მსოფლიოში ცნობილმა გამომცემლობამ Forbes Books-მა ქართველი მენეჯერის თამარ გახარიას ავტობიოგრაფია წიგნის სახით გამოსცა – “The Blitz: საქართველოს შვილის აღმასვლა ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე პოსტსაბჭოთა ეპოქაში”. წიგნმა ამაზონზე N1 New Release სტატუსი მიიღო და რეკორდულ დროში შერჩეულ კატეგორიებში ბესტსელერი გახდა.
თამარ გახარია მსოფლიოს მასშტაბით რვა პროფესიონალს შორის მოხვდა, რომლებიც Forbes Book-მა გამოცემისთვის შეარჩია. თამარის ისტორია აღწერს სოციალური ცვლილებებითა და პირადი გამოწვევებით აღსავსე რთულ გზას, რომელმაც ის პროფესიულ წინსვლამდე, მსხვილ ბიზნესში წარმატებამდე და საკუთარი თავის შეცნობამდე მიიყვანა.
ეს არის ამბავი სიძლიერის და გამბედაობის შესახებ, რომელიც ყველა ქალის შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს. ,,The Blitz’’-ში თამარი გვიზიარებს საკუთარ პირად და პროფესიულ გამოცდილებას, დაწყებული რთული ბავშვობიდან, რომელიც განვლო პოსტსაბჭოთა საქართველოს არასტაბილურ პირობებში, გაგრძელებული მძიმე გამოწვევებით ზრდასრულ ასაკში და დასრულებული მისი ამჟამინდელი პოზიციით. თამარი შეულამაზებლად გვიჩვენებს, რომ გზა თვითრეალიზებამდე და წარმატებამდე სავსეა შეცდომებით და წარუმატებლობებით, თუმცა მთელი სიდიადე და ნიჭი იმაშია, რომ ეს დაბრკოლებები შესაძლებლობად აქციო. ეს არ არის მხოლოდ ერთი ქალის ამბავი, თამარი არის ქართველი ქალის კრებითი სახე, რომელიც გამოირჩევა საოცარი სიმტკიცით, გამბედაობით და ბრძოლის უნარით.
„Forbes Books-ის მიერ ჩემი წიგნის გამოცემა წარმოუდგენლად დიდი პატივია“, ჩემი ისტორიის გაზიარებით მსურს შთავაგონო და გავაძლიერო სხვა ქალები და ლიდერები მთელს მსოფლიოში, რადგან დარწმუნდნენ, რომ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო „სიბიეს ჯგუფის“ არაჩვეულებრივ გუნდს, მათი უზარმაზარი მხარდაჭერისთვის, როგორც ჩემი პროფესიული ზრდის თვალსაზრისით, ისე მოცემული წიგნის შექმნის პერიოდში. საკუთარი შეუპოვრობისა და მიზანდასახულობის გარდა, თითოეული ჩვენგანის წარმატებაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ გვიდგას გვერდში”.– თამარ გახარია
ფინანსური დირექტორის რანგში თამარ გახარია ერთ–ერთ მთავარ როლს ასრულებს „სიბიეს ჯგუფის“ წარმატებაში, პოზიციაზე რომელიც 25 წლისამ დაიკავა. საქართველოს ეკონომიკაში დიდი წვლილის შემტანი – უმსხვილესი ჰოლდინგი აქტივებითა და თანამშრომლების რაოდენობით, “სიბიეს ჯგუფი” აერთიანებს ისეთ საკვანძო სექტორებს, როგორებიცაა ენერგეტიკა, კომუნიკაციები, ტრანსპორტი, უძრავი ქონება, ახალი ტექნოლოგიები და სტარტაპები.
„The Blitz“ ხელმისაწვდომია ონლაინ მთელს მსოფლიოში – Amazon, Barnes & Noble, BAM!, BBookshop, Hudson Booksellers, Pochlight და წიგნის მაღაზიებში აშშ- ში, ხოლო საქართველოში ფიზიკურად წიგნის შეძენა რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი.