სხეულის დისმორფიული აშლილობა (Body Dysmorphic Disorder – BDD) არის ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანს საკუთარი ვიზუალი გამუდმებით აწუხებს, უმეტეს შემთხვევაში მის მიერ სარკეში დანახული ,,ნაკლი” საერთოდ არ არსებობს, ან იმდენად უმნიშვნელოა, რომ სხვებისთვის შეუმჩნეველი რჩება, თუმცა BDD-ით დაავადებული ადამიანი მას დამახინჯებულად აღიქვამს.
აღნიშნული მდგომარეობა ზიანს აყენებს ცხოვრების ხარისხსს – სწავლას, მუშაობასა და სოციალურ ურთიერთობებს. BDD მიეკუთვნება DSM-5-TR-ის კლასიფიკაციით „ობსესიურ-კომპულსიურ და მასთან დაკავშირებულ აშლილობებს“. ის გარკვეულწილად ჰგავს OCD-ს, რადგან ორივე შემთხვევაში არსებობს ობსესიები — დამღლელი, აკვიატებული აზრები და განმეორებითი ქცევები. თუმცა განსხვავებით OCD-ისგან, BDD-ით დაავადებული ადამიანები მეტად არიან დარწმუნებული, რომ მათი პრობლემა რეალურია. ამას ემატება დეპრესიის მაღალი რისკი.
ბოლო კვლევების მიხედვით, BDD-ის მქონე ადამიანები დღეში საშუალოდ 3–8 საათს უთმობენ ფიქრს საკუთარ „ნაკლზე“. ეს ქცევები შეიძლება იყოს სარკეში ხშირი ყურება ან პირიქით, მისი თავიდან არიდება, სხვებთან შედარება, კოსმეტიკური პროცედურების ძიება, ზედმეტი გრიმის გამოყენება, გარეგნობის გამუდმებული შემოწმება ან სოციალური სიტუაციების თავიდან არიდება. DSM-5-TR-ის კრიტერიუმებით, დიაგნოზი დგინდება მაშინ, როცა არსებობს ერთი ან მეტი შეუმჩნეველი ნაკლის გამო დაჟინებული ფიქრი, ამ ფიქრებს მოჰყვება განმეორებითი ქცევები და შედეგად, ფუნქციონირების სერიოზული დარღვევა.
მდგომარეობა განსაკუთრებით ხშირია იმ ადამიანებში, ვინც მიმართავს დერმატოლოგიურ ან კოსმეტიკურ ჩარევებს: დერმატოლოგიურ პაციენტებში შემთხვევათა 9 – 11%, კოსმეტიკური ქირურგიის პაციენტებში – 13–15%, რინოპლასტიკის პაციენტებში კი 20%-ია. დაავადების საშუალო ასაკი არის 16 – 17 წელი, თუმცა ყველაზე ხშირად 12–13 წლის ასაკში იწყება და შემთხვევების ორი მესამედი 18 წლამდე ვლინდება.
მკურნალობის პროცესის დროს ყველაზე ეფექტურია კოგნიტურ-ქცევითი თერაპია (CBT), რომელიც მოიცავს ფსიქო განათლებას, დამახინჯებული აზრების შეცვლას, სარკესთან მუშაობის სპეციფიკურ ტექნიკებს და ქცევითი ექსპერიმენტებს. დამატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას Acceptance and Commitment Therapy (ACT), თუმცა აღნიშნული ჯერ კიდევ კვლევის საგანია.
სხეულის დისმორფიული აშლილობა სერიოზული ფსიქიკური პრობლემაა, რომელსაც სათანადო ყურადღება არ ექცევა. ეს არ არის უბრალოდ „ვნება სილამაზეზე“ ან „ზედმეტი ყურადღება გარეგნობაზე“. ეს არის აღქმის დარღვევა, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად ზღუდავს.