#OK!- სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

2 hours ago 2

80 წლიანი ისტორიის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბალეტის ,,სუხიშვილების’’ ანსამბლი პირველად წარსდგება მაყურებლის წინაშე Carnegie Hall-ის Stern Auditorium / Perelman Stage-ზე, ნიუ იორკში.

კონცერტი ნიუ იორკში 17 იანვარს გაიმართება, რომელიც მოიცავს „სუხიშვილების“ სრული ფორმატის წარმოდგენას. შესრულდება ანსამბლის ყველაზე აღიარებული და პოპულარული ნომრებით დაკომპლექტებული პროგრამა- ენერგიული და ტექნიკურად რთული ქორეოგრაფია მამაკაცების შესრულებით, ქალთა დახვეწილი და ელეგანტური ცეკვები და ორიგინალი კომპოზიციები ცოცხალი ორკესტრის აკომპანიმენტით.

საღამოს 2,700-ზე მეტი სტუმარი დაესწრება მათ შორის – დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ხელოვნების ორგანიზაციები, პარტნიორები და ამერიკაში მცხოვრები ქართული საზოგადოების წევრები.

ქ. ნინო როგორ ემზადებით ამ კონცერტისთვის და რას ნიშნავს თქვენთვის და ანსამბლისთვის Carnegie Hall-ის Stern Auditorium / Perelman Stage-ზე პირველად გამოსვლას?

,,ნიუ იორკის კარნეგი ჰოლში გამოსვლა რა საკვირველია, თან პირველად, ჩვენთვის არის ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან ამაღელვებელი და ამავე დროს ძალიან სასიხარულო, რადგან ეს არის ისეთი დონის დარბაზი სადაც ანსამბლს ნამდვილად ეკადრება გამოსვლა.

კონცერტის პროგრამისთვის შეირჩა 80 წლის განმავლობაში ჩვენს ანსამბლში დადგმული საუკეთესო საცეკვაო კომპოზიციები, როგორც კლასიკური პროგრამიდან, ისევე ბოლო 25 წლის განმავლობაში დადგმული ახალი კომპოზიციები.

ყველა ქვეყანაში და ყველა დარბაზში განურჩევლად გაგვაქვს ჩვენი ქვეყნის ფაქტიურად განძი, ჩვენი საცეკვაო ხელოვნება რომელშიც ისახება ქვეყნის ისტორია, ტრადიციები და მაყურებელს ვუყვებით ჩვენი ქვეყნის შესახებ ყველასთვის გასაგებ ცეკვის ენაზე, რაც პოპულარობას უზრდის ჩვენს ქვეყანას ყველგან.

რადგან კარნეგი ჰოლის დარბაზის სტრუქტურა ტრადიციული თეატრებისგან განსხვავდება და სივრცე სხვაგვარად არის განლაგებული-არ აქვს ფარდა და ყველა ადგილიდან თანაბრად კარგად ჩანს სცენა, ბუნებრივია, რომ უნდა მოვერგოთ დარბაზის ამ სპეციფიკას, ეს ჩვენთვის არ წარმოადგენს სირთულეს, რადგან სხვადასხვა ტიპის დარბაზებში არაერთხელ გამოვსულვართ და ყოველი კონცერტის წინ ყოველთვის ვატარებთ რეპეტიციას, რათა გარემოს მაქსიმალურად მოვერგოთ. სწორედ ამიტომ, კარნეგი ჰოლში გამოსვლა ჩვენთვის კიდევ ერთი უნიკალური და მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება.

ჩემთვის პირადად, როგორც ანსამბლის ხელმძღვანელისთვის და გენერალური დირექტორისთვის, დიდი პასუხისმგებლობაა საერთოდ იმ მემკვიდრეობის და ტრიუმფალური ისტორიის ღირსეულად გაგრძელება, რომელიც გრძელდება 80 წელი და ასევე გაგრძელდება მსოფლიოს სხვა ცნობილ სცენებზე’’.

პროექტის სრულ ციკლზე პასუხისმგებელია Emolas Corporation, აშშ-ში დაფუძნებული პროგრამა სალომე ლილუაშვილის მიერ, რომელიც მუშაობს საერთაშორისო საშემსრულებლო ხელოვნების

ღონისძიებების ორგანიზებასა და პოპულარიზაციის მიმართულებით. Emolas Corporation ერთ-ერთი პრიორიტეტია სტრატეგიული პარტნიორობა კულტურულ ინსტიტუტებთან, მედიაორგანიზაციებთან და კორპორაციულ სპონსორებთან საიმისოდ, რომ ყოველი ღონისძიება ემსახურებოდეს არტისტულ ინტეგრაციას და შეესაბამებოდეს მაღალ ორგანიზაციულ სტანდარტებს.

ქ. სალომე როგორი იყო თქვენთვის ამ პროექტზე მუშაობა და როგორ ფიქრობთ, რა გზავნილს ატარებს ეს კონცერტი როგორც  ქართველი, ასევე უცხოელი მაყურებლისთვისაც?

,,მოლაპარაკებები, ბევრი საფეხური გავიარეთ და დაახლოებით 5-6 თვეა რაც ამ ყველაფრის დაანონსება დავიწყეთ. აქამდე ყველა ჩვენი კონცერტი იყო ქართულ აუდიტორიაზე გათვლილი, სუხიშვილები არის ქართული, მაგრამ საერთაშორისო მასშტაბის მოვლენა, რომელიც ყველას აინტერესებს.

კულტურული ხიდი არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური საყრდენი ქვეყნებს შორის ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, ჩვენი კომპანიის Emolas Corporation- ის მთავარი ფუნქცია სწორედ ეს არის, რომ კულტურის გავლით კიდევ უფრო განამტკიცოს ეს მნიშვნელოვანი ხიდები. სუხიშვილები ჩვენი ქვეყნის მთავარი კულტურული სიმდიდრეა და ისინი 80 წელია ახერხებენ პლანეტარული მასშტაბით იყვნენ კულტურული ელჩები საქართველოსა და დანარჩენ სამყაროს შორის’’.

საქართველოს პირველი პროფესიონალური სახელმწიფო ანსამბლი – საქართველოს ეროვნული ბალეტი “სუხიშვილები”, რომელიც 1945 წელს ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა დააფუძნეს, უკვე რვა ათწლეულია მუდმივად ინარჩუნებს და ავითარებს ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ტრადიციებს და შემდეგ წარმოაჩენს მსოფლიოს წამყვან საკონცერტო და თეატრალურ სცენებზე, როგორებიცაა Royal Albert Hall, Metropolitan Opera, Madison Square Garden და ბოლოს Teatro alla Scala, სადაც, აღსანიშნავია, რომ სწორედ “სუხიშვილები” გახდა პირველი ფოლკლორული ანსამბლი, რომელსაც დიდებული თეატრის სცენაზე გამოსვლის პატივი ერგო. როგორც ანსამბლის დამფუძნებლების მესამე თაობის ხელმძღვანებლები ნინო სუხიშვილი და ილიკო სუხიშვილი დღემდე წარმატებით წარმოადგენენ საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე თავიანთი გამორჩეული ტექნიკით, ორკესტრის ცოცხალი შესრულებითა და ტრადიციული კოსტიუმების განსაკუთრებული სტილით. 80 წლიანი ისტორიის განმავლობაში “სუხიშვილებმა’’ განახორციელეს 500-ზე მეტი საერთაშორისო ტურნე, მოიარეს ხუთივე კონტინენტი და 90-ზე მეტი ქვეყანა, გამართეს 10,000-ზე მეტი კონცერტი, რომელსაც საერთო ჯამში 50 მილიონზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა. ,,სუხიშვილების’’ ანსამბლი არის და ყოველთვის იქნება კულტურული ელჩი, რომელიც ქართული ტრადიციების სილამაზეს მსოფლიოს მასშტაბით აცნობენ.

ამ უნიკალურ და უმნიშვნელოვანეს კონცერტამდე დაგეგმილია ექსკლუზიური ღონისძიება, ღვინის საღამო კონცერტის წინა დღეს, 16 იანვარს როკფელერის ცენტრში, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურული იდენტობის  ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო- ქართული ღვინო და ბორჯომი. ღონისძიების პროგრამა მოიცავს მისასალმებელ სიტყვას, მცირე კულტურულ პრეზენტაციებსა და შეხვედრას სუხიშვილების შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლებთან, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს, ახლოს გაეცნონ ანსამბლის მემკვიდრეობასა და ხელოვნებას და მეტი გაიგონ საღამოზე, რომელიც კარნეგი ჰოლში გაიმართება.

პროექტის ოფიციალური პარტნიორები არიან: UM Georgia, საქართველოს ბანკი, მეტროპოლი, ასკანელი, ბორჯომი, e-consul.

ტექსტი: მარიამ შულაია

სრულად წაკითხვა