3 სექტემბერს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ფუნიკულიორზე „გლორია“, რომელიც ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ტრაგედია მოხდა. ვაგონის ლიანდაგებიდან გადასვლის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა, 23 ადამიანი კი დაშავდა. CNN Portugal -ის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ხუთი მძიმე მდგომარეობაშია. ქალაქში გამოცხადებულია სამდღიანი გლოვა.
დაშავებულთა შორის ერთ-ერთი სამი წლის ბავშვია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. დაღუპულთა ცხედრები ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ცნობილია, რომ მათ შორის უცხოელებიც არიან.
ტრაგედიის ერთ-ერთმა მოწმემ ტელეკომპანია SIC-ს უამბო, რომ ფუნიკულიორის ვაგონი, რომელიც დამრეც ქუჩაზე საშინელი სისწრაფით მიქროდა, შენობას შეეჯახა და მთლიანად დაიშალა.
მომხდარის გამო ლისაბონის მუნიციპალურმა საბჭომ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, რომელიც 4 სექტემბრიდან დაიწყება. „ჩვენს ქალაქს ასეთი ტრაგედია არასოდეს გამოუცდია,“ – განაცხადა ქალაქის მერმა კარლუშ მუნიაშმა.
რა გახდა ავარიის მიზეზი?
ზოგიერთი ვერსიის თანახმად, ავარიის მიზეზი შეიძლება მთავარი ბაგირის გაწყვეტა ან შესუსტებაა. ლისაბონის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორმა კომპანიამ Carris–მა განაცხადა, რომ ვაგონი ტექნიკურ მომსახურებას დროულად, არსებული პროტოკოლების შესაბამისად გადიოდა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია და ის სამართალდამცველ ორგანოებთან ერთად წარიმართება.
ფუნიკულიორი „გლორია“, რომელიც 1885 წელს გაიხსნა, ლისაბონის ცენტრალურ რაიონს – ბაიშას ფერდობზე მდებარე რაიონთან, ბაირუ-ალტუსთან აკავშირებს. „გლორია“ ლისაბონის სავიზიტო ბარათია, რომლის გამოსახულებითაც სუვენირები მზადდება. პორტუგალიის ეროვნული ძეგლების ვებ-გვერდის ცნობით, მას ყოველ ოთხ წელიწადში კაპიტალური რემონტი უტარდება.