#OK! როგორ შევცვალოთ უკეთესობისკენ ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა – ინტერვიუ ფსიქოლოგ ირინე ტაბუციძესთან

2 weeks ago 10

მენტალური ჯანმრთელობა თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, ის მოიცავს მოხვდა ფსიქოლოგიუზე, ემოციურ და სოციალურ კეთილდღეობას; მჭიდრო, სანდო კავშირებს ადამიანებს შორის და მადლიერების განცდას იმის მიმართ, რაც გაქვს. ყოველდღიურ საზრუნავთან ერთად, ადამიანები ცდილობენ გარშემო მყოფებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, გეგმავენ კარიერულ წინსვლას, ლახავენ წინააღმდეგობებს და იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ჩვენი დღევანდელი გმირი პრაქტიკოსი ფსიქოლოგი ირინე ტაბუციძეა, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.

ირინე, გაეცანით ჩვენს მკითხველს და გვიამბეთ თქვენი პროფესიისა და საქმიანობის შესახებ. პირველად როდის გაგიჩნდათ ინტერესი ფსიქოლოგიის მიმართ?

მე ვარ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და თითქმის 20 წელია ამ საქმეს ვემსახურები. ვმუშაობ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებთან; ვთანამშრომლობ კავკასიის უნივერსიტეტთან; ვარ „საქართველოს ნლპ სკოლის“ ტრენერი და, ამასთან ერთად, როდესაც სხვადასხვა ორგანიზაციას ესაჭიროება დახმარება, იქაც ვატარებ ტრენინგებს.

ფსიქოლოგობაზე არ მიოცნებია, სხვა გეგმები მქონდა, თუმცა მაშინდელ საქართველოში მარტივი არ იყო იმ სურვილების ასრულება, რაც მინდოდა. აბსოლუტურად შემთხვევით მოვხვდი ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მეორე კურსიდან კი მივხვდი, რომ ზუსტად იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი და მას შემდეგ აღმოჩენები არ მთავრდება. მოვხვდი ჯადოსნურ სამყაროში, რომელსაც ბოლო არ აქვს. მუდმივად სწავლის პროცესში ხარ და მაინც ვერ ფარავ გაოცებას, იმდენად ბევრი სიახლის მიღება შეიძლება ამ სფეროში. დღევანდელი გადმოსახედიდან, შეიძლება ითქვას, რომ გამიმართლა.

რამდენად რთულია ფსიქოლოგისთვის უამრავი ადამიანის პრობლემებისა თუ ცხოვრებისეული გამოწვევების მოსმენა და მათთვის დახმარების გაწევა?

ფსიქოლოგებს პირველივე კურსიდან ასწავლიან, რომ სხვა ადამიანთან პრობლემებზე მუშაობის დროს წამყვანი თვისება ემპათია და თანაგრძნობაა და კლიენტისთვის გამოყოფილ დროში მისი ცხოვრებით ცხოვრობ. მის პრობლემებს განიცდი ისე, თითქოს ეს შენი პრობლემებია. თუმცა ამ დროს წამყვანი სიტყვაა „თითქოს“. არ უნდა მოხდეს მეორე ადამიანის ცხოვრებისეული სირთულეებით მთლიანად მოცვა, რადგან ეს, საბოლოო ჯამში, ძალიან დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს. ვფიქრობ, გამოცდილება პრაქტიკასთან ერთად მოდის. ერთი სეანსის, ერთი საათის დასრულების შემდეგ ეს კარი იკეტება, რათა შემდეგი კლიენტისთვის მზად იყო. ამასთან ერთად, პროფესიის ნაწილია, რომ შენი პრობლემები სახლიდან არ მოგქონდეს კლიენტებამდე და პირიქით, კლიენტების პრობლემები არ მიგქონდეს სახლში. რა თქმა უნდა, ხანდახან არსებობს განსაკუთრებით რთული „ქეისები“, რომელიც პერიოდულად თავს გახსენებს. თემების გამიჯვნის უნარი არ მოდის სწრაფად, მაგრამ დროთა განმავლობაში ამასაც სწავლობ.

თქვენი მრავალწიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, ძირითადად რა სახის პრობლემები იკვეთება კლიენტებთან?

კლიენტების დიდი ნაწილს პირად ურთიერთობებზე სურთ მუშაობა – ეს შეიძლება იყოს როგორც პარტნიორთან, ასევე მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესება. მომართვიანობის თვალსაზრისით, ამას მოჰყვება ალბათ უკვე კარიერული საკითხები. ადამიანები ცდილობენ პროფესიაში თავის დამკვიდრებას, განვითარებას, წინსვლას. ხელის შემშლელ ფაქტორად შეიძლება იქცეს ნაკლები თავდაჯერება, სითამამე, ან, სულაც, კომპეტენციები. ზოგადად, მიიჩნევა, რომ ფსიქოლოგამდე მოსულ ადამიანს საქმის ნახევარი უკვე გაკეთებული აქვს – პრობლემა აღიარებულია და მისი მოგვარებისკენ პირველი ნაბიჯიც გადადგმულია.

რა სახით იჩენს პრობლემები თავს? – ეს შეიძლება იყოს მომატებული შფოთვა, გაღიზიანებადობა, ძილის და კვების რეჟიმის დარღვევა, ზოგადად, ცხოვრების ხარისხის გაუარესება, რაც შემდგომში აისახება პარტნიორებთან, მშობლებთან, შვილებთან, თანამშრომლებთან ურთიერთობაზე. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც, ერთი შეხედვით, ადამიანს არაფერი ეტყობა, მაგრამ, ამავე დროს, უზარმაზარი შინაგანი ენერგიის ხარჯვა მიდის, რომელიც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად იჩენს თავს. ხშირად ადამიანები მიიჩნევენ, რომ სიძნელეებს თავად გაართმევენ თავს, მაგრამ ხანდახან ეს შეუძლებელი ხდება სპეციალისტის გარეშე.

აქვე ვიტყვი, რომ ჩვენთან არ მოდიან მხოლოდ მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემების შემთხვევაში. შესაძლოა ადამიანს სურდეს, უბრალოდ, ემოციურად დაცლა, იმიტომ, რომ არ ჰყავს არავინ, ვისთანაც პირად თემებზე თავისუფლად საუბარი შეუძლია; შესაძლოა მეტ-ნაკლებად კმაყოფილი იყოს თავისი მდგომარეობით, მაგრამ სურდეს ცხოვრების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება და ა.შ.

თქვენს მიდგომებზეც რომ მოგვიყვეთ?

ძირითადად ვმუშაობ NLP-ის (ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება) ტექნიკებით, ვარ ნლპ მასტერი. მკითხველისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება შეისწავლის ადამიანის ქცევის, ემოციური დამოკიდებულების, მეტყველებისა და აზროვნების პატერნებს; მუშაობს მიზნის მიღწევისა და პრობლემების გადაჭრის სტრატეგიებზე. ჩვენ ვაკვირდებით, როგორ საუბრობენ ადამიანები, როგორ ჰყვებიან ისტორიებს, რა დამოკიდებულება აქვთ სამყაროს მიმართ. სწორედ ამ დროს ჩანს ის აღქმის შეცდომები, რაც სასურველი მიზნის მიღწევაში უშლის მათ ხელს. ჩემთვის NLP-ს ერთი დიდი უპირატესობა აქვს – ეს მეთოდი ბევრად სწრაფია, როგორც სწავლის, ისე მუშაობის თვალსაზრისითაც. დროში ბევრად ხანმოკლეა.

რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიის სხვა მიმართულებებსაც მუდმივად ვეცნობი და ვსწავლობ, ამიტომ ამდენწლიანი პრაქტიკის შემდეგ მაინც უფრო ინტეგრირებული მეთოდით ვმუშაობ – ანუ ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტულ მიმართულებას ვანიჭებ უპირატესობას.

როგორ ფიქრობთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანის ფსიქოლოგია ადრეული ასაკიდანვე იყოს მზად მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად?

იმედი მაქვს, მოვა დრო და ფსიქოლოგიის გაკვეთილები შევა სკოლებშიც, რათა ფსიქოგანათლება ძალიან ადრეული ასაკიდან გახდეს ადამიანის ცხოვრების ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდმა იცოდეს, რა სახის პრობლემებს შეიძლება შეეჩეხოს პერიოდულად, რა წინაღობები შეიძლება დახვდეს ურთიერთობებში, საკუთარ თავთან დამოკიდებულებაში. რაც მეტი ინფორმაცია გაქვს, მეტად დაცული ხარ, ნაკლებია შფოთვა და, რაც მთავარია, იაზრებ, რომ მსგავსი პრობლემების წინაშე მარტო არ ხარ.

დაბოლოს… რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება თქვენი ცხოვრების ხარისხი იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს არის, შეგიძლიათ დაიხმაროთ ფსიქოლოგი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ გამოგყვებათ წარმატებისკენ და საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის პოვნისკენ. ხშირად გაგიგონიათ ალბათ, რომ ჩვენს კულტურაში ახლო, მჭიდრო სოციალური კავშირები ნაწილობრივ ანაცვლებს ფსიქოლოგის საქმეს, მაგრამ, როდესაც სირთულეებს ვაწყდებით, მხოლოდ ახლო მეგობარი აღარ არის საკმარისი, საჭიროა პროფესიული დახმარება და არ უნდა მოგერიდოს ამ დახმარების თხოვნა.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: მიშო ტორონჯაძე

სრულად წაკითხვა