#OK! ფსიქოლოგიური მოგზაურობა მირანდა კალატოზთან ერთად

2 weeks ago 4

OK! გაგაცნობთ ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს, სერტიფიცირებულ ტრენერს, ონკოფსიქოლოგს, საქართველოს ფსიქოონკოლოგიის საზოგადოების დასავლეთ საქართველოს კოორდინატორს მირანდა კალატოზს. როგორც თავად ამბობს იმდენად ადრეული ასაკიდან გაუჩნდა ამ პროფესიის მიმართ ინტერესი, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ სტერეოტიპული დამოკიდებულება იყო ამ სფეროს მიმართ, შესაბამისად ბევრი წინაღობა დახვდა წინ. საკმაოდ ვრცელი გზა გაიარა, თუმცა ამაყია, რომ ბოლომდე იბრძოლა, არ შეუშინდა დაბრკოლებებს და დღეს უკვე სრულ ფსიქოლოგიურ მომსახურებებს სთავაზობს მის პაციენტებს.

მირანდა, გაეცანით ჩვენს მკითხველს და გვიამბეთ თქვენი პროფესიული საქმიანობის შესახებ.  პირველად როდის დაინტერესდით ფსიქოლოგიით?

17 წელია პრაქტიკოს ფსიქოლოგად ვმუშაობ, როგორც ბავშვებთან, ასევე ზრდასრულებთან სხვადასხვა პრობლემური მიმართულებით. იმდენად ადრეული ასაკიდან გამიჩნდა ინტერესი ფსიქოლოგიის მიმართ ხშირად ვამბობ ხოლმე „მე და ჩემი პროფესია ერთად დავიბადეთ“.  მახსოვს არც კი ყოფილა შემთხვევა, რომ სხვა პროფესიის არჩევაზე მეფიქრა. მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ, როცა ეს არჩევანი  გავაკეთე, საზოგადოებაში ჯერ კიდევ სტერეოტიპული დამოკიდებულება იყო ამ პროფესიის მიმართ, არ იყო „ცნობილი და მოთხოვნადი“, ამას ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია. თითქოს თავიდანვე ვგრძნობდი ჩემს პროფესიასთან განსაკუთრებულ კავშირს და სიყვარულს.

ვთვლი,  რომ ჩემი პროფესია  საშუალებას მაძლევს დავეხმარო ადამიანებს გააკეთონ ის რისი გაკეთებაც თვითონ სურთ, მაგრამ მიაჩნიათ რომ ამის უნარი არ/აღარ გააჩნიათ, ვცდილობ დავანახო ის ძალა, შესაძლებლობები რაც მათში ცხოვრობს,  ვასწავლო მისი სწორად გამოყენება და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი.

რა სერვისებს სთავაზობს ფსიქოლოგიური სერვისების კაბინეტი მომხმარებლებს?

ფსიქოლოგიური სერვისების კაბინეტი გთავაზობთ:  ინდივიდუალურ და ჯგუფურ თერაპიას, თუმცა ძირითადად მოთხოვნადი არის ინდივიდუალური სესიები.

ბავშვთა და მოზარდთა კონსულტაცია/თერაპიას,   მშობელთა კონსულტაციებს, რაც მათ საშუალებას აძლევთ განავითარონ  პოზიტიური მშობლობის უნარები და რიგ შემთხვევებში დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ შვილებთან დაკავშირებულ სხვადსხვა პრობლემურ საკითხებს.

ონკოპაციენტების და სხვა დაავადებების დროს არსებული ფსიქოლოგიური პრობლემების კონსულტირებას,   ფსიქოსომატური დაავადებების ფსიქოთერაპია და წყვილების ფსიქოკონსულტაცია.

ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ემიგრანტებისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ სესიები, რაც მათ საშუალებას აძლევს დისტანციურად,  ენის ბარიერის გარეშე მიიღონ კვალიფიციური ფსიქოლოგის მომსახურეობა.

ყველაზე ხშირად რა სახის პრობლემებით მოგმართავენ პაციენტები?

მომართვიანობის უმეტესობას წარმოადგენს: ფსიქოსომატური ჩივილები, დეპრესია, შფოთვითი მდგომარეობები, ონკოპაციენტები, პოსტსტრესული სიმპტომები  და სხვა.

ბავშვებში ძირითადად: გართულებული ასაკობრივი კრიზისები,  ქცევითი დარღვევები, ასევე გახშირდა დეპრესიული და შფოთვითი მდგომარებებიც.

რამდენად რთულია ფსიქოლოგისთვის უამრავი ადამიანის პრობლემებისა თუ ცხოვრებისეული გამოწვევების მოსმენა და მათთვის დახმარების გაწევა?

ისევე როგორც სხვა პროფესიები, ფსიქოლოგის პროფესიაც ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, ამავე დროს ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა. იყო ფსიქოლოგი ნიშნავს მუდმივად მუშაობდე საკუთარ თავზე, თვითგანვითარებაზე.  ამ კითხვით ხშირად მოუმართავთ, თუმცა ჩემთვის მთლიანი თერაპიის პროცესი, თითოეული კლიენტი/პაციენტი ინდივიდუალური, უნიკალური ფსიქოლოგიური “მოგზაურობაა” და როცა ერთად ვაღწევთ კონკრეტულ თერაპიულ მიზნებს, მათ გამარჯვებულ და კმაყოფილ სახეებს ვხედავ, ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაცია და  ენერგიის წყაროა.

რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

ჩვენ ქვეყანაში, ძირითადად სანამ ძალიან არ გართულდება ადამიანის მდგომარეობა, მანამდე არ ხდება ფსიქოლოგთან მიმართვა. ასეთ შემთხვევაში შედეგები ხშირად ძალიან მძიმეა და  პრობლემისგან გათავისუფლებაში გაცილებით დიდი დრო გვჭირდება. ჩვენი სხეული და ფსიქიკა ყოველთვის ცდილობს მიგვანიშნოს თუ რა გვჭირდება, მნიშვნელოვანია ეს არ დავაიგნოროთ და დროულად მივმართოდ  სპეციალისტს.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ფსიქოლოგთან ვიზიტისთვის არაა აუცილებელი რაიმე განსაკუთრებული პრობლემა ან სიმპტომები გქონდეთ. ფსიქოლოგთან სესიები  დაგეხმარებათ იგრძნოთ თავი მშვიდად და იფიქროთ პოზიტიურად, მიიღოთ ფსიქოგანათლება თქვენთვის საინტერესო თემაზე და რა თქმა უნდ,ა ეს საუკეთესო საშუალებაა, როგორც ფსიქიკური ასევე ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის და პრევენციისთვის.

არ უნდა  დაგვავიწყდეს,  რომ როგორც  ყოველდღიურად ვზრუნავთ ფიზიკურ ჰიგიენაზე,  ასევე უნდა ვიზრუნოთ “ფსიქიკურ ჰიგიენაზეც”.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? 

ყველაზე მთავარი გეგმა ისევ მაღალი ხარისხის მომსახურეობის შენარჩუნება და კიდევ უფრო დახვეწაა. ამასთანავე იმდენად დიდი მოთხოვნა და მომართვიანობაა სხვადასხვა ფსიქოლოგიური სერვისების მიმართ, მიმდინარე წლიდან ვფიქრობ,   ჩემი კაბინეტის  გაფართოებას და სპეციალისტების დამატებას. რათა მომხმარებელმა შეძლოს,  ერთ სივრცეში მიიღოს ყველა საჭირო მომსახურეობა.

სრულად წაკითხვა