#OK! ციფრული ფსიქოლოგია ნინო გოზალიშვილის ცხოვრებაში

1 month ago 34

დღევანდელი ჩვენი გმირი ნინო გოზალიშვილია. როგორც თავად აღნიშნა, ჩვენთან საუბრისას მუდამ საკუთარი თავის შემეცნებით არის დაკავებული, სწორედ ამ პროცესის დროს აღმოაჩინა საქართველოს მოსახლეობისთვის არცთუ ისე ცნობილი მეცნიერება, ციფრული ფსიქოლოგია, რაც აგებულია ადამიანის ცნობიერის შესწავლასა და მის თანდაყოლილ უნარებზე, რომლებიც გაძლევს შენი სუსტი და ძლიერი მხარეების დანახვისა და ამაზე მუშაობის შესაძლებლობას. როგორ აღმოაჩინა და რა შეცვალა მის ცხოვრებაში ციფრულმა ფსიქოლოგიამ, თავად გვიამბობს.

ნინო, უპირველესად, გაგვეცანით.

მე ვარ ნინო გოზალიშვილი, ციფრული ფსიქოლოგი და 5 შვილის დედა. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ასევე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებათა მართვის განხრით. ამასთან ერთად, ვარ კომპანია BLACK SEA TRAIDING-ის დამფუძნებელი.

ეს არის საინვესტიციო მრავალფუნქციური კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ინვესტიციების მოზიდვაზე საერთაშორისო საფონდო ბირჟებიდან და ფინანსური ინსტიტუტებიდან. კომპანიის მიზანია, შეიმუშაოს პირდაპირი და უცხოური ინვესტიციების კლასიფიკაცია, მოახდინოს მათი დივერსიფიკაცია და ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

როდის დაინტერესდით პირველად ციფრული ფსიქოლოგიით?

ადამიანების იმ კატეგორიას ვეკუთვნი, ვინც მუდმივად საკუთარი თავის შემეცნებით არის დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით შესწავლილი მაქვს ასტროლოგია, ნუმეროლოგია თუ სხვა, არაფერი აღმოჩნდა ისეთი ზუსტი, კონკრეტული და პრაქტიკული, როგორიც ციფრული ფსიქოლოგიაა.

სულ რაღაც 10 წელია, რაც ციფრული ფსიქოლოგია ჩამოყალიბდა და უკვე 181 ქვეყანაში მეცნიერებად არის დადასტურებული. მეც აქტიურად ვარ ჩართული ამ ყველაფრის შესწავლაში და საქართველოში დანერგვით.

ამისთვის მადლიერი ვარ ჩვენი მასწავლებლის, ჟანატ კაჟამაჟაროვის, რომელმაც მოახერხა, ადამიანებისთვის ეს ცოდნა პიროვნების ზრდისა და ბიზნესის განვითარების ენაზე გადმოეცა და გაეზიარებინა.

ამ მეცნიერებასთან დაკავშირებით თქვენი პირადი გამოცდილება გაგვიზიარეთ.

პირველად თავად გავიარე კონსულტაცია, რამაც რამდენიმე ძალიან საინტერესო ფაქტზე გამამახვილებინა ყურადღება და პასუხი გამცა იმ უამრავ კითხვაზე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში არსებობდა. ყველაფერი, რაც ადამიანს ამოძრავებს, იმდენად ცხადი და ნათელი გახდა, ჩემი ცხოვრების ყველა მოქმედება ძალიან ლოგიკურად და თანმიმდევრულად დავინახე.

ამან ძალიან მომხიბლა და საოცარი ინტერესი მომცა, ეს საკითხი პროფესიონალურად შემესწავლა. ციფრული ფსიქოლოგიის ინსტიტუტი დუბაიშია და მეც სასწრაფოდ იქით გავეშურე.

პირველი ეტაპი საბაზისოა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ იყო სიღრმისეული ცოდნისა და პრაქტიკაში გამოყენებისთვის, ამიტომ მალევე სტამბულში ჩავედი კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

ვიაზრებდი, რომ ამ ცოდნის დახამარებით ძალიან ბევრ ადამიანს გავუზიარებდი შესაძლებლობას, გაემარტივებინათ ცხოვრება. ამიტომ ყველა სიტყვას და ყველა ფრაზას განსაკუთრებულად ვაქცევდი ყურადღებას. ზოგადად, ეს ისეთი სფეროა, შენს სიტყვას უდიდესი პასუხისმგებლობით რომ უნდა მოეკიდო, რადგან შენთან მოსულ ადამიანებს შესაძლოა შენმა არასწორად მიწოდებულმა ინფორმაციამ, ნათქვამმა, შეცდომამ, ძალიან დიდი საფიქრალი, ტრავმა მიაყენოს, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება.

როდის და სად დაეუფლეთ ამ პროფესიას პროფესიონალურად და რამდენად ცნობილია ციფრული ფსიქოლოგია საქართველოში?

ციფრული ფსიქოლოგია ცნობილია აღმოსავლურ ქვეყნებში, სწავლება რუსულ ენაზეა. თან, როგორც გითხარით, ინსტიტუტის დამაარსებელი და, ზოგადად, ამ ინფორმაციის შემქმნელი ჟანატ კაჟამაჟაროვი ყაზახია.

ზოგადად, ციფრული ფსიქოლოგია აგებულია ადამიანის ცნობიერის შესწავლაზე, ადამიანის თანდაყოლილ უნარებზე, რომლებიც გაძლევს შენი სუსტი და ძლიერი მხარეების დანახვისა და ამაზე მუშაობის შესაძლებლობას. რასაც რელურად პიროვნების რეალიზაციამდე და ბიზნესის განვითარებამდე მივყავართ. ყველაზე ღირებულია ის ფაქტი, რომ ადამიანების რეალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სხვებისთვის სარგებლობას, დახმარებასა და შესაძლებობების გაჩენას, რასაც საბოლოოდ ადამიანები წარმატებამდე მიჰყავს.

ამ ყველაფრის გამოყენება და გაზიარება მასტერკლასების საშუალებებით ხდება, რომლებზეც მოთხოვნა აქტიურადაა სხვადასხვა კომპანიიდან. ხალხისთვის ეს თემა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, თუმცა მასტერკლასი ზოგად ინფორმაციას მოიცავს. დეტალური ინფორმაციისთვის აუცილებელია პირად კონსულტაციაზე ჩაწერა, სადაც ყველაფერს დეტალურად გავდივართ. მნიშვნელობა აქვს მშობლის დაბადების თარიღსაც და გასათვალისწინებელია, რა გარემოებებშია ადამიანი გაზრდილი, შემდეგ კი უკვე პრაქტიკული მაგალითებით და კონკრეტული ფორმულებით ვუხსნი ადამიანებს, რა მოქმედებების განხორციელებაა საჭირო საკუთარ თავთან ჰარმონიულად ყოფნისა და, რაც მთავარია, შედეგების გასაუმჯობესებლად.

აქტიურად ვმუშაობ პირად კონსულტაციებზე და ჩართული ვარ კომპანიებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში, რომლებიც ზრუნავენ კადრების მენტალურ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ციფრული ფსიქოლოგიის არსებობას ამ კუთხით უდიდესი როლი და შედეგი აქვს.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა