#OK! ჩემი პატარა ამბავი

2 weeks ago 22

ამ ამბავს ბოლოდან მოგიყვებით, იმიტომ რომ დასაწყისს იმდენი სახე ჰქონდა, არ ვიცოდი საიდან დამეწყო. საბოლოოდ კი ერთი რამ არის მთავარი: დღეს მე ის ადამიანი ვარ, ვინც დროულმა სახელმწიფო ჩეკაპმა გადაარჩინა. სიმსივნე ძალიან საწყის სტადიაზე აღმომიჩინეს და დროულმა მკურნალობამ მთლიანად გამომაჯანმრთელა. ახლა მინდა ეს გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო და ვაჩვენო, როგორ შეიძლება უბრალო, რუტინულმა შემოწმებამ სიცოცხლე გადაარჩინოს.

მე ვარ ის ბედნიერი ადამიანი, ვინც ჩეკაპის დახმარებით სიმსივნეს საწყის სტადიაზე მიაგნო და განიკურნა.

საბედნიეროდ, მე მომეცა მეორე შანსი. ამიტომ ყველას გეუბნებით: ნუ დაიზარებთ, დროულად ჩაიტარეთ შემოწმებები. შეიძლება ამ ერთმა ნაბიჯმა თქვენი სიცოცხლე გადაარჩინოს.

ორი წლის წინ ჩემთვის ძალიან მძიმე დრო იყო. ყოველდღე ვფიქრობდი, რომ მალე დამთავრდეს ცხოვრება-თქო. ამ ფონზე, გასახალისებლად, ვარცხნილობა შევიცვალე და თმა თითქმის გადავიპარსე. ძალიან მომწონდა, მაგრამ ყველა, ვინც მნახულობდა, მეკითხებოდა – სიმსივნე გაქვს?

ვისაც ენერგიის ძალის სჯერა, მეტყვის, რომ ეს მე გამოვიწვიე, ვისაც არ სჯერა, მეტყვის, რომ სისულელეებს თავი დავანებო, მაგრამ მე მგონია, ღმერთს იმდენად ვუყვარვარ, რომ ჭკუა მასწავლა.

რომ არა ქეთი მანჯგალაძე და ნინო ჩოგოვაძე, ეს ორი ექიმი და მათი პროფესიონალიზმი, მე დღეს ასე ხალისით ვერ გიამბობდით ჩემს ამბავს. ქეთის საოცარმა ინტუიციამ და პროფესიონალიზმმა დაავადება ჩანასახშივე აღმოაჩინა, იმდენად ადრე, რომ ყველა ექიმი მილოცავდა. ნინო ჩოგოვაძის მიერ უნაკლოდ ჩატარებულმა ოპერაციამ კი ის შედეგი დადო, რომ ერთი თვის თავზე, სპორტულ დარბაზში, სხვებთან ერთად „აკვა აერობიკას“ აქტიურად ვვარჯიშობდი.

საბედნიეროდ, ჩემი ოპერაცია „თოდუას კლინიკაში“ ჩატარდა – პროფესიონალებითა და მოსიყვარულე ხალხით სავსე გარემოში.

ახლა მზის ყველა სხივი და წყლის ყველა წვეთი სხვანაირია. ღმერთმა მადლიერება მასწავლა. არაფერი ღირს იმ ხანმოკლე მოგზაურობის გასაფუჭებლად, რასაც წუთისოფელი ჰქვია.

დღეს უკვე ვხვდები – დანაშაულია, რომ არ აფასებდე იმ ყოველდღიურ ბედნიერებებს, რაც ჩვეულებრივ ამბად იქცა. ხანდახან ყოველდღიური ფერები ისე ბუნებრივად გეჩვენება, რომ ვეღარ ამჩნევ; მხოლოდ მაშინ, როცა საფრთხეს წააწყდები, ხვდები, რა ძვირფასია თითოეული ჩვეულებრივი დღე.

სწორედ ამიტომ მინდა ეს სიტყვები ყველამ გაიგოს: ძალიან ხშირად ადამიანები ექიმთან არ მიდიან, არა იმიტომ რომ ვერ ახერხებენ, არამედ იმიტომ რომ ეშინიათ – „რამე არ აღმომაჩნდესო“. თითქოს თუ არ გავიგეთ, არ არსებობს. ეს ყველაზე სახიფათო ილუზიაა.

მე თვითონ ვიცი, როგორი რთულია ამ შიშის გადალახვა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ დროული შემოწმება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე გვიან აღმოჩენილი დაავადება. სიცოცხლისთვის უფრო საშიში თავის მოტყუებაა, ვიდრე პასუხის გაგება.

არ შეგეშინდეთ ექიმთან წასვლის. ჯანმრთელობაზე ზრუნვა და შემოწმება სისუსტე კი არა არის – სიყვარულის გამოხატვაა საკუთარი თავისა და ახლობლების მიმართ. თუ დროულად მივხედავთ ჩვენს სხეულს, მეტი ძალა ექნება, რომ რთულ გზებზე გაგვატაროს.

მე ვიცი, რომ ერთმა უბრალო, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა ჩეკაპმა შესაძლოა გადაგარჩინოს.

მადლობა სამყაროს ამ გაკვეთილისთვის;

მადლობა იმისთვის, რომ საოცარ ექიმებს შემახვედრა – მათ ჩემს მფარველ ანგელოზებს ვუწოდებ.

მადლობა ყველა გათენებული დღისთვის და ყველა პატარა ბედნიერებისთვის.

სრულად წაკითხვა