,,თურმე, შესაძლებელია ხელოვნება მედიცინის ერთგვარ ნავსაყუდელადაც იქცეს “- ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი თამარ გოდერიძე.
ძალიან ბევრი დრო, ენერგია და მონდომება სჭირდება იმას, რომ სამედიცინო სფეროში პროფესიონალი იყო და პაციენტები თვალდახუჭული გენდობოდნენ. არც ის არის რთული წარმოსადგენი, თუ რამხელა ძალისხმევას საჭიროებს მედიცინის და ხელოვნების პარალელებში ცხოვრება და, ამავდროულად, ოთხი შვილის დედობა. ექიმ თამარ გოდერიძის ცხოვრება უამრავი საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილებებითაა სავსე. 2019 წლამდე საზოგადოება მას თამუნა ექიმის სახელით იცნობდა, თუმცა ძალიან მალე, ის, ხალხის საყვარელი ბესტსელერი წიგნის ავტორობითაც გახდა ცნობილი. „პალიტრა L“-ის კონკურსში, მისმა წიგნმა „ყვავილები სახლთან ახლოს“, გაიმარჯვა და ხალხის რჩეული გახდა. როგორც ქალბატონი თამარი გვიყვება, წერა ადრეულ ასაკში დაიწყო. ახლაც მუშაობს ახალ ნაწარმოებზე – მოთხრობების კრებულზე, რომელსაც „ადამიანების სინამდვილეები“ ერქმევა. თუმცა, როგორც თავად გვიმხელს, ამ ყველაფერს, ყოველდღიური დატვირთული დღისგან, მცირეხნიანი დროის მოპარვის ხარჯზე ახერხებს. აღნიშნავს, რომ მისთვის სტიმული სწორედ მისი საქმიანობის მრავალი წახნაგია, – კლინიკასა და უნივერსიტეტში, განათლების ხარისხის ცენტრსა (სადაც ის სამედიცინო განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტია) და საქართველოს უწყვეტი სამედიცინო განათლების ფედერაციის (GFDCME) პლატფორმაზე. ეს უკანასკნელი მისი შექმნილია. ერთი წლის წინ პროფესიონალ კოლეგებთან ერთად დააარსა და აპირებს, რომ განათლების უწყვეტობის ჯაჭვში ერთი რგოლი მისი გუნდის აქტივობითაც იყოს ჩაბმული. დატვირთული გრაფიკის ფონზე, ყველაზე დიდ სიამოვნებას ფორტეპიანოზე დაკვრისას იღებს და ვერ წარმოუდგენია, მუსიკის გარეშე მისი ცხოვრება როგორი შეიძლება ყოფილიყო. საინტერესოა, სამი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და შრომატევადი საქმიანობის მიუხედავად, როგორ ახერხებს რესპონდენტი ჰარმონიული ცხოვრების შენარჩუნებას.
საქართველოში ადამიანები ხშირად მაშინ გეგმავენ ექიმთან ვიზიტს, როცა რაიმე თვალსაჩინო მიზეზი აქვთ. შესაბამისად, სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან, სამწუხაროდ, ნაკლებადაა დანერგილი გეგმიური გადამოწმების კულტურა. რატომ არის მნიშვნელოვანი გადამოწმება, სკრინინგი, აცრები? როგორ უნდა დაინერგოს ეს კულტურა საქართველოში? ქალბატონი თამარი დეტალურად ხსნის ამას და საზოგადოებას აცნობს, რა მეთოდებითაა შესაძლებელი, ჯანმრთელობის ნებისმიერ პრობლემასთან უკვე მომზადებულად გამკლავება. ბევრ საინტერესო თემას ხშირად აჟღერებს როგორც სოციალურ სივრცეში, ასევე რადიო და ტელეჩართვებში.
თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში გაერთიანებულია მედიცინა, ლიტერატურა და მუსიკა. როგორ აბალანსებთ სამივე სფეროს ისე, რომ თითოეულ მათგანში მაქსიმუმი გააკეთოთ?
ჩემი ცხოვრების ძირითადი პროფესიული ნაწილი, ცხადია, მედიცინას ეძღვნება. იმისთვის, რომ ექიმის პროფესიონალიზმის ხარისხი მაღალი იყოს, მთელი ცხოვრება უნდა სწავლობდეს და ზოგჯერ თავადაც ასწავლიდეს, რადგან სწავლა-სწავლების პროცესი ერთმანეთის განუყოფელი ნაწილი მგონია და ის საკუთარი თავის ერთგვარი ვარჯიშიცაა, რათა მედიცინის სიახლეებს ფეხი ყოველდღიურ რეჟიმში აუწყო. ამიტომაც არის, რომ პრაქტიკოსი ექიმის გარდა, უკვე ათეულ წელზე მეტია, ბევრი სტუდენტის ლექტორი და მასწავლებელიც ვარ. ძალიან საპასუხისმგებლო მოვალეობები მაკისრია საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც, ასოცირებული პროფესორის რანგში, ვხელმძღვანელობ საოჯახო მედიცინის დეპარტამენტს და სარეზიდენტურო პროგრამას. ჩემი სტუდენტები კლინიკურ პრაქტიკას იმ კლინიკაში გადიან, სადაც მე პაციენტებთან კონსულტაციას ვატარებ, როგორც თერაპიული, ასევე ენდოკრინოლოგიური მიმართულებით.
რომ დავუბრუნდეთ თქვენს შეკითხვას, გიპასუხებთ, რომ მედიცინის მუშაკებში, ძალიან ხშირად შევხვდებით ადამიანებს, რომლებიც ხელოვნების სიყვარულს დიდი დოზით ავლენენ. ექიმები ხატავენ, ცეკვავენ, მღერიან და ა.შ. ამ სიტუაციაში მედიცინა და ხელოვნება ხანდახან ისე კანონზომიერად იკვეთება, თითქოს ხელოვნება ერთგვარ შესაძლებლობად, თავშესაფრადაც კი იქცა ექიმებისთვის, დახარჯული ძალების და ენერგიის აღსადგენად.
და მაინც, მიუხედავად შრომატევადი და დამღლელი ყოველდღიურობისა, ჩემთვის ყველა წოდებასა და რეგალიაზე მაღლა დგას, ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასი მომართვა მადლიერი პაციენტისგან – „ჩემო ექიმო“. ჩემი ოჯახის წევრების უმეტესობა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან. დედაც ექიმი-კარდიოლოგი გახლდათ და მისი დამსახურებაა, რომ ბავშვობიდან გამიჩნდა სურვილი და მისწრაფება, ეს პროფესია ამერჩია. თუმცა, იყო პერიოდი, როცა ვორჭოფობდი სწავლა სამედიცინო სფეროში გამეგრძელებინა, თუ მუსიკას გავყოლოდი. აქ დიდი როლი ჩემმა მუსიკის პედაგოგებმა – ქალბატონმა ლიანა ნიქაბაძემ და ირმა რუხაძემ ითამაშეს. მათი დიდი მხარდაჭერით მოხდა ისე, რომ ჩემი ფორტეპიანოსთან ურთიერთობა შვიდწლედით არ დასრულდა და სწავლა მუსიკალურ პედაგოგიურ ინსტიტუტში გავაგრძელე. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ საშუალო და უმაღლესი რგოლი იქაც წარჩინებით დავასრულე და, ჯამში, ფორტეპიანოს განხრით თოთხმეტი წელი ვისწავლე. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მართალია მუსიკის მასწავლებელი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, სიტუაციამ მოიტანა და ალბათ, ჩემშიც გაიღვიძა დიდმა სურვილმა, რომ მსმენელის წინაშე საფორტეპიანო რეპერტუარით წარვმდგარიყავი, დავგეგმე და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალურ დარბაზში შედგა საღამო – ჩემი წიგნის პრეზენტაცია, შოპენის ნაწარმოებების ფონზე. რამდენიმე თვის წინ, მე და გიგი პიანომენმაც ჩავწერეთ დუეტი – ასტორ პიაცოლას „ლიბერტანგო“ აკორდეონისა და ჩელოს აკომპანიმენტის თანხლებით. შესრულება სწრაფად აიტაცეს სოციალურ ქსელებში, ათეულობით ნახვა და გაზიარებაც ჰქონდა. დილის რამდენიმე გადაცემაშიც ვიყავით მე და გიგი პირდაპირ ეთერში მიწვეული.
რაც შეეხება წერას, ბავშვობიდან ვარ გატაცებული. 4 წლის ვყოფილვარ, როცა ახალ გაღვიძებულს სწრაფად მითქვამს გარითმული წინადადებები და ოჯახურ ჩანაწერებში დღემდე შემორჩენილია დედის გაკრული ხელით, სასწრაფო წესით, გადასაფარებელზე მიწერილი კუპლეტი: „ჩემი კარგი დედიკო ბუჩქის ძირას ზის, მზესუმზირას ჭამს, აწკაპუნებს პირს“.
გარკვეული პერიოდი ვწერდი, მაგრამ ოცი წლის ასაკში მოხდა ისე, რომ რიგი მიზეზების გამო, ყველა ჩემი ნაწერი გადავყარე. ერთადერთი მოთხრობა გადარჩა, შემთხვევით. წლების შემდეგ, „პალიტრა L“-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე, სწორედ ის გავაგზავნე. კონკურსის პირველი ეტაპი ამ ნაწარმოებით გადავლახე, მეორე ნაწილი კი უშუალოდ კონკურსის მეორე ეტაპისთვის დავწერე. ძალიან მოხარული ვარ, რომ შევძელი ფინალში გასვლა.
ნაწარმოებების წერას ცოტა დრო და ენერგია არ სჭირდება, ჩემთან კი ეს პროცესი განსაკუთრებულად ხანგრძლივდება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ძირითადი პროფესია უდიდეს დროს მოითხოვს, ასევე დიდ დროს მოითხოვს ჩემი ოჯახიც და შვილებთან ჩართულობაც, წერას ვაგრძელებ, ახლო მომავალში ვაპირებ მოთხრობათა კრებულის – „ადამიანების სინამდვილეების“ გამოცემას. წიგნში შესული მოთხრობები ქართველი ქალების შესახებ იქნება. ვნახოთ, რა და როგორ გამოვა. თუმცა, ის დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემთვის წიგნი და ფორტეპიანო, იმდენად ავსებენ ერთმანეთს, რომ ცალ-ცალკე ვერ წარმომიდგენია, ამიტომ შემდეგი წიგნის პრეზენტაციასაც, ალბათ, მუსიკალური საღამოს ფონზე დავგეგმავ.
რა საერთო „კომპოზიციას“ ხედავთ თქვენ სამ საქმიანობას შორის?
ჩემთვის ექიმობა ყველაზე ჰუმანური პროფესიაა, რომელიც ემპათიის გაცემას მნიშვნელოვანი და საჭირო დოზით მავალდებულებს. ყოველივე ეს, შეიძლება გარკვეულწილად სტრესიც იყოს ექიმისთვის, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, პროფესიული საქმიანობის მანძილზე, ხდება ადაპტირება და ისეთი უნარების გამომუშავება, რომლითაც ბალანსის დაცვას სწავლობ. ხელოვნება, პირადად მე, კიდევ უფრო მეტად მეხმარება ამ ბალანსის შენარჩუნებაში.
რამდენად გამოგადგათ თქვენი სამედიცინო გამოცდილება „ყვავილები სახლთან ახლოს“ წერისას?
ნაწარმოები ძალიან ადრე დავწერე, ოც წლამდე ასაკში, ამიტომ წერის მანერა ცოტა განსხვავებულია. ვიღაცამ შეიძლება ისიც თქვას, რომ დღეს ამ სტილით აღარ წერენ. საინტერესო ის არის, რომ ამ წიგნში პერსონაჟებს სახელები არ აქვთ. მაგალითად, ექიმს თეთრი ხალათი ჰქვია, წამალს მშველელი. ნაწარმოებში ბევრი განსხვავებული ისტორია შეგხვდებათ – სიმსივნით დაავადებული პაციენტის ცხოვრებისეული სირთულეები, რომელმაც დაამარცხა ეს დაავადება, დაკარგა და იპოვა სიყვარული, ურთიერთობები მშობლებისა და შვილების თაობებს შორის, აღწერილია ბერად აღკვეცილი ადამიანების ცხოვრებაც… ჩემთვის ძალიან ძვირფასია ეს წიგნი, რადგან, როგორც აღვნიშნე, მოზარდობის გვიანი პერიოდიდან მხოლოდ ეს ნაწარმოებიღა დამრჩა. წიგნში გაერთიანებულია ჩემი ცხოვრების მთავარი ინტერესები – მედიცინა და ხელოვნება. ჩემთვის ეს წიგნი თითქოს იმის დადასტურებაა, რომ ცხოვრებაში არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. თავად ის გარემოებაც, რომელიც ხანდახან ჩიხი გვგონია, გამოსავალია იმ კონკრეტული მოცემულობიდან, რომლითაც სამყარო ჩვენთვის უკეთეს მომავალს გულისხმობს.
თქვენი აზრით, რა მსგავსებაა მკითხველთან და პაციენტთან ურთიერთობას შორის?
ექიმი მკითხველის როლშია და ვალდებულია წაიკითხოს და ზუსტად ამოიცნოს პაციენტი, მაშინაც კი, როცა ამ უკანასკნელს საკუთარი თავის გამოვლენა/გადმოცემა არ შეუძლია. მკითხველთან მიმართებაში კი, თავად მკითხველზეა დამოკიდებული როგორ წაგიკითხავს, ანუ წაიკითხავს შენს ნაწარმოებს. ხშირად ისე ხდება, რომ ერთი კონკრეტული ნაწარმოები, სხვადასხვა მკითხველმა შეიძლება სხვადასხვანაირი სიმძაფრით და აქცენტებით აღიქვას და, ამ მხრივ, სრულიად თავისუფალია. როგორ დაგინახავს მწერალს, მკითხველის თავისუფალ აღქმაზეა დამოკიდებული და ვერ შეეწინააღმდეგები მისეულ შეფასებას. პაციენტის შემთხვევაში პირიქით არის, – ექიმი ვალდებული ხარ, რომ ის ინდივიდუალურად „წაიკითხო“ და რაც მას კონკრეტულად აწუხებს, სწორედ ის ამოიცნო, იმ ტკივილის მიზეზს მიაგნო. მხოლოდ ეს უნდა იყოს წამყვანი მიზანი პაციენტთან კომუნიკაციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოაჩენ, რომ ექიმობა „შენი“ არ არის.
რა გაძლევთ საქმის კეთების მოტივაციას?
ბავშვობაში ჩემი ყველაზე დიდი მოტივატორი დედა იყო. ახლა კი ჩემი ოჯახი მაძლევს სტიმულს და ადამიანები, რომლებიც დადებითი ენერგიით მავსებენ.
მოტივაციაში შეიძლება თავად წარმატება იგულისხმებოდეს და შემდეგ ამ წარმატების აუცილებელი განულება, რათა მორიგი ახალი წარმატებისთვის გამოვძებნო დრო და ენერგია. ყველა მნიშვნელოვან საკითხს სერიოზული ძალისხმევით ვეკიდები, მაგრამ მიღწეულ შედეგს აღვიქვამ ისე, რომ უკეთესადაც შეიძლებოდა გამეკეთებინა, ან უფრო მეტი გამეკეთებინა. შესაბამისად, მალევე გადავდივარ შემდეგ საფეხურზე და ასე გრძელდება უკვე დიდი ხანია… პრაქტიკულად მას შემდეგ, რაც საკუთარი თავი ზრდასრული ასაკის მახსოვს.
გადატვირთული გრაფიკის ფონზე, როგორ ახერხებთ შვილებთან დროის განაწილებას?
ჩემთვის ეს ცოტა მტკივნეული თემაა, მუდამ მაქვს უკმარისობის განცდა. ვთვლი, რომ ის დრო მაინც არ არის საკმარისი, რასაც ვუთმობ, მიუხედავად იმისა, რომ მუდამ ჩართული ვარ მათ ყოველდღიურ აქტივობებში და გულწრფელ საუბრებში. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ არა მხოლოდ ოჯახურ გარემოში, არამედ პროფესიულ საქმიანობაშიც, მათთვის მაგალითის მიმცემი და მისაბაძი უნდა ვიყო. ეს კი ჩემგან დიდ ადამიანურ ძალისხმევას მოითხოვს, მათ შორის დროის თვალსაზრისითაც.
დიდი სურვილი მაქვს კარგად ჰქონდეთ გააზრებული, რომ შრომა, მეცადინეობა, მონდომება და მიზანდასახულობა აუცილებლად მისცემთ სასურველ შედეგს. მინდა, რომ ამის ერთ-ერთი მაგალითი მათთვის თავად ვიყო. ვცდილობ მივცე ბიძგი, რომ გახდნენ ისინი, ვინც თავად უნდათ. ამ მხრივ, ჩემგან მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ და მომავალშიც ექნებათ.
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ არის დამკვიდრებული ე.წ. გადამოწმების (check-up) კულტურა. რატომ არის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი, რომ იარონ გეგმიურ შემოწმებაზე, მაშინაც, როცა არაფერი აწუხებთ?
ამ შემთხვევაში, ყველაზე სასურველი შუალედური მდგომარეობის დაცვაა, ამ პოზიციამდე მიღწევაზე ზრუნვა კი სკოლაში, მაღალ კლასებში, შესაბამისი განათლების დანერგვით უნდა დაიწყოს. საჭიროა, სწორი დამოკიდებულების შენარჩუნება ორ სხვადასხვა მიდგომას შორის – პირველი, საკუთარ ჯანმრთელობაზე არც გადამეტებული შფოთვაა კარგის მომტანი და არც მუდმივად იმის შთაგონება, რომ არასდროს აღმოვჩნდებით ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის წინაშე. არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, სქემები, რომლებიც გვაძლევს ინფორმაციას, სხვადასხვა ასაკში, ამა თუ იმ დაავადების სკრინინგისთვის, კონკრეტულად რა კვლევების გაკეთებაა საჭირო. ყველაფერთან ერთად საზოგადოების განათლება და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, ძალიან მნიშვნელოვანია და ექიმიც, კონსულტაციის პარალელურად, არ აქვს მნიშვნელობა მედიცინის რომელ დარგს ემსახურება, გარკვეულ დროს პაციენტის და თუ საჭიროა, მისი ოჯახის წევრების ცნობიერების ამაღლებაზე უნდა ხარჯავდეს.
რამდენად არის დაკავშირებული მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა ერთმანეთთან?
ზოგადად, ჯანმრთელობის განმარტება თავის თავში გულისხმობს ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის ერთობლიობას. როდესაც ამ სამი, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტიდან, არც ერთი არ მოიკოჭლებს, იდეალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც, მოგეხსენებათ, საკმაოდ იშვიათია.
სამედიცინო შემთხვევებიდან ცნობილია, რომ ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის, მეგობრების ჩართულობა ადამიანის ცხოვრებაში. დადებითი აქტივობების როლი უზარმაზარია. განათლებასაც, როგორც ყოველთვის, აქაც პრიორიტეტული ადგილი უჭირავს. რადგან, ერთი და იგივე პრობლემა, შეიძლება სხვადასხვა ინტელექტის მქონე ადამიანმა სხვადასხვანაირად აღიქვას. თუმცა ცალკეა ასევე ემოციური ინტელექტი, რომელიც არსობრივად განაპირობებს ამა თუ იმ სტრესის აღქმადობასა და მასთან დამოკიდებულების მიდგომის ინდივიდუალურ ხასიათს. არის შემთხვევა, როდესაც ადამიანს აქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა და ჰგონია, რომ ორგანული პათოლოგიები აწუხებს. ამ დროს მნიშვნელოვანია პროფესიონალების სწორი ჩართულობა, რადგან კონკრეტული პრობლემის ზუსტი გაანალიზებითა და სათანადო დახმარების აღმოჩენით, სრულიად შესაძლებელია, ასეთი ადამიანი სწრაფად დაუბრუნდეს გამოჯანმრთელებულ მდგომარეობას და ადაპტირდეს ყოველდღიურ გამოწვევებთან. ხდება პირიქითაც, როცა მძიმე ორგანული დაავადების მქონე ადამიანის შემთხვევაში, რომელსაც მანამდე არ ჰქონია მენტალური პრობლემა, ვითარდება ფსიქიკური ცვლილებები. ამ დროს აუცილებელი ხდება ოჯახის წევრების ჩარევა, ექიმების მხარდაჭერა და, ხშირად, არსებული პრობლემის შესამსუბუქებლად, შესაბამისი განათლების მიწოდებაც. პრაქტიკულად, ვერ მოიძებნება მენტალური დარღვევის მქონე ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით შეძლო აღნიშნული მდგომარეობიდან თავის დაღწევა. ყველა ადამიანს სჭირდება წამახალისებელი დადებითი სტიმული გარემოსგან, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებს, რადგან ჩვენ ხილულად, თუ უხილავად, გარკვეულ წონასწორობაში ვიმყოფებით გარე სამყაროსთან.
ტექსტი: ნუცა აგულაშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი