#OK! სიკვდილზე გამარჯვების გზა

4 weeks ago 20

მისი ცხოვრება ორადაა გაყოფილი – შვილის გარდაცვალებამდე მილედი ჩხვიმიანი იყო – ფერადი, მხიარული და სიცოცხლით სავსე ლამაზი ქალი, ახლა თინათინია – შავებში შემოსილი, პირზე ღიმილით და თვალებში აუტანელი დარდით. შვილის თხოვნით სიცოცხლე სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მიუძღვნა, საკუთარი ტკივილი ძალად აქცია და სიკვდილთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. უკან დასახევი გზა აღარ აქვს, 700 ბავშვის დედა და იმედია.

თავიდან სირთულეს ვერ ვგრძნობდი, როცა მამა ანდრია ახალი გარდაცვლილი იყო – მისი მადლი მაძლიერებდა. როცა მეკითხებოდნენ, ეს როგორ შეგიძლიაო, ძალიან მიკვირდა. არანაირი ძალისხმევა არ მჭირდებოდა, იმდენად მშვიდად ვაკეთებდი ამ ყველაფერს. როდესაც მამა ანდრიას შემდეგ პირველი ბავშვი გარდაიცვალა, მაშინ გამიჭირდა. ჩემს თავს ვკითხე – მარიამ, ასე რატომ გეტკინა, თუ მამა ანდრია ცხონდა და იქ კარგად არის, განა მარიამი არ ცხონდა?! სად ტყუი და სად ხარ მართალი და საერთოდ რას გრძნობ?! მერე მივხვდი, რომ სხვებსაც სჭირდებათ ჩემი დახმარება. ერთმა შვილობილმა მითხრა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ხიდის თავში ჩვენ ვდგავართ, ბოლოში მამა ანდრია გველოდება და შენ ხიდი ხარო. რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად ვმძიმდები. მამა ანდრიასთან გავუშვი 157 ბავშვი, 157–ჯერ განვიცადე დამშვიდობების ტკივილი. როცა ეს მომენტი დგება, ისევე ვაყრი მიწას, როგორც ჩემს შვილს დავაყარე. ყველა ჯერზე გაუსაძლისად მტკივნეულია, მაგრამ ეგრევე ამოტივტივდება ამ ბავშვების გახარებული სახეები, ის ბედნიერი წუთები, რომელიც ადამიანების დახმარებით მათ მივანიჭე. ერთ-ერთი ბავშვის გასვენებაში აღმოვაჩინე, რომ ყველა ფოტო, რომელზეც მისი ბედნიერი წუთები იყო აღბეჭდილი, მამა ანდრიას ფონდთან იყო დაკავშირებული, მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ტკივილი ამად ღირს. ამიტომ ჩემს დარდს უკან ვწევ. ყველა ღიმილის და მხიარული წუთების შემდეგ ისევ სიცარიელე მეუფლება. მერე თენდება ახალი დღე და ისევ ვებმები ფერხულში. ღმერთი და მამა ანდრია მაძლევენ ამ ძალას, თორემ ამის კეთება მხოლოდ საკუთარი ძალებით რიგითი მოკვდავი ადამიანისთვის ძალიან ძნელია.

მამა ანდრიამ მთხოვა, ამ ბავშვებს უნდა მიხედოო, მეც პირობა მივეცი. მერე ეს გახდა სიკვდილთან ბრძოლა. მქონდა იმის რესურსი, რომ ამ ბავშვებზე გულწრფელად მეზრუნა, გულში ჩამეხუტებინა. ძალიან მეშინოდა მამა ანდრიას თანაკლასელებთან შეხვედრის – არ ვიცოდი, რა ემოციები დამეუფლებოდა. ისე გამიხარდა მათი ნახვა, რომ მივხვდი – სიკვდილზე გავიმარჯვე. ვცდილობ, ყოველი ჩემი დღე იყოს სასარგებლო. ჩვენ გავიმარჯვეთ – მე და მამა ანდრიამ.

ჩემზე უფრო მაგარი დედა დედამიწაზე არ არსებობს, ჩემნაირები არიან, მაგრამ ჩემზე მეტი არ არსებობს – მაქსიმალისტი დედა ვიყავი. სიცარიელემ შემაწუხა, რომ „დე“ არ მესმოდა. შეივსო ეს დანაკლისი – 700 ბავშვი მეძახდა დედას.

ძალიან რთული იყო ეს გზა. თავიდან ძალიან მინდოდა ხოლმე ტირილი, მაგრამ ბავშვები და მშობლები თვალებში მიყურებდნენ – ესე იგი ვიღაც კვდება. ტირილის შესაძლებლობაც არ მქონდა. 24-საათიანმა ზრუნვამ გადამატანინა. რთული იყო პირველი ნაბიჯები, როცა შემწეობა უნდა მეთხოვა. სვანი ვარ და ძალიან ამაყი ვარ. ჩემმა შვილმა თავმდაბლობაც მასწავლა. ახლა თქვენი საშუალებითაც მინდა ვუთხრა ადამიანებს, მე რომ თქვენთან შემწეობის სათხოვნელად მოვდივარ, ვერ წარმოიდგენთ, მე რას გავდივარ.

ეს 13 წელი ჩემთვის იყო ძალიან რთული. მიფიქრია – მორჩა, მეტი აღარ შემიძლია, მაგრამ იმდენად შორს შევედი, უკან დასახევი გზა აღარ მაქვს. მივყვები ნელა ამ გზას. მე რომ მხოლოდ ჩემს თავზე მეფიქრა, ჩემს ტკივილზე – ამდენ ხანს დედამიწაზე ვერ გავჩერდებოდი. ჩემი ყოველი გადადგმული ნაბიჯი და ფონდის გაკეთებული სიკეთე არის ბერი ანდრიას და ყველა ჩემი შვილის სულის საცხონებლად. გარდაცვალების შიში ჩემდა სამარცხვინოდ მაქვს – არის კი საკმარისი, რაც გავაკეთე, მოვხვდები ჩემს შვილთან?! ჩემი ცხოვრების აზრი ისაა, რომ იმათ დავეხმარო, ვისაც აქ ვჭირდები და დედას მეძახის.

ჩემი ტკივილისა და ტრაგედიის მიუხედავად, ძალიან ბევრ რამეში ვაჯობე ჩემს თავს. მოვახერხე, ზოგისთვის ვყოფილიყავი სტიმული, ზოგისთვის – სიკეთისა და სიხარულის მომტანი. აი, ამით ვაჯობე ჩემს თავს, რომ შევძელი ეს ტკივილი ძალად მექცია. როცა სხვა ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეგიძლია, ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს.

ძალიან სამარცხვინოდ მილედისთვის, მაგრამ თინათინისთვის ალბათ ეს ტრაგედია ამად ღირდა. ხომ ძალიან ცუდ რამეს ვამბობ ერთი შვილის დედა. ბევრი ბავშვი გადავარჩინეთ, ბევრს სიცოცხლე გავულამაზეთ. დედა რომ მეუბნება, შენ თუ გადარჩი, მეც გადავრჩები – მორჩა, მარტო ამად ღირდა ჩემი ტანჯვა. იმედი მაქვს, როცა მივალ ჩემს შვილთან, გამიღიმებს და შემაქებს.

ტექსტი: ქეთი ლომსაძე

ფოტო: მაკა მეგრელიძე

სრულად წაკითხვა