თანამედროვე სამყაროში ადამიანები საათობით ატარებენ დროს სოციალურ ქსელებში. ხშირად გვგონია, რომ უბრალოდ სიახლეების ნახვა ან მეგობრებთან შეტყობინების გაგზავნა გვიზიდავს, მაგრამ ფსიქოლოგების თქმით, მთავარი მიზეზი ტვინში მიმდინარე ქიმიური პროცესებია.
დოფამინი ტვინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნეირომედიატორია. მას სიამოვნების ჰორმონს უწოდებენ, თუმცა სინამდვილეში ის მოტივაციისა და მოლოდინის ქიმიური მედიატორია. როცა რაიმე ახალს ვხედავთ, პატარა „გაჯეტს“ ვყიდულობთ ან ვინმე ჩვენს მიმართ მოწონებას გამოხატავს, დოფამინის დონე იზრდება და ტვინი ამ ქცევას სიამოვნებასთან აკავშირებს.
სოციალური ქსელების ალგორითმი ისეა მოწყობილი, რომ მუდმივად გვაწვდის ახალ და ახალ სტიმულს. მოკლე ვიდეო, ახალი კომენტარი, მოულოდნელი შეტყობინება, ყოველი ასეთი პატარა სიგნალი ტვინში დოფამინის მორიგ ტალღას იწვევს. შედეგად იქმნება „დოფამინის მარყუჟი“: სტიმული, მცირე ჯილდო და შემდეგ სურვილი, კვლავ მივიღოთ იგივე შეგრძნება. სწორედ ამიტომ გვიჭირს ტელეფონის გვერდზე გადადება, მაშინაც კი, როცა დროის ფლანგვას ვაცნობიერებთ.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ხშირი სწრაფი სტიმულები ტვინს ასწავლის სიამოვნების მიღებას მხოლოდ მოკლე ვადით. ეს ამცირებს უნარს, ბედნიერება დიდი მიზნებით, გრძელვადიანი შრომით ან რეალური ურთიერთობებით ვიპოვოთ. გარდა ამისა, დოფამინის მუდმივი სტიმულაცია ხელს უშლის კონცენტრაციასა და სიღრმისეულ აზროვნებას.
დოფამინის დეტოქსი
- ყოველდღე რამდენიმე საათით სოციალური ქსელების გათიშვა;
- რეალური სტიმულების არჩევა, როგორიცაა სეირნობა, ფიზიკური აქტივობა ან ხელოვნება;
- ცნობიერება – საკუთარ თავს ვუსმენთ და ვეკითხებით, ნამდვილად გვჭირდება თუ არა სოციალურ ქსელში შესვლა, თუ უბრალოდ ტვინი დამატებით „დოზას“ ითხოვს?