ჟურნალი OK! გაგაცნობთ დრამისა და პანტომიმის მსახიობს, კულტურის ინსტიტუტის კურსდამთავრებულს, სერტიფიცირებულ ქორეოგრაფსა და ინდური სამოსის დიზაინერს, ქრისტინე კაპანაძეს. ამ ეტაპზე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. არის ცეკვის საერთაშორისო საბჭოს წევრი (CID), პირველი ინდური ბრენდის დამფუძნებელი და, შესაბამისად, პირველი ინდური ხაზის დიზაინერი საქართველოში – Ganga Fashion House-ი. ამასთან, არის ინდური კულტურის ცენტრ „განგას“ სოლისტი და ქორეოგრაფი. როგორც თავად აღნიშნავს, ამდენი მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა მჭიდრო კავშირში არსებული პროფესია ეხმარება მისი ხედვების განვითარებასა და მათ რეალიზებაში, ასევე, კულტურული ურთიერთობების დამყარებაში. მისთვის ეს ყველაფერი ხელოვნების გზაა, რომელიც ადამიანებს აკავშირებს, აძლიერებს და ასწავლის სიყვარულს კულტურის მიმართ.
გზა, რომელიც დღემდე გაიარეთ.
ვფიქრობ, ჩემი გზა – ეს არის შთაგონების, რწმენის და დაუღალავი შრომის ამბავი. უშუალოდ პირველ ნაბიჯებზე რომ ვისაუბრო, ღრმა ბავშვობიდანვე თითქოს ინდური მუსიკისა და პლასტიკის მიმართ საოცარი გრძნობა და დამოკიდებულება გამიჩნდა. ფართო აუდიტორიამ სატელევიზიო პროექტებიდან გამიცნო, როგორიცაა „შენ შეგიძლია ცეკვა“ , „ნიჭიერი“, „გვაჩვენე შენი ხმა“. ინდურ სფეროში მოღვაწეობის განმავლობაში უამრავი ჯილდო, რეგალია და გამარჯვება მაქვს, გამოვარჩევ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან ტიტულს: 2017 წელს საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალზე – „Fiestalonia Georgia“ – ავიღე I ადგილი. 2018 წელს გავხდი „ბიზნეს ლედი“, 2019 წელს მივიღე „პერსონა 2019“-ის ტიტული. საერთაშორისო ფესტივალზე – „World rising stars 2019“ – გავხდი „Best dancer 2019“, საერთაშორისო კონკურს/ფესტივალზე – „Best princess &Prince of the world 2020“ – მომანიჭეს „Miss Europe 2020“-ის ტიტული, საერთაშორისო ფესტივალზე – „World rising stars 2021“ – დავიმსახურე „Best talent 2021“-ის ტიტული. პიონერფილმისგან მივიღე „ჩარლი ჩაპლინის“ დიპლომი, რომელიც არტისტულობისა და გრაციოზულობისთვის გადმომცეს. შემდეგ იყო ქორეოგრაფისა და რეპეტიტორის დიპლომი ქორეოგრაფთა კავშირისგან, ასევე, საერთაშორისო ხარისხის იუნესკოს სერტიფიკატი. სულ ახლახან, რამდენიმე თვის წინ, საერთაშორისო მოდის კვირეულზე წარვდექი ფართო აუდიტორიის წინაშე, სადაც „საუკეთესო დიზაინერის“ აღიარება მერგო.
თქვენ ხართ ინდური ბრენდის დიზაინერი. გვიამბეთ ამის შესახებ, საიდან გაგიჩნდათ იდეა?
მოდის სფეროში სულ რამდენიმე წელია შევაბიჯე. 2019 წლიდან დავიწყე ექსკიზების ხატვა და შემდეგ შექმნა, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შემოქმედება სცენიდან ტექსტილზე გადავიტანე და ჩამოვაყალიბე საკუთარი ბრენდი Ganga Fashion House-ი, რომელიც პირველი და ერთადერთია საქართველოში. ბრენდი ინდურ ესთეტიკას და კულტურულ ღირებულებებს აერთიანებს თანამედროვე მოდის ენით. ჩემი ინდური შემოქმედება მხოლოდ სცენაზე არ უნდა დარჩენილიყო, მინდოდა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შემოსულიყო, ამიტომ Ganga Fashion House-ი შევქმენი. დავიწყე ტრადიციული ინდური სამოსის ხელახალი ინტერპრეტაცია – ინდური ფორმები, ორნამენტები, ნატურალური ქსოვილები – მაგრამ უფრო დახვეწილი, თანამედროვე სტილით. ჩემი ბრენდის მთავარი იდეა არის კულტურების დაკავშირება ინდური სიღრმისეული ტრადიციებისა და ქართული ღირებულებების შერწყმით. Ganga Fashion House-ი არ ქმნის უბრალოდ ტანსაცმელს, არამედ ცეკვასთან, მუსიკასთან, მოძრაობასთან შერწყმულ კოსტიუმებს. თითოეული ნივთი მოძრავი ისტორიაა, რომელიც სცენაზეც და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ცოცხლდება. ჩვენთვის პრიორიტეტულია ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური მასალისგან შექმნილი სამოსი. ჩემთვის მნიშვნელოვანია დედამიწის პატივისცემა – ისევე, როგორც ადამიანის სულის.
თქვენ ხართ ინდური კულტურის ცენტრ „განგას“ სოლისტი და ქორეოგრაფი. გვიამბეთ ამის შესახებ.
დღესდღეობით ვხელმძღვანელობ კულტურის ცენტრს „განგა“. ორგანიზაცია მიზნად ისახავს ინდური კულტურის, ხელოვნებისა და ტრადიციების პოპულარიზაციასა და კულტურული ურთიერთობების დამყარებას საქართველოსა და ინდოეთს შორის. ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ინდური კლასიკური და ბოლივუდური ცეკვების სწავლებას, რაც ხელს უწყობს კულტურულ გაცვლასა და ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ინდოეთში ვიზიტის დროს ვხვდები ისეთ მსახიობებს, ბოლივუდის ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ჯიტენდრა, აუშმან ქჰურანა, დიპაკ პარაშარი, ასრანი და ა.შ. ამასთანავე, აღსანიშნავი ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ბოლივუდის ვარსკვლავი-ლეგენდა სტუმრობს საქართველოს, თუნდაც აუშმან ქჰურანა, ჯიმი – მითჰუნ ჩაკრაბორტი, ჰემა მალინი, ასევე რიში კაპური, რომელმაც გამომარჩია და ჩემს ნიჭსა და შემოქმედებას ფართო აუდიტორიის წინაშე გაუსვა ხაზი, შემდეგ კი მიმიწვია ინდოეთში… ინდოეთში ვიზიტის დროს ცნობილ ქორეოგრაფ დევეშ მირჩანდანთან გავიარე ქორეოგრაფიული მასტერკლასი, კურსი, სადაც შევეხეთ როგორც სადადგმო პროცესს, ასევე ტრადიციულ და თანამედროვე ელემენტებს. აქტიურად ვთანამშრომლობ ინდოეთის საელჩოსთან და ვმონაწილეობ ინდოეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და ფესტივალებში.
მოგვიყევით თქვენი თეატრალური განხრის შესახებ.
თეატრალური სივრცე ჩემი შინაგანი სამყაროს გამოვლინების ერთ-ერთი საშუალებაა. ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა და მიხარია, რომ დაუღალავი შრომითა და დიდი მონდომებით ეს შევძელი. მე თეატრში გამოხატვის სრულიად განსხვავებულ ენას დავეუფლე, რომელსაც პანტომიმა ჰქვია, ანუ სიტყვების გარეშე თამაშის ხელოვნება, რომელსაც ახასიათებს სხეულის პლასტიკა, გამომსახველობა და ემოციების გადმოცემა სიჩუმით. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული როლი ჩემი დადგმული მინისპექტაკლიდან არის – „ადამიანის გზა“. ეტიუდი „ადამიანის გზა“ არის პანტომიმური, ემოციურად დატვირთული მინისპექტაკლი. ეს ეტიუდი მოძრაობით გადმოსცემს იმ ყველაფერს, რაც სიტყვებით რთულად სათქმელია – დროის დინებას, ადამიანის შინაგან ბრძოლას, სიხარულს, ტკივილსა და საბოლოო მშვიდობას. ადამიანი მოდის სამყაროში სინათლით გადის რთულ გზას და ბოლოს პოულობს მშვიდობას – ყველაფერი ციკლურია, ყველაფერი ღირებულია. გამოხატულია ბავშვის გაოცება სამყაროს წინაშე, პირველადი სიხარულები – სისუფთავე, პიროვნულობა, ბუნებრიობა. შემდეგ ტემპი ძლიერდება, შემოდის სიხარული, ბრძოლა, სიყვარული, შიში, იმედგაცრუება, ყოველდღიურობა, სოციალური ზეწოლა, ტკივილები და შანსები. ასევე ვმონაწილეობდი სპექტაკლებში – „შალიკას შვილები“, „საქართველო“, „ტყე“, „დრო“, „მშვიდობა“, „ნატვრის ხე“ და სხვ. თეატრთან ერთად ტელეეკრანიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, აქტიური სტუმარი ვარ სხვადასხვა ტელევიზიაში, როგორც რესპონდენტი. ამასთან ერთად, ძალიან ხშირად ვარ სხვადასხვა შემოქმედებითი ღონისძიებების წამყვანი და მონაწილე, მაგალითად, თამარ სხირტლაძის, ჯემალ ღაღანიძის, ლეო ანთაძის საღამოების მონაწილე… ხშირად მაქვს ურთიერთობა ბავშვებთან, მიწვევენ ბავშვთა გასართობ ცენტრებში, სადაც სხვადასხვა სამსახიობო რეპერტუარების დამდგმელი ქორეოგრაფი, წამყვანი ან კონკრეტული თეატრალური ეტიუდის მონაწილე ვარ.
როგორც შევიტყვეთ, წელს გახდით „წლის საუკეთესო დიზაინერი“. გვიამბეთ ამის შესახებ.
სულ ახლახან საერთაშორისო მოდის კვირეულზე წარვადგინე ჩემი ახალი ლუქები. კოლექცია გამოირჩეოდა მდიდარი ფერებით, დეტალური ნაქარგებითა და ტრადიციული ინდური ელემენტების თანამედროვე ინტერპრეტაციით. სამოსი მოიცავდა სხვადასხვა სტილის სარებსა და კოსტიუმებს, რომლებიც ხაზს უსვამდა ინდური კულტურის სილამაზესა და მრავალფეროვნებას. თავადაც ვმონაწილეობდი ამ კოლექციის პრეზენტაციაში, როგორც მოდელი და ქორეოგრაფი, რამაც ვფიქრობ, კიდევ უფრო გააძლიერა შოუს ვიზუალური ეფექტი, დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მაყურებლის, ასევე მოდის კრიტიკოსების მხრიდან. მოდის კვირეულის კრიტიკოსებისგან მივიღე საუკეთესო შეფასება და საუკეთესო დიზაინერის წოდება. მიხარია რომ ჩემი შემოქმედება საქართველოს ფარგლებს გასცდა და დღესდღეობოთ ინდოელი ხალხისთვის ძალიან ცნობადი სახე ვარ.
რა არის თქვენი ცხოვრებისეული მოტივაცია? როგორია მიზნები და სამომავლო გეგმები?
ჩემი მოტივაცია არის სიყვარული. სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს. ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ უფრო და უფრო განვვითარდე ჩემს ყველა პროფესიულ ჭრილში. ჩემი მიზნებია: საქართველოსა და ინდოეთს შორის კულტურული ურთიერთობების გამყარება ჩემი სტუდიის მიერ ღონისძიებების, ფესტივალებისა და კულტურული ივენთების საშუალებით. ჩემი მორიგი მიზანია ინდური სამოსის ინდოეთში ჩვენება და თეატრის კუთხით – ქართულ თეატრში დასამახსოვრებელი როლებისა და სახეების შექმნა.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი