# OK! რობერტ რედფორდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

17 hours ago 3

მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი რობერტ რედფორდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

რედფორდი 16 სექტემბერს, დილით ადრე, იუტაში, საკუთარ სახლში, ძილში გარდაიცვალა.

რედფორდმა სამსახიობო კარიერა 1959 წელს დაიწყო. 1960-იანი წლებიდან 1980-იან წლებამდე რედფორდი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი იყო, რომელიც კომედიებში, დრამებსა და თრილერებში მთავარ როლებს ასრულებდა.

რედფორდის ყველაზე ცნობილი სამსახიობო ნამუშევრებია როლები ფილმში „ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი“ (1969), დრამაში „პრეზიდენტის ყველა კაცი“ (1976) და „კონდორის სამი დღე“ (1975), რომელშიც მან ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტის როლი ითამაშა. ფილმში „ნაკბენი“ (1973), რომელიც დიდი დეპრესიის დროს მოქმედი თაღლითების შესახებ მოგვითხრობს, შესრულებული როლისთვის  რედფორდი ოსკარზე იყო ნომინირებული, როგორც საუკეთესო მსახიობი კაცი.

მის პარტნიორებს შორის იყვნენ ჯეინ ფონდა („ფეხშიშველი პარკში“, 1967), ბარბრა სტრეიზანდი („როგორ ვიყავით“, 1973) და მერილ სტრიპი („აფრიკიდან“, 1985).

1980 წელს, 40 წლის ასაკში, რედფორდმა რეჟისორული დებიუტი შეასრულა. მისმა ფსიქოლოგიურმა დრამამ „ჩვეულებრივი ადამიანები“ (1980), რომელიც მდიდარი ოჯახის ტრაგედიას მოგვითხრობს, ოთხი ოსკარი მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში.

მსახიობი ისეთი საერთაშორისო კონკურების ნომინანტი და გამარჯვებულია, როგორიცაა ოსკარი, ოქროს გლობუსი, ემი და BAFTA. რობერტ რედფორდი მსოფლიო კინოს ისტორიაში ექვსი რეჟისორიდან ერთ-ერთია, რომელმაც თავისი სადებიუტო ფილმისთვის „ჩვეულებრივი ადამიანები“ ჯილდო მიიღო.

2020 წელს, რობერტ რედფორდის ვაჟი, ჯეიმსი, 58 წლის ასაკში, კიბოთი გარდაიცვალა. თავად მსახიობი და რეჟისორი წლების მანძილზე ღვიძლის დაავადებით იტანჯებოდა – ბავშვობაში მას პირველადი სკლეროზული ქოლანგიტის დიაგნოზი დაუსვეს და 1990-იან წლებში ღვიძლის ორი გადანერგვა ჩაუტარდა. ბოლო წლებში მას ნაღვლის სადინრების კიბო განუვითარდა.

სრულად წაკითხვა