#OK! ქართული გენია, როკვით განფენილი – „ფრიდონ სულაბერიძის ცეკვის აკადემიის“ შესახებ

1 month ago 12

ქართული OK! წარმოგიდგენთ გამოჩენილი მოცეკვავის, ქორეოგრაფისა და სახალხო არტისტის, ფრიდონ სულაბერიძის სახელობის „ცეკვის აკადემიას“, რომელსაც დიდი ქორეოგრაფის ვაჟი, ასევე ცნობილი მოცეკვავე, ფრიდონ სულაბერიძე ხელმძღვანელობს. დიდი ფრიდონ სულაბერიძის უბადლო შესრულებაზე არაერთხელ დაწერილა, მას გასმების ჯადოქარსაც უწოდებენ. მამის ჩრდილქვეშ ყოფნის მიუხედავად, უმცროსმა ფრიდონმა მოახერხა თავისი ადგილის დამკვიდრება და წარმატებული საცეკვაო კარიერის შექმნა. ერთი წლის წინ კი ცეკვის აკადემია დააარსა, რომლის შესახებ უფრო ვრცლად თავად გვესაუბრება.

ცეკვის აკადემიის შექმნის იდეა თქვენ გეკუთვნით თუ მამათქვენს?

ყოველთვის მინდოდა, მამას თავისი სახელობის ცეკვის აკადემია ჰქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს საკუთარი დარბაზი, ეს არის საუკუნის პროექტი და მჯერა, ეტაპობრივად მივალთ იმ მიზნამდე, რომელიც დავისახეთ. ცეკვის აკადემია 2023 წელს ნუცუბიძის მე-III პლატოზე, რამაზ ჩხიკვაძის 18 ნომერში გავხსენით, რასაც მოჰყვა ძალიან დიდი გამოხმაურება, დღემდე არ ჩერდება ინტერესი და მოსწავლეების მიღება. მახსოვს, როდესაც ფრიდონი პირველად გვესტუმრა ღია გაკვეთილზე, იქ დამსწრე საზოგადოება გაკვირვებული უყურებდა, ვერც კი წარმოედგინათ, რომ ცოცხალ ლეგენდას რეალურად დაინახავდნენ.

რა თქმა უნდა, მახარებს, რომ მომავალი თაობა ძალიან დაინტერესებულია ქართული ცეკვით. მე პირადად ბავშვთა ქორეოგრაფიაში თითქმის 15 წელია ვარ, ხოლო 20 წელი მისრულდება, რაც ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი ვარ. აკადემიის შექმნის იდეაც მე მეკუთვნის, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი გვარ-სახელი უშუალოდ არის ბრენდი და ამაზე უკეთეს სახელს რას მოვუფიქრებდი ჩვენს აკადემიას.

სულ ახლახან ,,ფრიდონ სულაბერიძის სახელობის ცეკვის აკადემიის“ კიდევ ერთი ფილიალი გახსენით…

დიახ, 1-ელ ოქტომბერს დიდი ზეიმი გვქონდა ვარკეთილის ფილიალში, ნაზი შამანაურის ქუჩაზე გავხსენით ფრიდონის სახელობის აკადემია მე 4 მ/რ, 416-ე კორპუსთან. Facebook-ზე ხშირად გვწერდნენ – გაქვთ თუ არა ვარკეთილში ფილიალი და ჩვენც, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, შევძელით ვარკეთილში ფილიალის გახსნა. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ფილიალს, თავდაცვის სამინისტროსთან გავაფორმეთ მემორანდუმი. ვარკეთილში არის ჯარისკაცების დასახლება და მათი შვილებისთვის ქართული ცეკვის შესწავლა ნახევარ ფასად იქნება. მოხარული ვართ, რომ გახსნას ესწრებოდნენ: სოზარ სუბარი, ვარლამ ლიპარტელიანი, რეზო ჭანიშვილი, თვით დიდი ფრიდონ სულაბერიძე, ბესო ჩუბინიძე და ჩვენი გუნდის წევრები. ორივე ფილიალში გვაქვს დიდი ბაზა, ამავდროულად, დღემდე ვასწავლი ცაბაძის 1-ელ ნომერში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, 31-ე საჯარო სკოლაში და ბენდუქიძის „თავისუფალ სკოლაში“, დიდ დიღომში. ახლა უკვე ყველას „ფრიდონ სულაბერიძის ცეკვის სტუდია“ დაერქვა.

რა ასაკიდან ხდება მიღება თქვენს აკადემიაში?

ბავშვების მიღება იწყება 6-დან 15 წლამდე, მის ზემოთ კი გაკვეთილებს სამოყვარულო ჯგუფებს ვთავაზობთ და ვცდილობთ ხალხს სიხარული მივანიჭოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აკადემია ჯერ სულ რაღაც ერთი წლისაა, უკვე ვგეგმავთ საკონცერტო პროგრამის ჩამოყალიბებას, მზადებას საგასტროლოდ სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე, გვსურს კურსდამთავრებულთათვის სიმბოლური დიპლომები გავცეთ.

ჩვენი ქორეოგრაფთა გუნდი დასაქმებულია სხვადასხვა ფილიალში. ისინი საწყის ეტაპზე ერთსა და იმავე პროგრამას გადიან, შემდგომ ვამზადებთ საკონცერტო ჯგუფში მოსახვედრად. ამჟამად მყავს 6 ქორეოგრაფი. მოხარული ვარ მათი თავდაუზოგავი შრომით. ჩემი მეუღლეც მოცეკვავეა, ქორეოფრაფიული აქვს დამთავრებული თეატრალურ უნივერსიტეტში, ჩვენს აკადემიაში ასწავლის გოგონების ჯგუფს და ქართულ ცეკვას ემსახურება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია განათლების ხარისხი. ამდენი ფილიალის შემხედვარე, კითხვა გაგიჩნდებათ, როგორ ვასწრებ ყველაფერს ერთად. ვცდილობ დრო სწორად გადავანაწილო და საათების მიხედვით ყველგან ვიყო. რთული საქმეა, თუმცა ეს ხომ ჩემი პროფესიაა და ამით ვცოცხლობ.

ბანალური კითხვაა, თუმცა, რას ნიშნავს ცეკვა თქვენთვის?

ჩემთვის ცეკვა ყველაფერია, ამით ვარსებობ და ვცოცხლობ. დღეს უკვე როგორც ცეკვითა და ქორეოგრაფიით, ასევე პედაგოგიური მოღვაწეობითაც შემოვიფარგლები. ეს ყველაზე რთული საქმეა. თეატრალურ უნივერსიტეტში ხარისხი მაქვს დაცული, დავამთავრე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოცეკვავის, პედაგოგ-ქორეოგრაფიის მიმართულებით ბაკალავრი და ასევე, მაგისტრატურა ქორეოგრაფიის განხრით, რისიც ბატონი უჩას მადლობელი ვარ. ამ ყველაფრის მიღწევაში დამეხმარნენ მამაჩემი და ჩემი პირველი პედაგოგი, დათუნიკა სხირტლაძე. როდესაც მას პირველად შემახვედრა მამაჩემმა, 15 წლის ვიყავი, მანამდე ცეკვის სურვილი არ მქონია, მაგრამ როგორც კი ეს საქმე დავიწყე და შევუდექი ჩემს სახელოვნებო მოღვაწეობას, ვეღარ მოვწყდი, იმდენად შემაყვარა ცეკვა. მუდამ მემახსოვრება ის ადამიანები, ვინც ბოლომდე ჩემ გვერდით იდგნენ. მადლობა უჩა დვალიშვილს, პროფესორს, ასევე, რეზო ჭანიშვილს, რომელთანაც ტკბილი მოგონებები მაკავშირებს, ის არაჩვეულებრივი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალია.

რა განსაკუთრებული თვისებები უნდა ჰქონდეს მოცეკვავეს?

უპირველესად, სმენა, რიტმის გრძნობა და მოქნილობა. შემდეგ უკვე მნიშვნელოვანია შრომისმოყვარეობა, უნდა უყვარდეს ცეკვა, გული და სული ჩააქსოვოს ამ ყველაფერში. თუ ბოლომდე არ დაიხარჯე, შედეგს ვერასდროს მიიღებ.

რა რჩევებს მისცემდით მომავალ თაობას?

მომავალ თაობას ვურჩევდი, რომ ჯანსაღი ცხოვრების გზით ევლოთ, იცეკვონ, ივარჯიშონ, იყვნენ ფიზიკურად დატვირთულები და არ დაიზარონ, რომ შრომა ჩადონ იმ საქმეში, რაც უყვართ. გახსოვდეთ, ოცნება ბოლოს კვდება, იოცნებეთ იმაზე, რაც გულით გინდათ, არაფერი არ გამორჩება ღმერთს ჩვენი სურვილების ასრულებისთვის.

და ქართული ცეკვა მუდამ იარსებებს, როგორც დიდი გრიგოლ რობაქიძე იტყოდა – „ქართული გენია, როკვით განფენილი“.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა