის ყველაზე ხშირად?

21 hours ago 4

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანის გაოცება ძნელია, თუმცა ამ აპლიკაციამ მსოფლიოში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. ChatGPT კომპანია OpenAI-ის მიერ შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩათბოტია, რომელსაც მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი იყენებს და ბევრისთვის ის უკვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა კონკრეტულად რა კითხვებით მიმართავდნენ ChatGPT -ს მომხმარებლები, ამ ბოლო დრომდე საიდუმლოდ რჩებოდა.

ახლა კი კომპანია OpenAI-მა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის კვლევასა და დანერგვაზე მუშაობს, საინტერესო ინფორმაცია გაამხილა. როგორც ირკვევა, მკვლევართა გუნდმა ჩათ-ბოტთან 1,5 მილიონი დიალოგი გაანალიზა და ყველაზე პოპულარული მოთხოვნების სია შეადგინა.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად ადამიანებს აინტერესებთ პრაქტიკული რჩევები (28,3%), ტექსტების წერაში დახმარება (28,1%) და ინფორმაციის მოძიება (21,3%). ამ სამი კატეგორიის მიმართვა ჯამში ყველა მიმართვის 75%-ზე მეტს შეადგენს. მომხმარებლები შედარებით იშვიათად  ითხოვენ ტექნიკურ ინსტრუქციებს (7,5%), ეძებენ მულტიმედიას (6%) ან ემოციებს გამოხატავენ (4,3%).

კვლევის მიხედვით, მოთხოვნები პირობითად შეიძლება სამ ტიპად დაიყოს: „კითხვა“, „გაკეთება“ და „გამოხატვა“. პირველი ტიპი ყველა დიალოგის ნახევარზე ოდნავ მეტია. მეორე – დაახლოებით 35%, ხოლო მესამე, რომელიც თვითგამოხატვასა და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას უკავშირდება, დაახლოებით 14%-ს შეადგენს, თუმცა მისი პოპულარობა სწრაფად იზრდება.

აღსანიშნავია, რომ ქალები ხელოვნურ ინტელექტს უფრო ხშირად პრაქტიკული რჩევების მისაღებად და ტექსტების შესაქმნელად მიმართავენ, მამაკაცები კი   ტექნიკური ამოცანების გადასაჭრელად და მედიასთან სამუშაოდ.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად, ChatGPT-ს აუდიტორიას ძითადად, მამაკაცები შეადგენდნენ, ახლა მომხმარებელთა ძირითადი ნაწილი ქალებისგან შედგება. ამასთან, იმ ადამიანების თითქმის ნახევარი, რომელიც ChatGPT-ს რეგულარულად იყენებს, 26 წლამდე ასაკისაა.

OpenAI-ში მიაჩნიათ, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილია და გვთავაზობენ, რომ ასეთ ტექნოლოგიებთან წვდომა ადამიანის ძირითად უფლებად განიხილებოდეს. სტატისტიკიდან ჩანს, რომ ეს მხოლოდ მოდური ინსტრუმენტი კი არა, ნამდვილად სასარგებლო დამხმარეა, რომელიც ყოველდღიურად სულ უფრო პოპულარული ხდება.

ChatGPT 2022 წლის 30 ნოემბერს ამოქმედდა. 2023 წლის იანვრისთვის ის ყველაზე სწრაფად მზარდი სამომხმარებლო პროგრამული აპლიკაცია გახდა და 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი მოიპოვა. აპლიკაციის პოპულარობის მიუხედავად, OpenAI გვაფრთხილებს, რომ ჩეთბოტი ჯერ სრულყოფილი არ არის და ზოგჯერ, შეიძლება, არასწორი ან შეურაცხმყოფელი პასუხები გაგვცეს.

სრულად წაკითხვა