#OK! რომის პაპი ფრანცისკე გარდიცვალა! მსოფლიო ახალი პაპის მოლოდინში

2 weeks ago 8

კათოლიკური ეკლესიის მეთაური ფრანცისკე (ხორხე მარიო  ბერგოლიო) 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 2025 წლის 18 თებერვალს,  ორმაგი პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. 38-დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ კი იგი ვატიკანის რეზიდენციაში დაბრუნდა. 6 აპრილს ის ავადმყოფობის შემდეგ პირველად გამოჩნდა ვატიკანში. საზოგადოებამ საჯაროდ იგი ბოლოს 20 აპრილს იხილა აღდგომის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვატიკანმა გაავრცელა, კერძოდ, კარდინალმა კევინ ფარელმა, რომის წმინდა ეკლესიის ოფიციალურმა პირმა. პაპი ფრანცისკე ვატიკანის დროით დილის 7:35 საათზე გარდაიცვალა. 1936 წლის 17 დეკემბერს არგენტინაში დაბადებული ფრანცისკე რომის ეკლესიის პირველი სამხრეთამერიკელი მეთაური იყო. ის 2013 წლის 28 თებერვალს აირჩიეს, რასაც პაპ ბენედიქტ  XVI-ის გადადგომა უძღოდა წინ.

როგორც წესი, პაპის დაკრძალვა ტრადიციულად დიდებულად ტარდებოდა, თუმცა პაპმა ფრანცისკემ გარდაცვალებამდე ახალი წესები დაამტკიცა. პაპებს სამმაგი კუბოთი მარხავდნენ: კიპარისის, ტყვიისა და მუხისგან დამზადებული კუბოებით. პაპმა ფრანცისკემ კი გადაწყვიტა, რომ მისი კუბო იყოს უბრალო ხის, თუთიის საფარით.ასევე გაუქმდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც პაპის ცხედარს დაასვენებდნენ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, ამაღლებულ პლატფორმაზე, რომელსაც კატაფალკი ეწოდება. ამის ნაცვლად, ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, პატივი მიაგონ გარდაცვლილ პაპის ხილვით, რომელსაც სახურავი ახდილი ექნება. ასევე ცნობილი გახდა,რო ფრანცისკე იქნება პირველი პაპი, რომელიც ვატიკანის გარეთ დაიკრძალება. ის წმინდა მარიამ მეგვიპტელის ბაზილიკაში იქნება დაკრძალული. რომის ოთხი მთავარი პაპური ბაზილიკიდან ერთ-ერთში.

როდესაც პაპი გარდაიცვლება (ან გადადგება, როგორც ეს იშვიათ შემთხვევაში მოხდა 2013 წელს, პაპ ბენედიქტეს დროს), კარდინალები ვატიკანში იკრიბებიან სპეციალურ შეკრებაზე, რასაც შემდგომ მოჰყვება კონკლავი. ასე ეწოდება პაპის არჩევის პროცესს. პაპის გარდაცვალებასა და მისი მემკვიდრის არჩევას შორის პერიოდში ეკლესიას კარდინალთა კოლეგია მართავს. საინტერესოა, თუ ვინ წარუძღვება კათოლიკურ ეკლესია, როგორც ცნობილია ახალ პაპს კარდინალთა კოლეგია აირჩევს, რომელებიც, ძირითადად ,პაპის მიერ დანიშნული მღვდელმთავრები არიან.

არჩევნები უმკაცრესად დახურულ გარემოში, საიდუმლოდ ტარდება სიქსტის კაპელაში, რომელიც მიქელანჯელოს მიერ არის მოხატული. ამჟამად კათოლიკურ ეკლესიას ჰყავს 252 კარდინალი, რომელთაგან 138-ს აქვს უფლება ახალი პაპის არჩევაში მონაწილეობა მიიღოს. დანარჩენები 80 წელს უფროსები არიან, რის გამოც მათ ხმის მიცემის უფლება არ აქვთ, თუმცა არჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ. კარდინალები აძლევენ ხმას თავიანთ რჩეულ კანდიდატს მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებული არ დადგინდება.

ეს პროცესი შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს. წარსულში ხმის მიცემის პროცედურა კვირებსა და თვეებსაც კი გრძელდებოდა. არჩევნების მიმდინარეობის ერთადერთი გარეგნული ნიშანი კვამლია, რომელიც დღეში ორჯერ ჩნდება კარდინალების ხმის ბარათების დაწვის შედეგად. შავი კვამლი ნიშნავს, რომ არჩევა ვერ მოხერხდა. თეთრი კვამლი კი ტრადიციულად მიანიშნებს, რომ ახალი პაპი უკვე არჩეულია.

მას შემდეგ, რაც თეთრი კვამლი ცაზე გამოჩნდება, ახალი პაპი, როგორც წესი, ერთ საათში წმინდა პეტრეს მოედანზე გადმოჰყურებს ადამიანებს. კონკლავში მონაწილე უფროსი კარდინალი წარადგენს გადაწყვეტილებას სიტყვებით: „Habemus Papam“ — რაც ლათინურად ნიშნავს „გვყავს პაპი“.შემდეგ ის დაასახელებს ახალ პაპს მის მიერ არჩეული სახელს, რომელიც შეიძლება ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს მის ნათლობულის სახელს. მაგალითად, პაპი ფრანცისკე დაიბადა როგორც ხორხე მარიო ბერგოლიო, მაგრამ მან აირჩია სხვა სახელი წმინდა ფრანცისკის პატივსაცემად.

თეორიულად, რომის კათოლიკე ეკლესიაში ნებისმიერი მონათლული კაცი შეიძლება გახდეს პაპი. თუმცა, პრაქტიკაში კარდინალები ჩვეულებრივ ირჩევენ თავიანთი რიგებიდან ერთ-ერთს.ცროდესაც არგენტინელი პაპი ფრანცისკე 2013 წლის კონკლავზე აირჩიეს, ის გახდა პირველი პაპი, რომელიც სამხრეთ ამერიკიდან იყო წარმოშობით. რეგიონიდან, სადაც მსოფლიოს კათოლიკეების დაახლოებით 28% ცხოვრობს. თუმცა, კარდინალები უფრო ხშირად ირჩევენ ევროპელ, განსაკუთრებით იტალიელ პაპებს. საგულისხმოა, დღემდე არჩეული 266 პაპიდან 217 იტალიელი იყო. როგორც ცნობილია, კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მომავალ მეთაურს, სავარაუდოდ, მაისში აირჩევენ.

სრულად წაკითხვა