#OK! სანამ მოძრაობ, სანამ შეგიძლია, სულ წინ უნდა იარო

4 weeks ago 22

ირმა ხეცურიანის წარმატების გზა რთული და ბრძოლით სავსეა – 18 წლის იყო, როცა დიაგნოზმა მისი ცხოვრება შეცვალა – მერე იყო დეპრესია, დაცემა, წამოდგომა და ახალი ენერგიით გამარჯვების გზაზე შედგომა. ჯერ საკუთარ თავზე გაიმარჯვა, მერე ხელში ხმალი აიღო და ჩემპიონობიდან ჩემპიონობამდე ცხოვრობს. ახლა ოლიმპიადისთვის ემზადება და ჩვენც გამარჯვებას ველით – ასე მიგვაჩვია.

ყველა გამარჯვების შემდეგ საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ეს მხოლოდ სპორტული გამარჯვება არაა – შენ კიდევ ერთხელ საკუთარ თავზე გაიმარჯვე. ხშირ შემთხვევაში მენტალურად ყველაზე დიდი მეტოქე საკუთარი თავია. ყოველ ჯერზე უნდა გადალახო შიშები, ნერვიულობა, ფორიაქი და ქაოსი, რომელიც შეჯიბრის წინ გაქვს.

ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, როცა სპორტში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, რომ აქამდე მოვიდოდი. ამაზე ვერც ვიოცნებებდი. შრომისმოყვარე და ბრძოლისუნარიანი ვარ და სულ ვიცოდი, ხელს რასაც მოვკიდებდი, ბოლომდე მივიყვანდი და ხასიათის ეს შტრიხი დამეხმარა იმ პიროვნებად ჩამოყალიბებაში, როგორიც დღეს ვარ.

ისევ ის ირმა ვარ, რაც წარმატებამდე ვიყავი. ის ირმა ცოტა მშიშარა იყო, გარისკვა უჭირდა. მაშინაც გააზრებული მქონდა, რომ ეს საქმე მიყვარს და შედეგი უნდა მეჩვენებინა. ახლა უფრო გაბედული ვარ და შინაგანი დისციპლინა ძალიან მაღალ დონეზე მაქვს. თუ ამ ყველაფერთან თვითრწმენაც გაქვს და ამას ბოლომდე შეინარჩუნებ, წარმატება აუცილებლად მოვა. ახლა, ამ ეტაპზე უფრო ვცდილობ, ნაპოვნი ჩემი თავი არ დავკარგო.

მთავარია, რომ ყველას გვაქვს არჩევანი. არ უნდა გაჩერდე. ცხოვრება სავსეა მარცხით, დაცემით, მერე ისევ წამოდგომით. ოცნება არ ახდება მიზნების გარეშე, ამიტომ აუცილებლად უნდა ჩამოწერო მიზნები და გზები, რომელიც ოცნებასთან მიგიყვანს. ყველაზე მთავარია, არ შეუშინდე მარცხს, დაძლიო ფიზიკური და სულიერი ტკივილები, თვალებში ჩახედო ყველა დაბრკოლებას და გააგრძელო ბრძოლა. ყველა გამარჯვება იმედგაცრუებასა და მარცხზეა დაშენებული. მანამ, სანამ მოძრაობ, მანამ, სანამ შეგიძლია, სულ წინ უნდა იარო, შეცვალო საკუთარი ცხოვრება და უკეთესად გაიცნო შენი თავი.

ჩემ უკან ჩემი თემი დგას – თუ ერთ მათგანსაც ჩემმა შეუპოვარმა ბრძოლამ მაგალითი მისცა არ დანებდეს, ცხოვრება გააგრძელოს – ესაა ჩემი ყველაზე მთავარი გამარჯვება. თუ მე ეს შევძელი, ესე იგი ჩემი მისია შესრულებულია. თუ ერთი ადამიანის ცხოვრება მაინც შევცვალე, ესე იგი, გამომივიდა.

წინ პარაოლიმპიადაა. 2024 წლის სექტემბრისთვის ვემზადები და მე ყველა რესურს ჩავდებ, რომ გავიმარჯვო. ვიცი, რომ მთელი საქართველო გვიგულშემატკივრებს და ეს ცალკე პასუხისმგებლობაა. ღირსეულად უნდა წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს წინაშე, ეს ხალხი ამას იმსახურებს.

ტექსტი: ქეთი ლომსაძე

ფოტო: მაკა მეგრელიძე

სრულად წაკითხვა