დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ ქართველ ბიუთი ბლოგერს, ქართულ ინტერნეტსივრცეში ყველაზე დიდი, ერთ-ერთი პირველი სილამაზის სოცპლატფორმის, Beauty Lab-ის ინფლუენსერს, გვანცა ჩანადირს.ულამაზეს გვანცას სასტუმრო „ქარვასლაში“ შევხვდით. მასთან ძალიან საინტერესო ინტერვიუში გვანცამ გულწრფელად ისაუბრა თავის დამოკიდებულებაზე თანამედროვე სილამაზის სტანდარტების შესახებ, გაგვაცნო თავისი ცხოვრების სტილი, კანის, სხეულისა და მენტალური მოვლის საკუთარი მიდგომები და რუტინები. გთავაზობთ გვანცასთან ინტერვიუს.
გვანცა, მოგვყევით, როგორია თქვენი ცხოვრების წესი?
მყავს სამი შვილი და ეს უკვე ნიშნავს, რომ აქტიური ცხოვრების წესით ვცხოვრობ. ვმუშაობ, ვვარჯიშობ კვირაში 5 დღე და საკმაოდ ბევრს ვმოგზაურობ. ვარჯიში ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია უკვე ერთი წელია. ვცდილობ, ბალანსი დავიცვა და ჩემი სილამაზის რიტუალებისა და საკუთარი თავისთვის დრო გამოვყო ჩემს გადატვირთულ რეჟიმში, სახლი, სამსახური და ოჯახი თანაბრად შევუთავსო ერთმანეთს. ხშირად უკვირთ, როგორ ვასწრებ ყველაფერს, მაგრამ როგორღაც ვახერხებ ამას ჩემი ოჯახის წევრების ხელშეწყობით. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ჩემი დრო პროდუქტიულად დავგეგმო.
სანამ უშუალოდ კანის მოვლაზე გადავალთ, ზოგადად როგორ უვლით და ზრუნავთ საკუთარ თავზე?
როგორც უკვე აღვნიშნე, ვვარჯიშობ, რაც მენტალურ ჯანმრთელობაზეც ძალიან კარგად აისახება. როცა სტრესული დღეები მაქვს, შეიძლება ითქვას, რომ ვარჯიშის დროს გადმოვყრი ჩემგან დემონებს და დარბაზიდან თავისუფალი გამოვდივარ. საკმაოდ ინტენსიურად ვვარჯიშობ. ერთი სული მაქვს, ვარჯიშიდან ვარჯიშამდე, როდის მივალ დარბაზში. ძალიან მოწესრიგებული ძილი მაქვს და დღის განმავლობაში ბევრ წყალს ვსვამ. კანის მოვლა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. ბავშვობიდან ბიუთი ენთუზიასტი ვიყავი. შემდეგ შევუერთდი ჯგუფ Beauty Lab-ს მოდერატორად და პირდაპირ აღმოვჩნდი თავის მოვლის სფეროს ეპიცენტრში. ჩემთვის ძალიან ორგანულია ის, რომ გულწრფელად გავაზიარო საკუთარი გამოცდილება. რა თქმა უნდა, მქონია შემოთავაზებები ბრენდებისგან, სხვადასხვა მომსახურებისა და პროდუქციის სანაცვლოდ საკუთარი აზრის გაზიარებაზე. ასეთ დროს ყველას წინასწარ ვაფრთხილებ, რომ ჩემი რევიუ იქნება აუცილებლად გულწრფელი. ძალიან ვუფრთხილდები საკუთარ დადებით რეპუტაციას.
თქვენი კანის მოვლის რუტინა გაგვაცანით.
ჩემი რუტინა თავდაყირა დააყენა ზეინ ობაჯის ფილოსოფიამ. ზეინ ობაჯი არის ამერიკელი ძალიან ცნობილი დერმატოლოგი და მისმა მიდგომებმა კანის მოვლის შესახებ სრულიად შეცვალა ჩემი წარმოდგენები. მე არ ვხმარობ დამატენიანებელს. ობაჯი მიიჩნევს, რომ კანს ბუნებრივად აქვს საკმარისი ტენი და განსაკუთრებული შინაგანი გამოშრობის, რაიმე მიზეზით გამოწვეული დეჰიდრატაციის შემთხვევების გარდა კანი არ საჭიროებს დამატენიანებელს. კანის მოვლა მარტივია, როცა იცი სწორი ეტაპები, საფეხურები და პროდუქცია. არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. დილა-საღამოს ვიბან კანს, შემდეგ ვიტონიზირებ და დამატენიანებლის ნაცვლად ვიყენებ პროდუქტს, რომელიც ანტიოქსიდანტია და კანის ბარიერული ფუნქციების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ვხმარობ მზისგან დამცავ საცხს. თუ გამომივლინდა გამონაყარი, სიწითლე, პიგმენტაცია, ვრთავ დამხმარე კომპონენტებს. 6 თვეში ერთხელ ინტრადერმულად ვიკეთებ ბუსტერს და ბოტულინო ტოქსინის ინიექციებს.
ახლა იწყება კანის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპონენტის, რეტინოლის სეზონი. თავად თუ ხმარობთ რეტინოლს და რა სიხშირით?
კი, რეტინოლს სულ ვხმარობ. მისი სარგებლიანობა ყველამ იცის. არ ვაღიარებ იმ ფაქტს, რომ რეტინოლის გამოყენება ზაფხულში უნდა შეიზღუდოს. მე ზაფხულშიც ვხმარობ. როცა ვიცი, რომ მეორე დღეს ზღვაზე ან აუზზე ვარ წასასვლელი და გარუჯვას ვაპირებ, წინა დღეს არ წავისვამ რეტინოლს. ან მისგან თავს შევიკავებ იმ გარკვეულ მოკლე პერიოდში, როცა რუჯს ვიღებ. სხვა დროს მუდმივად მოვიხმარ. ვიყენებ 0,5 %-იან რეტინოლს, მაგრამ ეს პროდუქტი ბაზარზე არსებულ ყველაზე მაღალ პროცენტულ რეტინოლზე მეტად აქტიური, აგრესიული და მოქმედია, კანში შეღწევის განსხვავებული სისტემა აქვს და უჯრედულ დონეზე მუშაობს. რეტინოლს ვიყენებ ყოველდღე, საღამოს რუტინაში. დილას აუცილებლად SPF საცხს ვისვამ კანზე. მინდა ხაზი გავუსვა ერთ ფაქტორს: გოგონებს ხანდახან ჰგონიათ, რომ რეტინოლმა ალერგია გამოიწვია, სინამდვილეში კი ეს მისი მოქმედების რეაქციაა. ალერგია და რეაქცია უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან. ჩვენ გვჭირდება, რომ მივიღოთ რეაქცია, რაც იმას მოასწავებს, რომ კანმა დაიწყო განახლების პროცესი. თუ არ მოგცათ რეაქცია, ის უნდა გამოვიწვიოთ, გაახშიროთ რეტინოლის მიღება ან გაზარდოთ მისი პროცენტულობა და არ შემოდოთ თაროზე.
გვანცა, ულამაზესი ვარცხნილობა გაქვთ. როგორ უვლით?
ისე გამოდის, რომ ჩემი ვარცხნილობა ჩემი პროექტია. მუდმივად ყურადღების ცენტრშია ჩემი ვარცხნილობები. არაფერს გასაკუთრებულს არ ვაკეთებ, კონდიციონერსაც კი არ ვიყენებ. მივაგენი ერთ პროდუქტს, რომელიც საოცარ ფიქსაციას აძლევს ვარცხნილობას. უამრავი სხვა პროდუქტი ვნახე, მოვსინჯე და ბოლოს მივაგენი საუკეთესოს. შეღებვით თავად ვიღებავ თმას სახლში, რადგან ძალიან მენანება სალონებში გატარებული დრო. მივაგენი მარტივ გზას, ჩემმა მეგობარმა ჩამომიტანა აზიიდან შამპუნი-საღებავი, რომელიც ზუსტად 10 წუთში მიღებავს თმას. ეს ნამდვილი ფუფუნებაა ჩემთვის, რადგან პედიკიურ-მანიკიურზე დახარჯული დროც კი ძალიან მენანება ხოლმე.
პროდუქტი, რომელიც სულ გიდევთ ჩანთაში.
ტუჩსაცხი. ბევრი ტუჩსაცხი მიდევს ყოველთვის ჩანთაში, შეიძლება ითქვას, რომ ადიქცია მაქვს პომადებზე.
BB კრემი თუ ტონალური?
ტონალური კატეგორიულად არა. BB-ს მაშინ ვისვამ, როცა სრულფასოვან მაკიაჟს ვიკეთებ, ყოველდღიურად შეფერილ მზისგან დამცავს ვხმარობ.
რა შედის თქვენს ყოველდღიურ მაკიაჟში?
მხოლოდ შეფერილი მზისგან დამცავი და ტუჩის ბალმი.
ვარჯიში თუ ფეხით სიარული?
ფეხით სიარული უფრო განტვირთვის და საკუთარ თავთან დარჩენის რიტუალია. ვარჯიშს სულ სხვა დატვირთვა აქვს. ერთი მეორეს არ ანაცვლებს.
თქვენთვის როგორია მიმზიდველი ქალი?
მიმზიდველია ქალი, რომელსაც აქვს საკუთარი თავის მიმღებლობა, უყვარს და პატივს სცემს საკუთარ თავს. ასეთ ქალზე ლამაზი არავინაა. ბოლო დროს ძალიან ბევრ კომპლიმენტს ვიღებ, რამაც დამაფიქრა და მივხვდი ამის მიზეზს. ადრე საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით ბევრი კომპლექსი მქონდა, ბოლო პერიოდში სრულად მივიღე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვარ, იმ ჩემი ნიუანსებით, რაც აქამდე არ მომწონდა და ახლა უკვე აღარაფერს ნიშნავს ჩემთვის. არაფერი მიქმნის საკუთარ თავში დისკომფორტს და ალბათ ამან გამოიწვია ის, რომ მეტად გავლამაზდი და გაფურჩქვნის პერიოდი მაქვს. საკუთარი თავის მიღება და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა გვალამაზებს ქალებს.
ღამე მაკიაჟით დაგიძინიათ?
კი, უნდა ვაღიარო. მაგრამ რომ გავიღვიძე, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს საკუთარ თავს ვუღალატე.
ტონერი თუ მიცელარული?
მიცელარულს არ ვაღიარებ და არ მიყვარს, ტონერი ჩემი რუტინის განუყოფელი ნაწილია.
ყველაზე ლამაზი ქალი ვინ არის თქვენთვის?
ქეით მოსი და სიენა მილერი. ეს ორი ქალი ძალიან მომწონს.
არასდროს წაისვამთ სახეზე…
გარგარის სკრაბს.
ინფლუენსერი, ვის აზრსაც პატივს სცემთ.
ასეთები არიან ქართველებიდან – მარიამ ივანიაძე და ნინია რაჯიბაშვილი. ორივეს პატივს ვცემ და ვენდობი მათ რევიუებს, მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. უცხოელებიდან არის ასეთი გოგო, ბრიტანი ხავიერ, რომელიც 6-7 წლის წინ აღმოვაჩინე და ძალიან მომწონს. ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა მარტოხელა დედა გახდა, ბლოგის კეთება დაიწყო და ასე მოხვდა დიდ იმპერიაში თავისი შრომით და მიზანდასახულობით. გულწრფელია, არასოდეს გახვეულა რაიმე სკანდალში, ლამაზი ოჯახი ჰყავს და ძალიან სასიამოვნო და პატივსაცემი გოგოა.
როგორ ფიქრობთ, რა არის თანამედროვე სილამაზის ინდუსტრიის დადებითი და უარყოფითი მხარეები?
დადებითია ის, რომ ძველი ტენდენცია, რაც ცვლიდა და ძალიან ზემოქმედებდა ჩვენს ვიზუალურ ინდივიდუალიზმზე, ჩაანაცვლა ისეთმა პროცედურებმა, რომელიც არარადიკალურია და მხოლოდ დეფექტების უმნიშვნელოდ გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. მომწონს ის, რომ სილამაზის ინდუსტრია ბევრ სამუშაო ადგილს ქმნის. უამრავი მიმართულება აქვს ამ სფეროს და ბევრი ადამიანია დასაქმებული სხვადასხვა პროფილით. უარყოფითია ის სტანდარტები, რომლის მსხვერპლიც დღეს ბევრია, განსაკუთრებით, მოწყვლადი ფსიქიკის ადამიანები, რომლებიც გადაჭარბებული და არასაჭირო პროცედურების ჩატარებით ცდილობენ სტანდარტებში მოქცევას. შედეგად კი ვიღებთ გადაბერილ სახეებს, ერთნაირ ნაკვთებს, დაკარგულ ავთენტურობას. ძალიან მნიშვნელოვანია, მივყვეთ ჩვენს ინდივიდუალიზმს და არა სხვების მიერ დადგენილ სტანდარტებს. არ მომწონს ის, რომ გოგონები ერთმანეთს დაემსგავსნენ. ინდივიდუალიზმის დაკარგვა ძალიან ნეგატიური ტენდენციაა. მნიშვნელოვანია, რომ გამოვაღწიოთ ამ სტანდარტებიდან. მე მქონდა უამრავი კომპლექსი, საკუთარი სხეულის მიუღებლობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბავშვები გავაჩინე და სრული ტრანსფორმაცია განიცადა ჩემმა სხეულმა, გავხდი სხვა ადამიანი, ვბრაზობდი, განვიცდიდი. შემდეგ ძალიან ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე, რომ ეს კომპლექსები დამეძლია და დღეს ვფიქრობ, რომ ეს შევძელი. რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ ამ სხეულის, რაც გააკეთა – მაჩუქა სამი არაჩვეულებრივი შვილი და ეს ყველაფერი, რაც არ მომწონდა, ამის საფასურია. ვარჯიშმა და ჯანსაღმა ცხოვრებამ ფორმები ძალიან გამიუმჯობესა და თავდაჯერებული გამხადა. როცა გრძნობ, რომ შენი დისციპლინით, შრომით, რუტინით პატარ-პატარა დეტალები გააუმჯობესე, ეს დიდ ძალას გაძლევს.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ალექსეი სეროვი